საქართველოს სკოლებში ინოვაციური სწავლების მეთოდები და ციფრული რესურსები ინერგება

სამწლიანი პროგრამა ესტონეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს

01 მარტი 2019
Estonian Model
UNICEF/GEO-2018/Jibuti

1 მარტი, 2019. საგარეჯო, საქართველო. საქართველოს 15 სკოლაში ბავშვები ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებით სწავლობენ, რაც გაეროს ბავშვთა ფონდს და ესტონეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შედეგია. ესტონეთის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კაი კაარელსონი და იუნისეფის წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, საგარეჯოს #4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, შეხვდნენ ბავშვებსა და მასწავლებლებს და დაესწრნენ სამოდელო გაკვეთილებს, რომლის დროსაც გამოყენებული იყო პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული ინოვაციური მეთოდები და ციფრული რესურსები.

სამწლიანი პროგრამა ესტონეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყანაში მასწავლებელთა კვალიფიკაციური სამუშაო ძალის მომზადება ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების მაღალ აკადემიურ მოსწრებას.  

 

Ghassan Khalil

 

ზოგადი განათლების საფეხურისთვის, პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საგანმანათლებლო ინოვაციების შესახებ მეთოდოლოგიური რესურს-პაკეტი მასწავლებელთათვის, რომელიც სამაგალითო გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული „ახალი სკოლის მოდელისთვის“.

მასწავლებელთა მეთოდოლოგიური რესურს-პაკეტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • მასწავლებელთა გზამკვლევი და ტრენინგ მოდულები დაწყებითი კლასების რვა საგანში. მოდულებში მოცემულია ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებისთვის საჭირო პედაგოგიური მიდგომები, რომლებიც ასევე თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
  • მასწავლებელთა ინსტრუქცია და საწვრთნელი მოდული, რომელიც მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის ნაწილია.
  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიღწევების შეფასება დაწყებით კლასებში.
  • ელექტრონული სწავლების ციფრული პროგრამა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, როგორც დამხმარე მასალა სასწავლო პროგრამისათვის. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს პორტალზე 2019 წლის გაზაფხულიდან. პროგრამა შექმნილია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ემსახურება ბავშვებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა წერა-კითხვა, ტექნოლოგიური უნარები, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

მასწავლებელთა მეთოდოლოგიური რესურს-პაკეტი უკვე წარმატებით დაინერგა 15 პარტნიორ სკოლაში თბილისში, ზესტაფონში, რუსთავსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.  

Ghassan Khalil in School

 

250 მასწავლებელი 15 პარტნიორი სკოლიდან მონაწილეობდა პროფესიული განვითარების ინტენსიურ ტრენინგებში, რის შემდეგაც ქართველი და ესტონელი ტრენერების ზედამხედველობით შეძენილი ცოდნა თავისსავე საკლასო პრაქტიკაში დანერგეს. სკოლის 50 დირექტორისგან და მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფები ასევე იყვნენ ესტონეთში სასწავლო ვიზიტით ესტონელი კოლეგების გამოცდილების გასაზიარებლად და ესტონურ სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ეს ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიები და რესურსები დაინერგება „50 ახალი სამოდელო სკოლის“ ფარგლებში. მთავრობა გეგმავს 2020 წლისთვის ამ მოდელის გავრცელებას ყველა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით.

 

Video file

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: https://www.unicef.org/Georgia

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი