ადრეული ნაბიჯები ინტეგრაციისთვის: ბილინგვური განათლება საბავშვო ბაღებში
იუნისეფი და ესტონეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის მქონე ბავშვების ენობრივი უნარების და სოციალური ჩართულობის განვითარებას

- English
- ქართული
ახალქალაქი, საქართველო - 20-მდე ზრდასრული, უმეტესად ახალგაზრდა ქალები, სხედან საბავშვო ბაღის ერთერთ ოთახში, პატარა ფერად სკამებზე, რომელიც წრეზეა განლაგებული. საუბარი ხან ქართულად, ხან სომხურად, ხანაც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ეს ახალქალაქის #3 საჯარო ბაღია, ქალები ბაღის ბილინგვური მასწავლებლები არიან, რომლებიც აქტივობებს ბავშვებთან ქართულ ენაზე ატარებენ და ბაღებში ბილინგვური სწავლების პროგრამაში არიან ჩართული.
2020 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წამოიწყო ბილინგვური სკოლამდელი განათლების პროგრამა, რომელიც ამ დროისთვის 34 საბავშვო ბაღს მოიცავს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

სულ ახლახანს, 2024 წლის ივნისში გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოში.
ესტონეთი ერთერთი წამყვანი ქვეყანაა როგორც ზოგადად განათლების ხარისხის მაჩვენებლების მხრივ, ასევე ბილინგვური სწავლების გამოცდილებით.
ახალქალაქის საბავშვო ბაღში შეკრებილი სხვადასხვა ბაღის ბილინგვური მასწავლებლები დღეს ესტონელ ექსპერტებს ხვდებიან, რათა გაუზიარონ გამოცდილება - რა შეძლეს ბოლო 3 წელიწადში, რა სირთულეებს წააწყდნენ და რისი გაუმჯობესება სურთ.
ენის სწავლება, ისევე როგორც ყველაფერი საბავშვო ბაღში, თამაშით ხდება.

„სწავლას თამაშის ფორმას ვაძლევთ, რომ ბავშვებისთვის ახალი სიტყვები და ფრაზები იყოს საინტერესო და მათი დამახსოვრება - სახალისო. დილის წრეზე განვიხილავთ წელიწადის რომელი დროა, როგორი ამინდია. ვითვლით, რამდენი გოგო მოვიდა, რამდენი ბიჭი, ვინ გვაკლია,“ გვიზიარებს გამოცდილებას ალიონა კოსტანიანი, ახალქალაქის ბილინგვური სწავლების პროგრამის ერთერთი მონაწილე მასწავლებელი.
„ჩვენი რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვებმა ქართული საერთოდ არ იციან. ისინი სახლში მხოლოდ სომხურ საუბარს ისმენენ, პირველად ქართული ენა ჩემგან ესმით. ამიტომ, ვცდილობ ცოდნა ისე მივაწოდო, რომ ენის სიყვარული ჩავუნერგო,“ ამატებს ალიონა.
გაეროს ბავშვთა ფონდის და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენლები ყურადღებით ისმენენ მასწავლებლების ისტორიებს. ამავე ვიზიტის ფარგლებში ისინი გაცნობით ტრენინგს ჩაატარებენ თბილისში, ახალციხეში და მარნეულში, რათა ყველა ის ადამიანი მოიცვან, ვინც საბავშვო ბაღებში ბილინგვური სწავლების ხარისხზეა პასუხისმგებელი.
"ენის ცოდნა გაძლევს თავისუფლებას, იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, განაგრძო განათლება და აირჩიო პროფესია. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის სოციალურ ცხოვრებაში. საბავშვო ბაღი კი ის ადგილია, სადაც შეგვიძლია შევქმნათ ყველაზე კარგი გარემო ენის შესწავლისთვის,“ ამბობს ირინე კაოსაარი, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის მულტილინგვური განათლების ექსპერტი.

„მე ქართული ენა უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვისწავლე. ჩემი კურსელები ქართულად საუბრობდნენ, მე კი საერთოდ არ ვიცოდი. ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. შესაძლოა, ამანაც გადამაწყვეტინა ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლება. დღეს ჩემმა აღსაზრდელებმა უფრო კარგად იციან ქართული, ვიდრე მე 18 წლის ასაკში ვიცოდი,“ იხსენებს ჰერმინე ხაჩოიანი, რომელიც ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღის ბილინგვური მასწავლებელია და ბავშვებთან ქართულ ენაზე ატარებს აქტივობებს..
ჰერმინე ამბობს, რომ ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომლებიც ბაღში ქართულს სწავლობენ, უკეთ საუბრობენ სახელმწიფო ენაზე, ვიდრე მათი მშობლები.
გაეროს ბავშვთა ფონდის და ესტონეთის მთავრობის ერთობლივ პროექტს ორი მთავარი მიზანი აქვს. ალიონას, ჰერმინეს და მათი სხვა კოლეგების პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებასთან ერთად, პროექტი ასევე მიზნად ისახავს რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რათა ხელი შეეწყოს ბილინგვური განათლების ხარისხიანად დანერგვას. ძირითადი აქტივობები მოიცავს მოქმედი საკანონმდებლო და საგანმანათლებლო ჩარჩოს და პროფესიული განვითარების პროგრამების ანალიზს, რომელსაც შემდგომი ნაბიჯები დაეფუძნება.

პროექტის ფარგლებში გაანალიზდება არსებული სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალებისა და პროფესიული განვითარების სისტემები. მუშაობა უკვე მიმდინარეობს 10 საპილოტე საბავშვო ბაღთან, პროფესიულ სასწავლებლებთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. დაგეგმილია ესტონეთში სასწავლო ვიზიტი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადრეულ ბილინგვურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის.
"ხარისხიანი ბილინგვური განათლება სკოლამდელ ეტაპზე მყარ საფუძველს უყრის ბავშვის აკადემიურ მოსწრებას შემდგომ საგანმანათლებლო გზაზე. სხვადასხვა ენაზე კომუნიკაციის უნარით ბავშვების ადრეულ ეტაპზე აღჭურვით, ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიაღწიონ აკადემიურ წარმატებას სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ, რაც უზრუნველყოფს მათი პოტენციალის სრულად გამომჟღავნებას უმაღლეს სასწავლებლებსა და ცხოვრებაში“, - განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

ხარისხიანი ბილინგვური განათლება, განსაკუთრებით სკოლამდელ დაწესებულებებში, უმნიშვნელოვანესია ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის, მათი კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებისთვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ხარისხიანი ბილინგვური განათლება ეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე, ჰქონდეთ თანასწორი წვდომა უწყვეტ განათლებაზე და მომავალში ჩართულნი იყვნენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ბილინგვური განათლება ასევე ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ კულტურულ მრავალფეროვნებას, და განავითარებს ბავშვების იდენტობისა და მიკუთვნებულობის გრძნობას.
„ვთვლი, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ქართული ენა. ეს კარგია როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, ასევე სწავლის გაგრძელებისთვის. სკოლის მასწავლებლებისგან ხშირად გაგვიგია, რომ ჩვენს პროგრამაში ჩართულ ბავშვებს პირველ კლასში ქართულ ენაზე განათლების გაგრძელება უადვილდებათ", ამბობს დიანა ეპრიკიანი, ახალქალაქის #2 საბავშვო ბაღის ბილინგვური სწავლების პროგრამის დამხმარე მასწავლებელი.