იუნისეფი აერთიანებს საქართველოს უნივერსიტეტებს ბავშვთა უფლებების დასაცავად მზარდი გამოწვევების ფონზე
ბავშვთა უფლებების აკადემიური ქსელის მეშვეობით, უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრებმა განაახლეს თანამშრომლობა
- English
- ქართული
წლების განმავლობაში იუნისეფი საქართველო აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით. აკადემიურმა საზოგადოებამ განიცადა მნიშვნელოვანი განვითარება და გახდა მნიშვნელოვანი ძალა ბავშვთა უფლებების ადვოკატირებაში, ასევე მნიშვნელოვანი მონაწილე საქართველოს სამოქალაქო სივრცეში. ახლადშექმნილი ბავშვთა უფლებების აკადემიური ქსელის მეშვეობით, უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრებმა განაახლეს თანამშრომლობა — გააძლიერეს კავშირები აკადემიას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემებს შორის ბავშვთა უფლებების დასაცავად.
ნათია ჯოხაძე, იუნისეფის განათლების სპეციალისტი, იხსენებს პირველი ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისში 2020 წელს, რასაც მალევე მოჰყვა ცენტრების გახსნა საქართველოს შვიდ სახელმწიფო და სამ კერძო უნივერსიტეტში. „ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ბავშვთა უფლებების ინტეგრაციისთვის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში,“ - განმარტავს იგი. „ეს ასევე ასახავდა მზაობას ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისათვის ცნობიერების ამაღლების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ბავშვთა ჩართულობის საშუალებით, რაზედაც ახალშექმნილი ცენტრები მუშაობდნენ.
ჩვენ გვჯეროდა, რომ აუცილებელია ყველა პროფესიონალი გახდეს ბავშვთა უფლებების ადვოკატი და ეს პრინციპები დაინერგოს უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროცესსა და აკადემიურ საქმიანობაში.
გარდა ამისა, 2019 წელს მიღებულმა ბავშვთა უფლებების კოდექსმა ხაზი გაუსვა სპეციალიზებული ტრენინგების მნიშვნელობას ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის.“
წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების ცენტრები საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებად იქცა, რომლებიც ქმნიან და ავრცელებენ ცოდნას ბავშვთა უფლებებზე პროფესიონალებს, პედაგოგებს, აკადემიას, მშობლებსა და ბავშვებს შორის, ასევე აწარმოებენ კვლევებს ბავშვთა უფლებების საკითხებზე. ცენტრები ორგანიზებას უწევდნენ ტრენინგებს, ღია ლექციებსა და დისკუსიებს და ამზადებდნენ სპეციალურ საგანმანათლებლო მასალებს ბავშვთა უფლებებზე.
დროთა განმავლობაში ასევე გახდა ნათელი, რომ აკადემიას შეუძლია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბავშვთა უფლებების ადვოკატირებაში და პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების შექმნაში — განსაკუთრებით კვლევითი ინიციატივების განხორციელებით და მათში სტუდენდების აქტიური ჩართულობით.
უკვე არსებობს რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების ცენტრების პლატფორმის მეშვეობით. ცენტრები მონაწილეობდნენ ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის კვლევაში, რაც დაეხმარა მთავრობასა და პარლამენტს ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. 2024 წელს ცენტრები აქტიურად ჩაერთვნენ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების განვითარებისათვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების შესწავლას საქართველოში.
გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა უნივერსიტეტებთან საერთაშორისო ყურადღების ცენტრშიც მოექცა: ქუთაისის, ბათუმისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უმასპინძლეს საერთაშორისო კონფერენციებს ბავშვთა უფლებების უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციის შესახებ. ამ კონფერენციებმა საფუძველი ჩაუყარა თემატურ საერთაშორისო ფორუმებს, რომლებიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების სხვადასხვა ასპექტს.
საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ბავშვთა უფლებების ცენტრებმა პარტნიორობა დაამყარეს ევროპულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა პარიზის ნანტერის უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი და მათთან ერთად დაიწყეს საქართველოში ბავშვთა უფლებებზე პირველი სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე მუშაობა. 2024 წლის აპრილში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საბერძნეთის პატრასის უნივერსიტეტთან ბავშვთა უფლებების ადვოკატირებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
„ბავშვის უფლებათა ცენტრები დღეისათვის ქმნიან სპეციალურ აკადემიურ სივრცეებს ბავშვთა უფლებებისთვის, ამზადებენ სრულყოფილ სილაბუსებსა და კურსებს და აძლიერებენ ტრენინგ პროგრამებს როგორც სკოლამდელი, ისე სკოლის მასწავლებლებისთვის,“ - ამბობს ნათია ჯოხაძე. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წელს შექმნილ ბავშვთა უფლებების ცენტრში აკადემიური პერსონალი სხვადასხვა სფეროდან - განათლება, სოციალური მეცნიერებები, სამართალი, მედიცინა და ფსიქოლოგია - თანამშრომლობს ინტერდისციპლინური პროგრამების შესაქმნელად. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული ქსელების შექმნას, როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ უნივერსიტეტებთან, რაც ხელს უწყობს ურთიერთსწავლასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. ეს მიღწევები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენი მხარდაჭერით, უნივერსიტეტები ასრულებენ თავიანთ მისიას ემსახურონ საზოგადოებას ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით.“
2024 წელს შეიქმნა ბავშვთა უფლებების აკადემიური ქსელი, ღია პლატფორმა უნივერსიტეტებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია განათლებასა და კვლევაზე ბავშვთა უფლებების სფეროში. ქსელი გეგმავს კვლევის ჩატარებას სკოლამდელი და სკოლის პედაგოგებს შორის ბავშვთა უფლებების შესახებ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც შეუერთდა CREAN-ს, წამყვან ევროპულ აკადემიურ ქსელს ბავშვთა უფლებებზე. CREAN აერთიანებს ევროპის 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტს, რომლებიც თანამშრომლობენ სწავლებისა და კვლევის მიმართულებით ბავშვთა უფლებებზე.
„პარტნიორობა იუნისეფთან საშუალებას აძლევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრს გააძლიეროს ფოკუსი ბავშვთა უფლებებსა და ინკლუზიურ განათლებაზე, განამტკიცოს თანამშრომლობა რეგიონულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო პლატფორმა აკადემიური დიალოგისთვის ბავშვთა უფლებებისა და ადრეული განათლების თემაზე,“ - ამბობს პროფესორი ლელა თურმანიძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი.
„CREAN-ში წევრობა ახალ პასუხისმგებლობებს მოითხოვს - აქტიური მონაწილეობა ქსელში, გამოცდილების გაზიარება, მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარება და ახალი ცოდნის შექმნა ბავშვთა უფლებების სფეროში.“
გაეროს ბავშვთა ფონდისა და ცენტრების პარტნიორობამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პირველ მულტიდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამას ბავშვთა უფლებებზე. პროგრამა იქმნება სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს აკადემიური მუშაობა ბავშვთა უფლებებზე და აღჭურვოს მომავალი პროფესიონალები ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით, რომლებიც აუცილებელია ბავშვებთან და ბავშვებისთვის მუშაობისთვის და მათი უფლებების ადვოკატირებისთვის.
„ბავშვთა უფლებების სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს კოდექსის მოთხოვნის შესასრულებლად ბავშვთა უფლებების სპეციალისტების მომზადების მიმართულებით,“ - ამბობს ნათია. „ჩვენ გავაგრძელებთ უნივერსიტეტების მხარდაჭერას ამ ახალი სამაგისტრო პროგრამის დანერგვაში, მათ შორის, კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. უკვე მიმდინარეობს დისკუსიები კონკრეტულ პროფესიულ სფეროებზე მორგებული ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავებასთან დაკავშირებით. ამ თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ უნივერსიტეტებს ადვოკატირების უნარებში და ვაქცევთ მათ ბავშვთა უფლებების ძლიერ დამცველებად.“
ერთ-ერთმა პროფესორმა პარტნიორი უნივერსიტეტიდან მიიღო თხოვნა რეგიონული მუნიციპალიტეტისგან კონსულტაცია გაეწია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტულ საკითხებზე. ეს აჩვენებს, თუ როგორ თანამშრომლობენ უნივერსიტეტები პოლიტიკის შემქმნელებთან ბავშვთა უფლებების ადგილობრივ დღის წესრიგზე გავლენის მოსახდენად.
გაეროს ბავშვთა ფონდის მომავალი ხუთწლიანი თანამშრომლობის პროგრამა საქართველოში პრიორიტეტს მიანიჭებს ბავშვთა უფლებებზე კვლევას, რათა შეიქმნას მტკიცებულებები ბავშვზე ორიენტირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებისთვის. უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სწორედ ამგვარ კვლევით საქმიანობაში. ეს კი ხელს შეუწყობს უფრო ფართო მიზნის მიღწევას - ბავშვთა უფლებების ინტეგრაციას აკადემიურ საქმიანობასა და პროფესიულ ტრენინგებში, რათა მომავალ პოლიტიკა ეფუძნებოდეს მყარ, ადგილობრივ მტკიცებულებებს.
როგორც ერთმა უნივერსიტეტის პროფესორმა უთხრა ნათიას: „იუნისეფმა გაგვაერთიანა, რათა ერთად შეგვექმნა საგანმანათლებლო პროგრამები მომავალი მასწავლებლებისთვის და შეგვკრიბა საერთო მისიით - ბავშვთა უფლებების ადვოკატირებისთვის.“