როგორ აქცევს ევროკავშირი და იუნისეფი ბავშვთა უფლებებს რეალურ გამოცდილებად ხელოვნების მეშვეობით
შემოქმედებითი ხმები ბავშვთა უფლებებისთვის საქართველოში
- English
- ქართული
გურიის სოფელ წითელმთაში ჩამავალი მზე ლალისფრად აფერადებს გარემოს. სოფლის ერთ-ერთ ტრადიციულ ოდა სახლში სოფლის მცხოვრებლები იკრიბებიან. „გრძელი, ნათელი დღეები“-ს კინოჩვენება და რეჟისორთან, ნანა ექვთიმიშვილთან შეხვედრა იგეგმება. დისკუსიის თემა ცოტა განსხვავებულია, ფილმის შემდეგ იმაზე უნდა იმსჯელონ, თუ ბავშვის რა უფლებები დაირღვა ფილმში და როგორ აისახებოდა მოთხრობილი ამბავი ფილმის გმირების ცხოვრებაზე, მათ უფლებებზე.
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან პარტნიორობით განხორციელებული ინიციატივა, „შემოქმედებითი ხმები ბავშვთა უფლებებისთვის“, კულტურის, დიალოგისა და ხელოვნების საშუალებით ბავშვთა უფლებებს რეალურ გამოცდილებას სძენს. ინიციატივა აერთიანებს ხელოვანებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა გაიზარდოს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერება და ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით.
წითელმთაში საინტერესო დისკუსია იმართება. ბევრი მონაწილე ამბობს, რომ ფილმში მოთხრობილი ამბავი, ადრეული ქორწინების, ოჯახში მომხდარი ძალადობისა და გოგონების უფლებების შესახებ, მათი ამბავიცაა, მათ გადახდენიათ თავს, თავად განუცდიათ. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვებიან და თავიანთ ამბავს ახლა უკვე უფლებრივ კონტექსტში განიხილავენ. ინიციატივის მიზანიც ესაა, საუბარი ადამიანურ გამოცდილებებზე, იმაზე, თუ როგორ იგრძნობა უფლებები, როდესაც ისინი ისმის სიმღერაში, ჩანს სცენაზე, ეკრანზე ან იკითხება წიგნის ფურცლებზე.
წითელმთაში გამართულ ფილმის ჩვენებას და დისკუსიას გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელ-ლი, მაია ქურციკიძეც ესწრებოდა.
„მჯერა, რომ ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს და ამ ძალის გამოყენება ბავშვთა უფლებებზე საზოგადოების ცნობადობის გასაზრდელად უაღრესად მნიშვნელოვანია.
"როდესაც ამბავს ჰყვები, ადამიანებს ეს უფრო მეტად ესმით, ვიდრე კანონების და სტრატეგიების ენა. ისინი ბევრ საერთოდ პოულობენ ფილმის თუ წიგნის გმირებში, ხშირად ეს მათი ამბავიცაა."
უკვე მერამდენე დისკუსიას ვესწრები და მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორ აქტიურად ერთვებიან ადამიანები საუბრებში და იაზრებენ საკუთარ როლს ბავშვების დასაცავად. ჩვენი მიზანიც ესაა, ვესაუბროთ ადამიანებს და დიალოგის საშუალებით შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა არის ძალადობა, თანასწორობა, რა უფლებები აქვთ ბავშვებს და რა ღირებულებები უკავშირდება ამ უფლებებს.“
„ხელოვნება საუკეთესო მედიუმია საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.
მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ გვაწვდის ინფორმაციას ბავშვთა უფლებების ირგვლივ, არამედ ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე აზრთა გაცვლისთვის“, ამბობს დისკუსიის მონაწილე, გურია ნიუსის ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე.
დღევანდელ პოლარიზებულ მსოფლიოში, როდესაც ბავშვთა უფლებების და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა ხორციელდება, ღია დიალოგი საზოგადოების წარმომადგენლებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად იშველიებენ ეროვნული სუვერენიტეტის, ოჯახური ღირებულებებისა და კულტურული ტრადიციების არგუმენტებს ბავშვის უფლებების მიმართ აღებული ვალდებულებების დასაკნინებლად.
ამ ვითარებაში ხელოვნებას და კულტურას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის და ბავშვთა უფლებების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასანერგად, რადგან ის რთულ საკითხებს უფრო გასაგებს ხდის, ადამიანის პირად გამოცდილებასთან აახლოებს და ემოციურადაც მისაღებია. ისტორიების, ფილმების, შემოქმედებითი გამოხატვის მეშვეობით საზოგადოება უფრო ადვილად აღიქვამს ბავშვების გამოცდილებას, უპირისპირდება საზიანო სოციალურ ნორმებს და უჩნდება თანაგრძნობის უნარი. ამასთანავე იქმნება უსაფრთხო სივრცეები დიალოგისთვის, რაც მნიშვნელოვანია მოსაზრებების დაახლოებისა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისათვის. მაგალითად, ბავშვების აღზრდისას ძალადობრივი ნორმების გამოყენება საქართველოში სოციალური ნორმაა. დიალოგისა და ძალადობის რაობის შესახებ საზოგადოების შეთანხმების გარეშე არსებული ნორმის ცვლილება შეუძლებელია.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, იმართება ოცამდე შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, რეჟისორებთან და მწერლებთან. შეხვედრები მოიცავს ფილმის ჩვენებას, წიგნის განხილვას და ინტერაქტიულ დისკუსიებს მწერლების, რეჟისორების და ბავშვთა უფლებების ექსპერტების მონაწილეობით. ნაწარმოებებში ასახული თემები განხილულია ბავშვთა უფლებების პრიზმიდან და აუდიტორიის აქტიური ჩართულობით.
„ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს, ერთ-ერთი ფლაგმანი შეიძლება გახდეს იმ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, რაც დღევანდელ საზოგადოებაში არის წამოჭრილი. ჩემთვის როგორც ავტორისთვის ძალიან საინტერესოა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, უფლებადამცველის თვალსაზრისი, მათი პერსპექტივიდან დანახული ის საკითხები, რომლებიც წამოჭრილია ფილმში.
"ფაქტების მიღმა ხელოვნება იძიებს მიზეზებს და ეს სხვადასხვა სახის პროფესიონალებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო"
- ამბობს დავით ფირცხალავა, რეჟისორი, სცენარისტი, თბილისში, მისი ფილმის „მამა“ ჩვენებისა და დისკუსიის შემდეგ.
„ვერაფერი ისე კარგად ვერ მიიტანს ბავშვების ხმას და ბავშვთა უფლებებზე სიტყვას საზოგადოებაში, როგორც ხელოვნება“, ამბობს ვასო გულეური, საბავშვო ავტორი, გორში გამართული დისკუსიის მონაწილე. გორში შეკრებილებმა „ანა ფრანკის დღიურზე“ ისაუბრეს და ანას ცხოვრების მაგალითზე იმსჯელეს, თუ რას ნიშნავს ცხოვრება მაშინ, როდესაც ბავშვის უფლებები არ არის დაცული.
„ძალიან ბევრია ისეთი თემა, რომელზეც გვერიდება ლაპარაკი, ან სტიგმატიზირებულია ან თავს დაცულად ვერ ვგრძნობთ.. კინო, პირველ ყოვლისა, არის სარკე, ერთგვარი სარკე. შეიძლება ხანდახან გაბლარული, ხანდახან ინტერპრეტაციის ველად ქცეული, მაგრამ აუცილებლად ამა თუ იმ პერსპექტივიდან დანახული სარკე რეალობის“, ამბობს ირინა ჟორდანია, კინორეჟისორი, ინიციატივის მონაწილე და კინოს მიმართულების ხელმძღვანელი.
წალენჯიხაში, მწერალი გიორგი კეკელიძე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მარკ ტვენის რომანზე „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ ისაუბრა. დისკუსიის მთავარი თემებიც ბავშვის მიმართ ძალადობა, ექსპლუატაცია, დისკრიმინაცია იყო და მონაწილეებმაც იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით არსებობს საქართველოში. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე გაავლეს პარალელები ნაწარმოებში აღწერილ მოვლენებსა და თანამედროვე რეალობას შორის. წიგნში წამოჭრილი საკითხები ხომ — ძალადობა, დისკრიმინაცია, თავისუფლება, თანასწორობა და ბავშვის ღირსების პატივისცემა — დღესაც პრობლემატურია და გავლენას ახდენს ბევრი ბავშვების ცხოვრებაზე საქართველოში.
„ლიტერატურას და ხელოვნებას შესწევს ძალა, ბავშვთა წინაშე არსებულ პრობლემებზე ყველასთვის გასაგებად ისაუბროს. ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას გვახსენებს, რომ მოზარდები არასოდეს უნდა დავტოვოთ პრობლემებთან მარტო“, ამბობს დავით ლოგუა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ზუგდიდიდან.
„გაეროს ბავშვთა ფონდის ეს ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საზოგადოებასთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საუკეთესო მედიუმი ხელოვნების ენაა. არ დამავიწყდება, როგორ ადგა ერთ-ერთი აღელვებული მონაწილე ფილმის ჩვენების შემდეგ და თქვა, ეს ხომ ჩემი ამბავიაო, მაშინ არ ვიცოდი, უფლებები რომ მქონდა. ახლა ვხვდები და ვეცდები ჩემი შვილების მიმართ გამოვიყენო ეს ცოდნაო. თავადაც ბევრი ფილმი თუ ნაწარმოები ახლიდან აღმოვაჩინე, უფლებრივ კონტექსტში გააზრების შემდეგ. როდესაც უფლებებზე ვისაუბრებ, მსგავსი მაგალითები უფრო დამეხმარება ცოცხალი გავხადო ეს უფლებები. ნამდვილად, ხელოვნებას დღეს გაცილებით მეტი შეუძლია. მას შესწევს ძალა ადამიანებს ამბების და შემოქმედებითი ხმების საშუალებით უკეთ აუხსნას, რას ნიშნავს ბავშვთა უფლებები, წაახალისოს პოზიტიური სოციალური ნორმები, გარდაქმნას ბავშვის უფლებების შესახებ საზოგადოებრივი დისკურსი და გააერთიანოს განსხვავებული ჯგუფები საერთო ღირებულებების ირგვლივ“, ამბობს მაია ქურციკიძე.
წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი და ბავშვთა მსოფლიო დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე ინიციატივის მონაწილეები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, თუ როგორ შეიძლება შემოქმედებითი ხმები უფრო მძლავრად ისმოდეს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
„საქართველოს გამოცდილება მარტივ გაკვეთილს გვთავაზობს: როდესაც ბავშვთა უფლებებზე ისტორიების, ფილმების, წიგნების საშუალებით ვსაუბრობთ, მათი იგნორირება გაცილებით რთული, ხოლო მათი მხარდაჭერა გაცილებით ადვილი ხდება.
მაშინ, როცა საზოგადოებებთან ურთიერთობის ახალ გზებს ვეძებთ, შესაძლოა, შემდეგი მნიშვნელოვანი გარღვევა არა მორიგი ანგარიშიდან ან კამპანიიდან, არამედ იმ ისტორიიდან მომდინარეობდეს, რომელიც ადამიანს ათქმევინებს: „ეს ხომ ჩემი ისტორიაცაა.“ სწორედ ეს არის ხელოვნების ძალა. და ეს ის ძალაა, რომელშიც ინვესტირებაც ნამდვილად ღირს,“ ამბობს იზაბელა კასტროჯოვანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
პროექტის შესახებ
ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი პარტნიორული პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის – ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე“ მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას და ოჯახების მხარდაჭერას. ის უზრუნველყოფს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციას და ეხმარება მათ ოჯახში დაბრუნებაში, როცა ეს შესაძლებელია. პროექტი ასევე აუმჯობესებს მომსახურებებს ბავშვებისა და ოჯახებისთვის, აძლიერებს ოჯახებს ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. გასაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ და ყველაზე დაუცველ ოჯახებში, რომლებიც გახდნენ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის, მსხვერპლნი. პროექტის მიზანია ამ ბავშვებმა მიიღონ საჭირო ზრუნვა და იურიდიული დახმარება. პროექტი ამზადებს პროფესიონალებს, რათა ისინი უკეთ დაეხმარონ ბავშვებსა და ოჯახებს, ხელს უწყობს ბავშვების მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და ქვეყნის მასშტაბით ზრდის ცნობიერებას ბავშვთა უფლებების შესახებ.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია იუნისეფი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.