ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია ბავშვებთან ბავშვთა უფლებებზე ახალი პროექტის დაწყების აღსანიშნავად

21 ნოემბერი 2025
youth
UNICEF

თელავი, 2025 წლის 21 ნოემბერი - ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული დიალოგი ბავშვთა უფლებებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვები, ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. დისკუსიის ფარგლებში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და პირდაპირ დაესვათ შეკითხვები ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი პარტნიორული პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე“ შესახებ.

შეხვედრაზე წარმოადგინეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავებული, ბავშვებისთვის ადაპტირებული საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებებზე. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასალებს და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

აღნიშნული შეხვედრა ნაწილია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული ინიციატივისა „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ბავშვთა უფლებების რეალიზაცია ოჯახზე, მართლმსაჯულებაზე და სათანადო ცხოვრების დონეზე“. პროექტის მიზანია ბავშვების დაცვა, მათი გაძლიერება, პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარება და ბავშვებისთვის მხარდამჭერი და გაუმჯობესებული გარემოს შექმნა.

„ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ბავშვთა უფლებებს და უზრუნველყოს, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ხმა საკუთარი მომავლის ფორმირებაში. დღევანდელი დისკუსია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია დიალოგს გააძლიეროს ახალგაზრდები. გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობის გზით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას თითოეული ბავშვის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისადმი საქართველოში“ - ნიკოლას სენდროვიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი საქართველოში

„ბავშვების მონაწილეობა მხოლოდ პრინციპი არ არის - ეს არის უფლება. ისეთი სივრცეების შექმნით, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დიალოგში, ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს თავის უმცროს მოქალაქეებს. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთობლივ ინიციატივებს გავლენა მოახდინოს ბავშვებისთვის არსებულ სისტემებზე. ოჯახის მხარდაჭერის, მართლმსაჯულების სერვისებისა და ბავშვთა მონაწილეობის გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით მომავალს, სადაც თითოეული ბავშვის უფლებები პატივცემულია და რეალიზებულია,“ - იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში

ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივის მიზანია ბავშვების დაცვა და გაძლიერება ოჯახის მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესებით და ბავშზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • ძლიერი ოჯახები: ოჯახისგან განცალკევების პრევენცია და ოჯახში რეინტეგრაციის მხარდაჭერა კონკრეტული პროგრამების მეშვეობით.
  • უსაფრთხო ბავშვობა: ბავშვთა მიმართ ძალადობისა და პრობლემური ქცევების, მათ შორის ონლაინ საფრთხეების აღმოფხვრა.
  • ინკლუზიური სერვისები: სოციალური მომსახურების გაუმჯობესება და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტირების პროცესი.
  • უკეთესი მონაცემები: სანდო მონაცემები ბავშვებზე ორიენტირებული პოლიტიკის განსაზღვრისთვის.
  • აქტიური მონაწილეობა: ბავშვების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  • მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა: ბავშვზე მორგებული იურიდიული დახმარებისა და დაცვის მექანიზმების გაფართოება.
  • ცნობიერების ამაღლება: ბავშვების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ და მათი გაძლიერება, რათა ისარგებლონ მართლმსაჯულებისა და დაცვის მექანიზმებით.

 

ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყვეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

 

პროექტის შესახებ
ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი პარტნიორული პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე“ მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას და ოჯახების მხარდაჭერას. ის უზრუნველყოფს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციას და ეხმარება მათ ოჯახში დაბრუნებაში, როცა ეს შესაძლებელია. პროექტი ასევე აუმჯობესებს მომსახურებებს ბავშვებისა და ოჯახებისთვის, აძლიერებს ოჯახებს ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ და ყველაზე დაუცველ ოჯახებში, რომლებიც გახდნენ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის, მსხვერპლნი. პროექტის მიზანია, ამ ბავშვებმა მიიღონ საჭირო ზრუნვა და იურიდიული დახმარება. პროექტი ამზადებს პროფესიონალებს, რათა ისინი უკეთ დაეხმარონ ბავშვებსა და ოჯახებს, ხელს უწყობს ბავშვების მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და ქვეყნის მასშტაბით ზრდის ცნობიერებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.