ბიზნესი იწყებს მოქმედებას ბავშვებისთვის: საქართველო გლობალურ კამპანიას „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ უერთდება

ინიციატივა საფონდო ბირჟებს, კომპანიებსა და ინვესტორებს მოუწოდებს, ბავშვები ბიზნესისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვან ჯგუფად განიხილონ და მათი უფლებები და კეთილდღეობა სათანადოდ გაითვალისწინონ.

20 ნოემბერი 2026
Child in the kindergarten
UNICEF/Geo-2024/Fidanyan

თბილისი, 20 ნოემბერი, 2026 – ბავშვთა მსოფლიო დღეს საქართველო გლობალურ კამპანიას „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში თბილისში შეიკრიბნენ საქართველოს საფონდო ბირჟის, ბიზნესის, საინვესტიციო სექტორისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლები, რათა ხელი შეუწყონ ბავშვთა უფლებების ინტეგრირებას ბიზნეს და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში.

გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს საფონდო ბირჟის, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შერატონ მეტეხი პალასის ორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ ხაზი გაუსვა კაპიტალის ბაზრებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელოვან როლს ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მონაწილეებმა ბავშვებისთვის სიმბოლურად დარეკეს ზარი, რაც საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის გახსნის ტრადიციულ ცერემონიას ეხმიანება.

კამპანია ემთხვევა გაეროს მდგრადი საფონდო ბირჟების ინიციატივისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი სახელმძღვანელოს, „ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება ბიზნესისა და ინვესტორების პრაქტიკაში“, გამოქვეყნებას უახლოეს მომავალში. სახელმძღვანელო საფონდო ბირჟებს, ფასიანი ქაღალდების გამომშვებ კომპანიებსა და ინვესტორებს სთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ბავშვებთან დაკავშირებული ზეგავლენების, რისკებისა და შესაძლებლობების გამოვლენის, მართვისა და გამჭვირვალედ ასახვისთვის მმართველობის, სტრატეგიის, ოპერაციებისა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე.

ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს ქართულენოვანი სახელმძღვანელო, “ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში“, რომელიც კომპანიებს დაეხმარება ბავშვთა უფლებებისა და ბიზნესის პრინციპების ინტეგრირებაში გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) პრაქტიკასა და ანგარიშგებაში. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

„ყველა ბავშვისთვის საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების ხელშეწყობა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ბიზნესს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან მისი გადაწყვეტილებები და საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრებასა და მომავალზე. „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ შესაძლებლობას გვაძლევს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოს კერძო სექტორთან და ბავშვთა უფლებები პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად ვაქციოთ,“ – განაცხადა ალექსანდრუ ნარტეამ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

„კაპიტალის ბაზრებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ყურადღება და ინვესტიციები მიმართონ გრძელვადიანი და მდგრადი ღირებულებების შექმნისკენ. დღეს ჩვენ მკაფიო გზავნილს ვაჟღერებთ: ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა ჩვენი ეკონომიკის მომავლისთვის მნიშვნელოვანია და გათვალისწინებული უნდა იყოს კომპანიების მიერ რისკების მართვის, მათი ზეგავლენის ანგარიშგებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,“ – განაცხადა გიორგი ამზაშვილმა საქართველოს საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ბავშვების ინტერესების გათვალისწინება ESG მიდგომებს უფრო კონკრეტულსა და ანგარიშვალდებულს ხდის. ქართული სახელმძღვანელო კომპანიებს დაეხმარება, ზოგადი ვალდებულებებიდან პრაქტიკულ ქმედებებზე გადავიდნენ და ბავშვთა უფლებები კორპორაციულ პოლიტიკაში, საქმიანობაში, ღირებულებათა ჯაჭვებსა და მდგრადობის ანგარიშგებაში ასახონ,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილე კომპანიებმა ხელი მოაწერეს ბავშვთა უფლებების ბიზნეს-ვალდებულებას – „ინვესტიცია მომავალში“. ხელმოწერით კომპანიებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ბავშვთა უფლებები პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციონ.

ინფორმაცია რედაქტორებისთვის

  • ბავშვთა უფლებებისა და ბიზნესის პრინციპები წარმოადგენს ყოვლისმომცველ ჩარჩოს, რომელიც კომპანიებს ეხმარება, გააანალიზონ და სათანადოდ მართონ ბიზნესის ზეგავლენა ბავშვებზე სამუშაო გარემოში, ბაზარზე, საზოგადოებასა და გარემოზე.

  • ბავშვთა მსოფლიო დღე ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება და მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოლიდარობის გაძლიერებასა და ბავშვებისთვის ქმედების წახალისებას. ს

  • ბიზნეს კომპანიები, რომლებიც შეუერთდნენ ბავშვთა უფლებების ბიზნეს-ვალდებულებას – „ინვესტიცია მომავალში“ - საქარელოს ბიზნეს ასოციაცია, აი სიტი ასოციაცია, საბანკო ასოციაცია, თიბისი, საქართველოს ბანკი, მიკრო ბანკი კრისტალი, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ექსპატპრო, ეპამი, ხის სათამაშოების დამფუძნებლები (კოკიტო, დადარი, გოგორა).

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.