გაეროს ბავშვთა ფონდი და ესტონეთის მთავრობა თანამშრომლობენ ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების გაძლიერების მიზნით
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2025 წლის 12 ივნისი - ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა ადრეული ბილინგვური განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პროცესს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
ესტონეთის ელჩი საქართველოში, მარგე მარდისალუ-კაჰარი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, იესპერ მოლერი ეწვივნენ წყალთბილას საბავშვო ბაღს ახალციხის მუნიციპალიტეტში, რათა გაეგოთ, როგორ ნერგავდნენ საბავშვო ბაღის მასწავლებლები ბილინგვურ სწავლებას მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში. დისკუსია მასწავლებლებთან მნიშვნელოვანი იყო ბილინგვური სწავლების მეთოდების პრაქტიკული გამოყენების და საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებაზე პროექტის გავლენის თვალსაზრისით. ელჩმა და იუნისეფის წარმომადგენელმა საბავშვო ბაღს გადასცეს საგანმანათლებლო რესურსები. მსგავსი საგანმანათლებლო რესურსები გადაეცა სხვა საბავშვო ბაღებს მარნეულში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში.
პარტნიორობის მნიშვნელოვანი მიღწევებია:
- ჩატარდა ადრეული ბილინგვური განათლების სისტემის დეტალური ანალიზი, რაც მოიცავდა კანონმდებლობას, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს, სტანდარტებსა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს. აღინუსხა ბილინგვური ადრეული განათლების ყველა დაწესებულება და კვლევის შედეგად მომზადდა რეკომენდაციები ბილინგვური ადრეული განათლების სისტემის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.
- მარნეულის, ახალქალაქის, ახალციხის და ნინოწმინდის 10 ბაღში გადამზადდა 20 ორენოვანი პედაგოგი, ხოლო განათლების პროგრამებში ჩართული იყო 300-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი.
- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიურის წრეების და სკოლამდელი განათლების სფეროს 200-მდე პროფესიონალმა გაიარა გადამზადება ბილინგვური განათლების კონცეფციის, მიდგომების და მეთოდოლოგიების შესახებ ცოდნის ასამაღლებლად.
- მუნიციპალური სკოლამდელი სააგენტოების ხელმძღვანელები და საბავშვო ბაღების მენეჯერები ეწვივნენ ესტონეთს გამოცდილების გაზიარების მიზნით.
გარდა ამისა, ცოდნისა და ბილინგვური სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარების მიზნით გაიმართა ვებინარები, სემინარები და ტრენინგები უნივერსიტეტის ლექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ადრეულ ასაკში ბილინგვური განათლების მეთოდები ინტეგრირდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგობრივ მახასიათებელ დოკუმენტში.
დოკუმენტი, რომელიც უკვე ოფიციალურადაა დამტკიცებული, ეხმარება უნივერსიტეტებს, შეიმუშაონ ან გადახედონ ადრეული განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს და დააკმაყოფილონ ადრეული განათლებისა და ზრუნვის საბაკალავრო პროგრამის მინიმალური მოთხოვნები.
ხარისხიანი ბილინგვური განათლება, განსაკუთრებით სკოლამდელ დაწესებულებებში, უმნიშვნელოვანესია ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის, მათი კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებისთვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ხარისხიანი ბილინგვური განათლება ეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე, და ჰქონდეთ თანასწორი წვდომა განათლებაზე. ბილინგვური განათლება ასევე ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ კულტურულ მრავალფეროვნებას, და განავითარებს ბავშვების იდენტობისა და მიკუთვნებულობის გრძნობას. ხარისხიანი ბილინგვური სწავლება ქმნის ძლიერ საფუძველს მრავალკულტურულ საზოგადოებაში უწყვეტი განათლებისა და მონაწილეობისთვის.
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის 70-ზე მეტი საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს ადრეულ და სკოლამდელ განათლებას სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. 2021 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს ბილინგვური განათლების პროგრამას, რომელიც ამ დროისთვის 56 საბავშვო ბაღს მოიცავს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ქართული ენის ცოდნის გაძლიერება განათლების შემდგომ საფეხურებზე შეუფერხებლად გადასვლის მიზნით, ისევე როგორც, მასწავლებლებისა და დაინტერესებული მხარეების თანამედროვე ცოდნით, მეთოდოლოგიითა და უნარებით გაძლიერება უმნიშვნელოვანესია სოციალური ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების განათლებისთვის.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.