ახალგაზრდებმა გაიძლიერეს ციფრული უნარები დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად
გაეროს ბავშვთა ფონდმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბიზნეს კომპანიებთან პარტნიორობით გააერთიანეს ძალისხმევა ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერისთვის
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2024 წლის 4 სექტემბერი – თბილისსა და ბათუმში მცხოვრებმა 60-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა ბავშვმა და ახალგაზრდამ გააუმჯობესა ციფრული უნარები რვათვიანი სასწავლო პროგრამის - Junior Tech - შედეგად, რომელიც გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობით, ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პროგრამის შედეგები შეაჯამეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე.
Junior Tech ინიციატივა იყო გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ბიზნეს საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების აღჭურვას უმნიშვნელოვანესი უნარებით, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. პროგრამა განხორციელდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს ბიზნეს ორგანიზაციებმა, მათ შორის: თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ექსადელი, აჭარა ჯგუფი, თეგეტა ქარსი, HT სოლუშენს, ლაბ ტექნოლოჯი, ტერმინალი, ლინეიტი, B2C, Quantori, Girteka, Citypay io, Quick, Tag & Match, ნიკოს ფონდი, დინამო თბილისი, ფერმერთა ასოციაცია, მედდიაგნოსტიკა.
„საქართველოში ბევრ ახალგაზრდას, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველს, ხელი არ მიუწვდება კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებზე, რაც მათ დასაქმებისთვის სჭირდებათ“, - ამბობს იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
„განათლების როლი ინკლუზიური ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის არის გადამწყვეტი. ახალგაზრდები მზად უნდა იყვნენ მომავალი დასაქმებისთვის, რათა შეძლონ გაუმკლავდნენ უპრეცედენტო სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ გამოწვევებს.“
მთავრობას, ბიზნესებს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და თავად ახალგაზრდებს შორის პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების დასაქმების მხარდასაჭერად და საჭირო უნარების შესაძენად. მოხარული ვართ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, სხვა ბიზნეს კომპანიებთან და ჩვენს სამთავრობო პარტნიორებთან ერთად შევძელით ყველაზე დაუცველი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა ის ცოდნა და უნარები, რაც მათ გამოადგებათ შემდგომ დასაქმებასა და კარიერის განვითარებაში.“
ტრენინგები ჩატარდა თბილისსა და ბათუმში და სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ძირითადი MS პროგრამები, კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა, ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები; ტექნიკური სასწავლო კურსები, როგორიცაა ტექნიკური ინგლისური, გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედიის მარკეტინგი, ასევე კარიერის განვითარების კურსები, როგორიცაა სამუშაოს ძებნა, ციფრული პორტფოლიოს შექმნა, ინტერვიუს უნარები, CV-ის შექმნა, დასაქმების პლატფორმები.
„მე, როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, უზომოდ ვამაყობ ჩვენი პარტნიორობით გაეროს ბავშვთა ფონდთან Junior Tech პროექტის გარშემო. ამ ინიციატივამ არა მხოლოდ ციფრული უნარები შესძინა საქართველოს ყველაზე დაუცველ ახალგაზრდებს, არამედ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის ძალას საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი. ერთად თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ მომავალ თაობას იმით, რომ მათ ვაძლევთ იმ საჭირო ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ სჭირდებათ წარმატების მისაღწევად სულ უფრო მზარდ ციფრულ სამყაროში, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ მომავალ გამოწვევებს თავდაჯერებულად და კომპეტენტურად,“ - ამბობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე.
სასწავლო პროგრამის დასკვნით ეტაპზე, კარიერული ბანაკების დროს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს, და გაცნობოდნენ მათ პრაქტიკულ გამოცდილებას დასაქმებისთვის საჭირო უნარების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.
ინიციატივა შეიქმნა ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის ფარგლებში. აღნიშნული საბჭო ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრის და საზოგადოების კონტექსტში.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.