მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მოზარდების გაძლიერებისკენ მათი უნარების განვითარების საშუალებით

გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი კვლევა მოზარდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ხაზს უსვამს იმ ძირითად სფეროებს, სადაც ახალგაზრდები სირთულეებს აწყდებიან და რაც საჭიროებს ყოვლისმომცველ მხარდაჭერასა და განათლებას, რათა გაძლიერდეს მომავალი თაობა

14 ივლისი 2025
World Youth Skills Day 2025
UNICEF/Geo-2025/Valishvili

თბილისი, 15 ივლისი 2025 - ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების მნიშვნელობას და აქვეყნებს ახალ კვლევას საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ.

საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში. კვლევის მიზანი იყო უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, კვლევის მიხედვით, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.

მუდმივად ცვალებად სამყაროში, ბავშვებისა და მოზარდების უნარები და კომპეტენციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ისინი მომავალი ინოვაციების, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. - იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

"გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მთავრობებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მოზარდების ხარისხიანი განათლებისა და ტრენინგების ხელმისაწვდომობა. უნარების განვითარება იქნება ჩვენი მომავალი სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევეცდებით ერთად აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს განვითარებაში, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატებული გზა მოზარდობიდან ზრდასრულობისკენ" - განაცხადა იესპერ მოლერმა.

 

Jesper Moller at the World Youth Skills Day 2025
UNICEF/Geo-2025/Valishvili

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება.
  • ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის.
  • მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
  • მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.
  • მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით.
  • მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე.
Didier Trebouq
UNICEF/Geo-2025/Valishvili

მოსწავლეებში ძირითადი კომპეტენციების ეფექტიანად განვითარებისათვის აუცილებელია ფორმალური განათლების გაძლიერება სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფებისთვის. არსებული პლატფორმებისა და ბავშვთა უფლებების ცენტრების გამოყენებით, ხელმისაწვდომი ციფრული სასწავლო პლატფორმის შექმნა და ეთნიკური უმცირესობებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, კარიერული განათლების მხარდაჭერა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, აუცილებელია ახალგაზრდების ყოვლისმომცველი განვითარებისათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდი გამოიყენებს კვლევის შედეგებს მომავალი პროგრამების ფორმირებაში, რათა მხარი დაუჭიროს ბავშვებისა და მოზარდების განვითარებას და მათ წარმატებულ სვლას განათლებისა და დასაქმების გზაზე.

მოკლე ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: საქართველოში ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შეფასება

Lady Marieme Jamme
UNICEF/Geo-2025/Valishvili

თემის შესახებ

საკვანძო კომპეტენციები და უნარები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ თანამედროვე ცხოვრებაში, სამუშაო სივრცესა და საზოგადოებაში არსებულ სირთულეებს. ეს უნარები ქმნიან ყოვლისმომცველ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია უწყვეტი პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის. ამ კომპეტენციების განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფორმალურ, არაფორმალურ და ყოველდღიური პრაქტიკიდან მიღებულ განათლებასთან, ადრეული ასაკიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში და მასში გამოყენებული იყო შერეული მეთოდების მიდგომა, მეტწილად ხარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის 155 სტუდენტი. კვლევაში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრების და ეთნიკური ჯგუფებიდან.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.