ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება ენიჭება

26 ივნისი 2017
UNICEF National Ambassador, Nikoloz Rachveli and UNICEF Representative in Georgia, Laila O. Gad
UNICEF/Geo-2017/Khizanishvili

26 ივნისი, 2017 . თბილისი. დღეს საგანგებო ღონისძიებაზე ნიკოლოზ რაჭველს, კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.  

''მოხარულები ვართ, რომ ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდა იუნისეფის გუნდს, მის მხარდამჭერებსა და ელჩებს,'' აღნიშნავს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ''ნიკოლოზ რაჭველი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მიწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და იყენებდეს საკუთარ პოტენციალს სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. იმედი გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველის ძალისხმევა კვლავ დაგვეხმარება ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რომ საქართველოში დაცული იყოს ბავშვების უფლებები.''

''ჩემთვის ეს პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა,'' ამბობს ნიკოლოზ რაჭველი, იუნისეფის ელჩი საქართველოში. ''ყველაფერს გავაკეთებ საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებების ადვოკატირებისთვის.''

ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი დაეხმარება იუნისეფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას.  

ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან   ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდს და კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და საზოგადოების ინფორმირებას  ბავშვთა უფლებების შესახებ. წელს ნიკოლოზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იუნისეფის საკომუნიკაციო კამპანიაში ''დაინახე ყველა ფერი'', რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის აღმოფხვრა. 

 ნიკოლოზ რაჭველი არის კომპოზიტორი და დირიჟორი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. რაჭველი არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი. 

გაეროს ბავშვთა ფონდი აფასებს ხელოვანთა კავშირ ''კონცეპტ-არტ''-ის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ცნობილი ხელოვანების, ნინო მაჩაიძის, ლიზა ბათიაშვილის და დავით ალდაშვილი მონაწილეობას იუნისეფის საკომუნიკაციო კამპანიაში ''დაინახე ყველა ფერი''.   

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

UNICEF-ის ელჩების შესახებ

იუნისეფის ელჩები მთელს მსოფლიოში თავიანთ შესაძლებლობებსა და აღიარებას იყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოებისა და მთავრობების ყურადღება მიაპყრონ ბავშვთა უფლებების დაცვას და თავიანთი წვლილი შეიტანონ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

დენი ქეი პირველი იყო, ვინც 1954 წელს მიიღო საეთაშორისო ელჩის წოდება; შემდეგ მას შეურთდნენ ოდრი ჰეპბერნი და სხვანი. ამჟამად, არსებობს სრულიად გამორჩეული სია საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული ელჩებისა. 

იუნისეფის კეთილი ნების ელჩები არიან საქვეყნოდ ცნობილი მსახიობები და გამორჩეული ნიჭის ადამიანები, როგორიცაა ქეითი პერი, სერენა უილიამსი, ლიამ ნისონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დევიდ ბექჰემი, ჰარი ბელაფონტე, ორლანდო ბლუმი, ვუპი გოლდბერგი, ლეო მესი, რიკი მარტინი, შაკირა, ვანესა რედგრეივი, სუზან სარანდონი, მია ფეროუ, სერხიო რამოსი, ფრანჩესკო ტოტი, კლაუდია შიფერი, ევან მაქგრეგორი, რობინ უილიამსი, სარა ჯესიკა პარკერი და სხვანი.