გაეროს ბავშვთა ფონდი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში მომავალი თაობის ექიმებისთვის ინტერპერსონალური კომუნიკაციის სწავლების ახალ კურსს ნერგავენ

26 სექტემბერი 2025
Family Doctor
UNICEF/geo-2023/Valishvili

თბილისი, საქართველო - 2025 წლის 26 სექტემბერი - გაეროს ბავშვთა ფონდის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის თანამშრომლობით და კორეის რესპუბლიკის მხარდაჭერით, თსსუ-ში დაინერგა ინტერპერსონალური კომუნიკაციის ახალი სასწავლო კურსი, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამედიცინო განათლებისა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის მიმართულებით საქართველოში.

ინტერპერსონალური კომუნიკაციის კურსი, რომელიც უკვე ინტეგრირებულია სამედიცინო და საექთნო საბაკალავრო პროგრამებში, ეფუძნება უკვე განხორციელებულ ინიციატივას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 2,000-ზე მეტი ჯანდაცვის პროფესიონალი გადამზადდა ბავშვზე ორიენტირებული კომუნიკაციის მიმართულებით. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება ბავშვებთან, დედებთან, საზოგადოებასა და კოლეგებთან ურთიერთობისას, რამაც იმუნიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც შეუწყო ხელი. აღნიშნული სატრენინგო პროგრამის შედეგად, რომელიც აკრედიტებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 30 პროცენტით გაუმჯობესდა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის უნარები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ექიმებსა და ოჯახებს შორის ნდობა და მომსახურების ხარისხი.

„კომუნიკაცია მხოლოდ უნარი არ არის - ეს არის თანაგრძნობაზე დამყარებული, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საფუძველი,“ - იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. 

„ინტერპერსონალური კომუნიკაციის სამედიცინო განათლებაში ინტეგრირებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, მომავალი თაობის ექიმები აღჭურვილნი იყვნენ არა მხოლოდ კლინიკური ცოდნით, არამედ პაციენტებთან ურთიერთობისას საჭირო უნარებით, როგორიცაა მოსმენა, ემპათიასა და პატივისცემაზე დაფუძნებული პასუხი და უკუკავშირი. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციის სწავლების ინსტიტუციონალიზაცია სამედიცინო სისტემის გაუმჯობესების საწინდარია,“ დასძინა მოლერმა.

ახალი სასწავლო კურსი შედეგია გაეროს ბავშვთა ფონდს, თსსუ-სა და ოჯახის ექიმთა ასოციაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • შეიქმნა ინტერპერსონალური კომუნიკაციის სამი სტრუქტურირებული კურსი, რომელიც ისწავლება თსსუ-ს საოჯახო მედიცინის დეპარტამენტში სხვადასხვა სემესტრის განმავლობაში;
  • უნივერსიტეტის მასშტაბით მოხდა კომუნიკაციის ინტეგრაცია ყველა კლინიკურ დისციპლინაში;
  • თსსუ-ს რექტორის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს კომუნიკაციისა და ძირითადი პროფესიული კომპეტენციების განსაზღვრაზე;
  • პროგრამა შესაბამისობაშია საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სექტორულ სტანდარტებთან, რომლებიც ახლა უკვე ოფიციალურად აღიარებს კომუნიკაციას, როგორც სამედიცინო პროფესიონალიზმის მნიშვნელოვან კომპონენტს.

თსსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გააზიარეს საუკეთესო გამოცდილება და იმსჯელეს სამედიცინო განათლებაში კომუნიკაციის სწავლების მომავალზე.

აღნიშნული ინიციატივა ნაწილია გაეროს ბავშვთა ფონდის სტრატეგიული მიზნისა, ხელი შეუწყოს სისტემურ ცვლილებებს, რომ ყოველი ბავშვი საქართველოში იღებდეს არა მხოლოდ კლინიკურად სწორ, არამედ თანაგრძნობითა და პატივისცემით გაწეულ სამედიცინო მომსახურებას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.