გაეროს ბავშვთა ფონდის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად სამედიცინო განათლებაში კომუნიკაციის უნარები დაინერგა

29 მაისი 2026
TSMU
UNICEF/Geo-2026/Valishvili

თბილისი, საქართველო. 28 მაისი, 2026 – გაეროს ბავშვთა ფონდის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) და ოჯახის ექიმთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ინტერპერსონალური კომუნიკაცია ძირითადი კომპეტენციის სახით დაინერგა სამედიცინო საბაკალავრო პროგრამებში — რაც საქართველოში სამედიცინო განათლების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს ერთობლივი ინიციატივა ხელს უწყობს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტთა ნდობის ზრდას მთელი სისტემის მასშტაბით.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, თსსუმ განახორციელა სასწავლო პროგრამის მასშტაბური რეფორმა, დანერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები და შექმნა კომუნიკაციაზე ორიენტირებული ახალი სილაბუსები, რომლებიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს ეფუძნება.

ძირითადი შედეგები მოიცავს: კომუნიკაციის უნარების ინტეგრაციას სწავლების ყველა საფეხურზე, კლინიკურ გამოცდებში კომუნიკაციის შეფასების დანერგვას, სასწავლო მასალების, მათ შორის, პრაქტიკული სასწავლო ვიდეოების შექმნას და აკადემიური პერსონალის უნარების გაძლიერებას სპეციალიზებული ტრენინგების მეშვეობით.

„ჯანდაცვის სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის ეფექტური კომუნიკაცია ხარისხიანი მომსახურების საფუძველია — ის განსაზღვრავს ნდობას, გადაწყვეტილებებსა და ჯანმრთელობის შედეგებს. ვაფასებთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ძალისხმევას, კომუნიკაციის სწავლება სრულად ინტეგრირდეს ყველა პროგრამაში და უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი მდგრადობა. ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების ინსტიტუციონალიზებით, გაძლიერდება ჯანდაცვის სისტემა და გაჩნდება პაციენტზე ორიენტირებული პროფესიონალების ახალი თაობა. გაეროს ბავშვთა ფონდი ამაყობს იმ ინიციატივების მხარდაჭერით, რომლებიც ბავშვებსა და ოჯახებს ჯანდაცვის ცენტრში აყენებს, რადგან ძლიერი კომუნიკაცია ქმნის ნდობას და უფრო გამძლე ჯანდაცვის სისტემებს,“ — განაცხადა იზაბელა კასტროჯოვანიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილება განაპირობა თსსუში — კომუნიკაცია განისაზღვრა, როგორც ძირითადი კლინიკური უნარი სამედიცინო განათლებაში — რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პაციენტთა ჩართულობის ზრდას და ჯანდაცვის მომსახურებების, მათ შორის, იმუნიზაციის, მიმართ ნდობის გაძლიერებას.

თსსუ და გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებენ მუშაობას კომუნიკაციის სწავლების გაძლიერებისა და გაფართოებისთვის, განსაკუთრებული აქცენტით ბავშვის უფლებებზე, შშმ პირთა ჩართულობასა და ციფრულ ჯანმრთელობაზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.