ტელემედიცინა ეხმარება ოჯახებს და ექიმებს მეთვალყურეობა გაუწიონ ბავშვის ზრდასა და განვითარებას

პატარა თამარის ზრდა-განვითარების მონიტორინგს სენაკის ერთ-ერთი სოფლის, მეორე ნოსირის პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიის ექიმი დისტანციურად უზრუნველყოფს.

UNICEF
Family in Senaki Receiving Telemedicine Services
UNICEF/Geo-2025/Kavtuashvili
09 სექტემბერი 2025

5 წლის თამარს იშვიათი დაავადება, ანგელმანის სინდრომი აქვს, რის გამოც ხშირად უწევს ექიმთან ვიზიტი. ოჯახი სენაკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. თამარის დედა, ნათია ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის გამო რეგულარულად სჭირდება სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმი, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში სიარული. „ბავშვთან ერთად გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამისთვის მთელი ოჯახი მობილიზებული ვართ“ - ამბობს ნათია.

ბოლო წლებში თამარის ზრდა-განვითარების მონიტორინგს სენაკის ერთ-ერთი სოფლის, მეორე ნოსირის პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიის ექიმი უზრუნველყოფს. ბავშვის ზრდა-განვითარებაზე მეთვალყურეობა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ხდება, რაც ოჯახისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

"ჩემი და მეუღლის სამსახურეობრივი დატვირთვიდან გამომდინარე ოჯახის ექიმთან ვიზიტს დისტანციურად ვახორციელებთ. ეს ძალიან მოსახერხებელია ჩვენთვის," - ამბობს ნათია

"თეა ექიმი მუდმივ რეჟიმში თვალს ადევნებს ბავშვის ზრდა-განვითარებას. მისგან რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას ჩემი შვილის საჭიროებების შესახებ, ეს მეხმარება, რომ მომზადებული ვიყო და საჭირო დროს სწორად ვიმოქმედო. მისი დახმარებით არაერთ სპეციალისტთან მიგვიწვდება ხელი. იყო შემთხვევა, რომ ჩემი შვილისთვის მაღალკვალიფიციური ექიმების კონსილიუმიც კი შედგა, სადაც კონკრეტულად თამარის შემთხვევა განიხილეს და მიპასუხეს ყველა შეკითხვაზე, რაც კი მისი გეგმიური აცრების შესახებ მქონდა,“ - ამბობს ნათია.

ბავშვის განვითარების დისტანციური მონიტორინგის სისტემა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით დაინერგა. ტელემედიცინის დახმარებით, სოფლის ამბულატორიიდან შესაძლებელი გახდა დისტანციური კონსულტაციის ჩატარება არა მხოლოდ პაციენტთან, არამედ კონკრეტული სფეროს სპეციალისტებთანაც. 

Doctor conducting telemedicine session
UNICEF/Geo-2025/Kavtuashvili
Telemedicine Doctor
UNICEF/Geo-2025/Kavtuashvili

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირის პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიის ექიმი თეა სახოკია ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარებით და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ოჯახის ექიმებმა აიმაღლეს ცოდნა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შესახებ და შეიძინეს კომპეტენცია, რომ ყველაზე პატარა პაციენტებს პროტოკოლის მიხედვით რეგულარული მეთვალყურეობა გაუწიონ.

დისტანციური კონსულტაციის დროს მოწმდება ბავშვის ანთროპომეტრული პარამეტრები. სიმაღლე, წონა, თავის გარშემოწერილობა. ეს მონაცემები დარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  პროტოკოლით გათვალისწინებულ ცხრილებს. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება ამა თუ იმ სახის პრობლემის გამოვლენა, მით უფრო დროულად მოხდება პაციენტის გადამისამართება სპეციალისტთან.“ - ამბობს თეა სახოკია.

ტელემედიცინის პროექტმა 50 სოფლის ამბულატორიის ექიმი გადაამზადა და მისცა მათ წვდომა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ზრდასა და განვითარების ზედამხედველობის ელექტრონულ სისტემაზე. სისტემას აქვს რიგების კონტროლის ფუნქციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში მობილიზებულ სპეციალისტებთან ვიზიტის დაჯავშნის და შეთანხმებულ დროს კი განხორცილების საშუალებას იძლევა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება. ახლა მე აღარ მეშინია იშვიათი სამედიცინო შემთხვევისაც კი," - ექიმი თეა სახოკია

"ჯერ ერთი იმიტომ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით ბავშვის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღეთ. მეორეც იმიტომ, რომ ამავე პროექტის ფაგლებში ჩვენ გავიარეთ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება. ოჯახის ექიმებმა მივიღეთ კომპეტენტური ექსპერტთა ჰაბის მხარდაჭერა.  მაქვს განცდა, რომ ოჯახის ექიმი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მარტო არ არის. დამყარდა და ჩამოყალიბდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კავშირი სოფლის ამბულატორის ექიმებსა და წამყვან სპეციალისტებს შორის.  19 წელია ოჯახის ექიმი ვარ და ასეთი თავდაჯერებული არასოდეს ვყოფილვარ," - ამბობს თეა სახოკია.

Family from Senaki Receiving Telemedicine Services
UNICEF/Geo-2025/Kavtuashvili

ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ბავშვის მოვლისა და განვითარების საკითხებზე ცოდნა 50 ამბულატორიის პაციენტი ბავშვების მშობლებსაც გადაეცათ. მათ საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ონლაინ შეხვედრებს, რომელსაც საქართველოს წამყვანი პედიატრები, ფსიქოლოგები და კვების სპეციალისტები უტარებდნენ. 

"რაც უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ, მშობლებს, რაც უფრო მეტი ექიმი გვეხმარება, უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ თავს, შიშები ნაკლები გვაქვს და გვგონია, პრობლემებს უფრო მეტად გავუმკლავდებით," -, ამბობს ნათია.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად და გაეროს ბავშვთა ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და გაეროს მომსახურების ოფისთან პარტნიორობით დანერგილმა ტელემედიცინის მომსახურებებმა, სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობები შექმნა და ბავშვებზე ზრუნვა მნიშვნელოვნად გაამარტივა.

„ბავშვთა განვითარება გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახის ექიმის როლი ახალდაბადებულ ჩვილ ბავშვებთან მიმართით.ოჯახის ექიმი გახდა პირველი დამხმარე, რომელიც ბავშვის განვითარების კუთხით ოჯახთან ურთიერთობს, რაც ადრე არ ხდებოდა. ჩვენ ხელი შევუწყეთ, რომ საქართველოს ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საცხოვრებელთან ახლოს. შევქმენით ძალიან კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მთავრობამ გადაიბაროს და სისტემაში იყოს მდგრადად ინტეგრირებული. მჯერა, რომ ასეც იქნება, რადგან საქართველოში უკვე არსებობს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევი, რომელიც მოიაზრებს ბავშვთა განვითარებაზე ზედამხედველობის სერვისის მდგრად ინტეგრაციას პირველად ჯანდაცვაში. ამისთვის უკვე ყველანაირი საფუძველი არსებობს, სამოდელო ამბულატორიების მიხედვით. ელექტრონული სისტემა მზად არის გამოყენებისთვის და სოფლის ექიმებს, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, ამ სისტემაში მუშაობის სრული მზდყოფნა აქვთ.“ - აცხადებს თაკო უგულავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის და ნუტრიციის სპეციალისტი.

Embedded video follows
UNICEF

პროექტის შესახებ:

ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით უფრო დიდი პროექტის, „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს მომსახურების ოფისის მიერ. ინიციატივის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სამედიცინო მომსახურებების გაუმჯობესებისა და საქართველოში ჯანდაცვის ხელშესაწყობად.

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გაეროს ბავშვთა ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.