გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ახალი სამოქმედო პროგრამა 2026–2030 წლებისათვის

15 თებერვალი 2026
Impact of COVID-19 on poor mental health in children and young people
UNICEF/UN0465351/Pancic

თბილისი, საქართველო. 16 თებერვალი, 2026 - გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა საქართველოს ახალი სამოქმედო პროგრამა 2026-2030 წლებისთვის, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობაში ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად.

პროგრამა ეფუძნება ბავშვებისა და მოზარდების უფლებების მდგომარეობის ანალიზს საქართველოში და შემუშავებულია ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოება, განვითარების პარტნიორები, აკადემიური წრეები და თავად ბავშვები. ახალი პროგრამა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველვყოთ, საქართველოში ყოველი ბავშვი იყოს ჯანმრთელი, დაცული და სრულად შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება.

პროგრამა ეფუძნება ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებს და 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალ ჩარჩო შეთანხმებას. გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი სამოქმედო გეგმა ორ პრიორიტეტულ მიმართულებას განსაზღვრავს - მრავალგანზომილებიან ბავშვთა სიღარიბესა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

პროგრამის ოთხი კომპონენტი - ჯანმრთელობა და კვება, განათლება და უნარების განვითარება, ბავშვთა დაცვა, სოციალური პოლიტიკა და ბავშვთა უფლებების მონიტორინგი - მიზნად ისახავს სისტემების გაძლიერებას, ხარისხიანი მომსახურებების თანაბარ ხელმისაწვდომობას და ქვეყნის მასშტაბით დაუცველი ბავშვების მხარდაჭერას.

2026-2030 წლების პროგრამა ხაზს უსვამს ვალდებულებების აღებას ეროვნულ დონეზე და ეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდის ნაყოფიერ და ხანგრძლივ პარტნიორობას სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტთან, მუნიციპალიტეტებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიასა და კერძო სექტორთან. პროგრამა ასევე აძლიერებს გაეროს ბავშვთა ფონდის ძალისხმევას ნდობის გაღრმავებისა და მომსახურებების მიწოდების მიმართულებით კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ აღნიშნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცებით, გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს მთავრობა განაგრძობენ მუშაობას, რათა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა, შემცირდეს უთანასწორობა და არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

ბავშვებისა და მოზარდების უფლებების მდგომარეობის ანალიზი საქართველოში იხილეთ მოცემულ ბმულზე: 

https://shorturl.at/qQEnj

 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.