გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ბავშვთა უფლებებისა და ოჯახების მხარდაჭერის გასაძლიერებლად ხუთწლიან პარტნიორობას იწყებენ

28 ივლისი 2026
UNICEF and NALAG Signing New Partnership
UNICEF/Geo-2026/Valishvili

თბილისი, 2026 წლის 28 ივლისი – საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) დღეს ხუთწლიანი პარტნიორობის შეთანხმებას (2026-2030) მოაწერეს ხელი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთობლივი ვალდებულება, ხელი შეუწყონ ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის გაძლიერებას ადგილობრივი მმართველობის, ინკლუზიური სოციალური პოლიტიკისა და ბავშვებზე მორგებული მუნიციპალური სერვისების განვითარების გზით.

პროგრამა „მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვის გაძლიერება მუნიციპალურ დონეზე“ მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ბავშვებისა და ოჯახებისთვის განკუთვნილი სერვისების დაგეგმვის, მიწოდებისა და მონიტორინგის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული აქცენტით პრევენციაზე, ადრეულ მხარდაჭერასა და უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე.

„მუნიციპალიტეტებს წამყვანი როლი აკისრიათ ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ადგილობრივი სისტემების გასაძლიერებლად, რომლებიც იცავს მოწყვლად ბავშვებს, მხარს უჭერს ოჯახებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი თემების განვითარებაში. ბავშვზე ორიენტირებულ დაგეგმვაში, ბიუჯეტირებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ინვესტირებით, ჩვენ ვაძლიერებთ მუნიციპალიტეტებს და ვქმნით უფრო ინკლუზიურ და მდგრად გარემოს ბავშვებისა და ოჯახებისთვის“, - განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანიმ.

ინიციატივა ასევე ხელს უწყობს საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებას, რომელიც მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვან როლს აკისრებს ბავშვთა უფლებების დაცვის, მხარდაჭერისა და მათი საუკეთესო ინტერესების ადგილობრივ პოლიტიკაში, მომსახურებებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ასახვის მიზნით.

პროგრამა დაეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ათეას თანამშრომლობის ფარგლებში უკვე შემუშავებულ ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, მათ შორის, მუნიციპალური სოციალური მუშაობის კონცეფციებს, ბავშვზე ორიენტირებული პროგრამირებისა და ბიუჯეტირების მეთოდოლოგიებს, ასევე ბავშვის უფლებებზე ზეგავლენის შეფასების ჩარჩოს. აღნიშნული ინსტრუმენტები გადაიხედება, ადაპტირდება და საპილოტედ დაინერგება შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, რათა ხელი შეეწყოს მათ ინტეგრირებას მუნიციპალური დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ყოველდღიურ პრაქტიკაში.

„როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ეროვნული ასოციაცია, ათეა ერთგულია, დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებებს გარდაქმნან ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულება პრაქტიკულ ქმედებებად. გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ჩვენ მხარს დავუჭერთ მუნიციპალიტეტებს სერვისების გაძლიერებაში, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების გაუმჯობესებაში და იმაში, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმა სათანადოდ აისახოს ადგილობრივ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

UNICEF and NALAG
UNICEF/GEO-2026/Valishvili

ხუთწლიანი პარტნიორობა ასახავს საერთო ხედვას, რომლის თანახმადაც ბავშვები ადგილობრივი განვითარების და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში უნდა იყვნენ. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებს მიეწოდებათ საჭირო ცოდნა, ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რათა ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მდგრადი და თანასწორი მომსახურებები უზრუნველყონ.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების რეალური მონაწილეობის გაძლიერებაა. მოზარდები და ახალგაზრდები ჩაერთვებიან მუნიციპალური ბიუჯეტირების, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და კატასტროფების რისკის შემცირების ინიციატივებში, რაც ხელს შეუწყობს მათი მოსაზრებებისა და იდეების გათვალისწინებას იმ პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რომლებიც პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებასა და საზოგადოებებზე.

მუნიციპალიტეტები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, სოციალური პროგრამების მიწოდებასა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერაში. მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვზე ორიენტირებული, თანმიმდევრული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამების დანერგვასთან ქვეყნის მასშტაბით. ახალი პროგრამა მიზნად ისახავს ამ გამოწვევების დაძლევას მუნიციპალური სოციალური მუშაობის სისტემების გაძლიერების, მოწყვლადობის შეფასების ინსტრუმენტების გაუმჯობესების, ბავშვთა საჭიროებებზე მეტად მორგებული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდის გზით, რათა მათ უკეთ შეაფასონ თავიანთი გადაწყვეტილებების გავლენა ბავშვთა უფლებებზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.