ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთს 21 ქვეყანაში ტექნოლოგიების საშუალებით ხელშეწყობილი სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია განუცდია - გაეროს ბავშვთა ფონდი
ახალი ანგარიშის მიხედვით, ძალადობის შემთხვევების ნახევარზე მეტი სოციალური მედიის პლატფორმებზე მოხდა, მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები შეატყობინეს შესაბამის უწყებებს
- English
- ქართული
ნიუ-იორკი, 3 სექტემბერი, 2026 – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 21 ქვეყანაში 12-17 წლის ასაკის დაახლოებით 20 მილიონი ბავშვი, ანუ თითქმის ყოველი მეხუთე, ერთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიების საშუალებით ხელშეწყობილი სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის მინიმუმ ერთი ფორმის მსხვერპლი გახდა.
ანგარიში „ბავშვების თვალით: როგორ უწყობს ციფრული ტექნოლოგიები ხელს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას“ აერთიანებს ბავშვების პირად გამოცდილებებს ამ თემაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის ფარგლებში და აფრთხილებს საზოგადოებას ბავშვების სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის ფართოდ გავრცელებული ტენდენციის შესახებ, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში ხდება.
ანგარიშის მიხედვით, 15 მილიონზე მეტ ბავშვს მიუღია არასასურველი სექსუალური შინაარსის მასალა, 9 მილიონს აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის საუბრებში ჩართვას ან ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებას, ხოლო დაახლოებით 4 მილიონი ბავშვის ინტიმური გამოსახულებები მათი თანხმობის გარეშე გავრცელდა. თუმცა, ბავშვების მხრიდან შემთხვევების არასაკმარისი შეტყობინების გამო, რეალური მასშტაბები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.
„ეს ანგარიში მტკივნეულ რეალობას გვაჩვენებს. კვლევაში მონაწილე ქვეყნებში 20 მილიონზე მეტი ბავშვი არასასურველი სექსუალური შინაარსისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა იმავე ციფრულ სივრცეებში, სადაც ისინი სწავლობენ, თამაშობენ და მეგობრებთან ურთიერთობენ,“ განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა.
„ეს გამოცდილებები ბავშვებში ღრმა ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს. ბევრი მათგანი ჩუმად იტანჯება, რადგან არ იცის, ვის მიმართოს დახმარებისთვის. ჩვენ ამ რეალობას თვალს ვერ ავარიდებთ.“
კვლევის შედეგების თანახმად, შემთხვევების თითქმის 60 პროცენტი სოციალურ მედიაში, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-ზე, Snapchat-ზე, TikTok-სა და WhatsApp-ში მოხდა, ხოლო 14 პროცენტი ონლაინ თამაშებთან იყო დაკავშირებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოძალადეები პლატფორმების ფუნქციებსა და დიზაინის თავისებურებებს ნდობის მოსაპოვებლად და ბავშვების ექსპლუატაციისთვის იყენებდნენ. მონტენეგროში შემთხვევების 80 პროცენტზე მეტი სოციალურ მედიასთან იყო დაკავშირებული, ხოლო კოლუმბიაში მსგავსი კავშირი შემთხვევების ნახევარზე მეტში გამოვლინდა.
გამოკითხულ ქვეყნებში, შემთხვევების 57 პროცენტში ძალადობაში ჩართული იყო ბავშვისთვის უკვე ნაცნობი პირი, მათ შორის, თანატოლები, რომანტიკული პარტნიორები, მეგობრები და ოჯახის წევრები. ეს არღვევს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ონლაინ ძალადობის უკან, ძირითადად, უცნობი ადამიანები დგანან. ამავე დროს, ბავშვების 38 პროცენტი მოძალადეს პირველად ონლაინ სივრცეში გადააწყდა და ექსპლუატაცია ხშირად ხდება ყალბი პროფილების გამოყენებით და პირადი შეტყობინებების საშუალებით.
ტექნოლოგიების საშუალებით ხელშეწყობილ სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობას შესაძლოა მძიმე გავლენა ჰქონდეს ბავშვების ემოციურ კეთილდღეობაზე, უსაფრთხოების განცდასა და სხვების მიმართ ნდობაზე. კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ინტერვიუებში ბავშვები ხშირად საუბრობდნენ შიშზე, სირცხვილზე, დაბნეულობასა და იზოლაციაზე. ბევრს არ ესმოდა, რა მოხდა მათ თავს და სად შეეძლოთ დახმარების მიღება.
„არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი... შოკში ვიყავი,“ ამბობს დომინიკელი ახალგაზრდა ქალი, რომლის პირადი ფოტოები 14 წლის ასაკში მისი თანხმობის გარეშე გავრცელდა. კვლევის კიდევ ერთმა მონაწილემ მსგავსი გამოცდილების გახსენებისას აღნიშნა, რომ თავს „ყველაზე გამოყენებულ, ყველაზე ბინძურ და ყველაზე ცუდ ადამიანად“ გრძნობდა.
ანალიზის თანახმად, ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ექსპლუატაცია, ოთხჯერ უფრო მეტი ალბათობით ჰქონდათ სუიციდური ფიქრები, ქცევა ან თვითდაზიანების მცდელობა. მათ ასევე მნიშვნელოვნად შფოთვის მაღალი დონე აღენიშნებოდათ. მაგალითად, მექსიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში სუიციდური ფიქრების ან ქცევის რისკი რვაჯერ იყო გაზრდილი, ხოლო პაკისტანში თვითდაზიანების რისკი შვიდჯერ აღემატებოდა სხვა ბავშვების მაჩვენებლებს.
ტექნოლოგიების საშუალებით ჩადენილი ძალადობის შემთხვევების 40 პროცენტზე მეტი არავისთან გაზიარებულა, ხოლო შემთხვევების 1 პროცენტზე ნაკლები შეატყობინეს პოლიციას, სოციალური მომსახურების ოფისებს ან ცხელ ხაზს. მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვების დუმილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო ის, რომ მათ არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ ან როგორ ეცნობებინათ მომხდარის შესახებ. ზოგიერთ ქვეყანაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო. მაგალითად, სომხეთში შემთხვევების ნახევარზე მეტი საერთოდ არ გამჟღავნებულა.
მიგნებები ცხადყოფს, რომ ციფრულ ეპოქაში ბავშვების უკეთ დასაცავად აუცილებელია მთავრობების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სასწრაფო მოქმედება. ანგარიში მოუწოდებს მათ:
- ციფრული პლატფორმები გახადონ უფრო უსაფრთხო დიზაინის ეტაპიდანვე, გააძლიერონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა, შეზღუდონ ზრდასრულთა არასასურველი კონტაქტები, უზრუნველყონ უფრო უფრო უსაფრთხო რეკომენდაციის სისტემები (ალგორითმები), რომლებიც ბავშვებს იცავს მავნე ან შეუფერებელი შინაარსის გავრცელებისა და რეკომენდაციისგან; და გააუმჯობესონ ძალადობის გამოვლენისა და ანგარიშგების მექანიზმები;
- გააძლიერონ კანონმდებლობა, რეგულაციები და ანგარიშვალდებულება, რათა მთავრობებს ჰქონდეთ აუცილებელი მექანიზმები ძალადობის ახალი ფორმების, მათ შორის, სექსუალური გამოძალვისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სექსუალური ძალადობის მასალების წინააღმდეგ საბრძოლველად;
- შექმნან შეტყობინებისა და მხარდაჭერის ისეთი სისტემები, რომლებსაც ბავშვები ენდობიან, მათ შორის, ბავშვთა დაცვის, ჯანმრთელობის, მართლმსაჯულებისა და სოციალური მომსახურებების გაძლიერების გზით;
- პასუხისმგებლობის ტვირთი ბავშვებიდან გადაიტანონ ოჯახებზე, სკოლებსა და თემებზე, რათა ძალადობის ფაქტების გამოვლენას თან ახლდეს მხარდაჭერა და უსაფრთხო დახმარება;
- შეამცირონ ეკონომიკური მოწყვლადობა, რომელსაც მოძალადეები ხშირად იყენებენ, ოჯახების მხარდაჭერისა და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების გზით;
- დაუპირისპირდნენ იმ სოციალურ და გენდერულ ნორმებს, რომლებიც გოგონების სექსუალიზაციას ამყარებს და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სტიგმატიზაციას უწყობს ხელს.
„ჩვენ ყველამ, მთავრობებმა და ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მათ შორის, გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ ბავშვების დასაცავად ონლაინ სივრცეში,“ განაცხადა რასელმა.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს