ინიციატივა ‘შემოქმედებითი ხმები ბავშვთა უფლებებისთვის’ ახორციელებს დიალოგს ბავშვთა საკითხებზე საქართველოს მასშტაბით

16 ივნისი 2026

თბილისი, საქართველო, 16 ივნისი, 2026 წელი — ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალი ინიციატივა „შემოქმედებითი ხმები ბავშვთა უფლებებისთვის“ კულტურის, დიალოგისა და ხელოვნების საშუალებით ბავშვთა უფლებებს რეალურ გამოცდილებას სძენს. ინიციატივას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან პარტნიორობით და აერთიანებს ხელოვანებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდოს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერება და ჩართულობა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილია ოცამდე შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, რეჟისორებთან და მწერლებთან. შეხვედრები მოიცავს ფილმების ჩვენებებს, წიგნების განხილვებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს მწერლების, რეჟისორებისა და ბავშვთა უფლებების ექსპერტების მონაწილეობით. ნაწარმოებებში ასახული თემები განხილული იქნება ბავშვთა უფლებების პრიზმაში, აუდიტორიის აქტიური ჩართულობით.

კულტურულ ინსტიტუციებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ინიციატივის მიზანია, ბავშვთა უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ხილული და მნიშვნელოვანი გახდეს.

„როდესაც ბავშვთა უფლებებზე შემოქმედებითი ფორმებით ვსაუბრობთ, ეს საკითხი აღარ რჩება აბსტრაქტულ ცნებად — იგი ცოცხალ და გაზიარებულ ღირებულებად იქცევა,“ — განაცხადა იზაბელა კასტროჯოვანიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

„კულტურისა და ხელოვნების მეშვეობით საზოგადოებას ვეხმარებით, უკეთ გაიაზროს ბავშვთა უფლებები და უფრო აქტიურად დაიცვას ისინი. მადლობას ვუხდით ევროკავშირს მუდმივი მხარდაჭერისთვის და მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან, რათა ბავშვთა საკითხები ხელოვნების საშუალებით კიდევ უფრო დავაახლოოთ საზოგადოებასთან,“ — დასძინა კასტროჯოვანიმ.

„ბავშვთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ევროკავშირის პრიორიტეტია. თუმცა უფლებები მხოლოდ კანონებითა და ინსტიტუციებით ვერ იქნება დაცული — მათ განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებასაც აკისრია. ფილმებისა და ისტორიების მეშვეობით რთული საკითხები უფრო გასაგები და ახლობელი ხდება, რაც დამოკიდებულებების შეცვლას უწყობს ხელს ისე, როგორც ამას მხოლოდ პოლიტიკა ვერ შეძლებდა,“ — განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ხელოვნებასა და კულტურას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის და ბავშვთა უფლებების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასანერგად. ისინი რთულ საკითხებს უფრო გასაგებს ხდის, ადამიანის პირად გამოცდილებასთან აახლოებს და ემოციურად ხელმისაწვდომს ხდის. ისტორიების, ფილმებისა და შემოქმედებითი გამოხატვის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით საზოგადოება უკეთ აცნობიერებს ბავშვების გამოცდილებას, უპირისპირდება საზიანო სოციალურ ნორმებს და ავითარებს თანაგრძნობის უნარს. ამავდროულად, იქმნება უსაფრთხო სივრცეები დიალოგისთვის, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით.


ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია, ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ასევე ექსპერტული, ინოვაციური და ფინანსური მხარდაჭერის გზით უწყობს ხელს.

ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/


პროექტის შესახებ

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის — ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე“ მიზნად ისახავს ბავშვების დაცვასა და ოჯახების მხარდაჭერას.

პროექტი ხელს უწყობს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ ოჯახში დაბრუნებას. ასევე აუმჯობესებს მომსახურებებს ბავშვებისა და ოჯახებისთვის და აძლიერებს ოჯახებს ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში ან ყველაზე დაუცველ ოჯახებში, ასევე ბავშვებს, რომლებიც გახდნენ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, მსხვერპლნი. პროექტის მიზანია, მათ მიიღონ საჭირო ზრუნვა და იურიდიული დახმარება.

პროექტი ასევე ამზადებს პროფესიონალებს, რათა მათ უკეთ დაეხმარონ ბავშვებსა და ოჯახებს, ხელს უწყობს ბავშვების მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და ქვეყნის მასშტაბით ზრდის ცნობიერებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.