"უფროსი დაიკო" - თინეიჯერების მიერ შექმნილი სივრცე თანატოლების მხარდასაჭერად

როგორ აქცია ოთხმა ბათუმელმა მოზარდმა საერთო გამოცდილება უსაფრთხო სივრცედ ახალგაზრდებისთვის

UNICEF Georgia
Upshift winner team - Uprosi Daiko
UNICEF/Geo-2026/Kavtuashvili
28 მაისი 2026

„ყოველთვის მინდოდა უფროსი დაიკო მყოლოდა. ადრეულ მოზარდობაში ძალიან მჭირდებოდა, რომ მიმეღო ის რჩევები, რასაც ახლა ჩვენ ჩვენზე უმცროსებს ვუზიარებთ,“ — ამბობს 17 წლის ანა ქადაგიძე, ახალგაზრდული სტარტაპის „უფროსი დაიკოს“ შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელი.

ანა ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში — UPSHIFT. პროგრამა ახალგაზრდებს ცხოვრებისეული და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება. პროგრამის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალგაზრდებისთვის ორთვენახევრიანი ინტენსიური კურსები განახორციელა. პროგრამა მოიცავდა ოთხ ძირითად მიმართულებას: ლიდერობას, პროექტების მართვას, დიზაინერულ აზროვნებასა და სოციალურ მეწარმეობას. მონაწილეებმა გაიუმჯობესეს სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარები, ციფრული წიგნიერება და სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული კომპეტენციები.

„UPSHIFT-ის პროგრამის შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს რეგიონსა და ასაკობრივ ჯგუფსაც მოიცავდა. ინფორმაცია ჩემს სამ მეგობარს გავუზიარე და ერთად დავრეგისტრირდით. მონაწილეობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო — თეორიული და პრაქტიკული სამუშაოთი გაჯერებული. მანამდე ნაკლებად ვიცოდი, როგორ იწყება სტარტაპი. ამ პროგრამაში ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე ეს პროცესი. ჩამომიყალიბდა ხედვა, გავიგე, როგორ აღმოვაჩინო პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ჩემი იდეით შემიძლია. დღეს უკვე გვაქვს ჩვენი პლატფორმა და მის განვითარებაზე ვმუშაობთ,“ — ამბობს ანა კალანდაძე, „უფროსი დაიკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Upshift Participants - Uprosi Daiko
UNICEF/Geo-2026/Kavtuashvili

ბათუმელმა მე-11 კლასელმა გოგონებმა - ანა კალანდაძემ, ანასტასია ლორთქიფანიძემ, მარიამ ზოიძემ და ანა ქადაგიძემ - მენტორების მხარდაჭერით შექმნეს ბიზნეს-გეგმა და წამოიწყეს საკუთარი ინიციატივა. მათ საქმიანობას საფუძვლად უდევს გულწრფელობა, ემპათია და ერთმანეთის გაძლიერების სურვილი.

სულ მალე მათი ინიციატივა - ვებგვერდი „უფროსი დაიკო“ - თინეიჯერებისთვის ხელმისაწვდომ სივრცედ იქცა. პლატფორმა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ემოციურად უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას და აერთიანებს ბლოგს, ვორქშოფებსა და სამომავლოდ - პოდკასტს, სადაც თინეიჯერები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე გულწრფელად ისაუბრებენ.

„ქართულ სივრცეში არ არსებობდა პლატფორმა, სადაც ახალგაზრდა გოგონები მიიღებდნენ მათთვის სანდო და საჭირო რჩევებს იმ საკითხებზე, რომლებზეც ხშირად ვერც მშობლებთან, ვერც მეგობრებთან და ზოგჯერ ფსიქოლოგთანაც კი ვერ საუბრობენ. ამიტომ შევქმენით „უფროსი დაიკო“ - სივრცე, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვუზიარებთ თანატოლებს იმ რჩევებს, რაც თავად უკვე გამოვცადეთ,“ - ამბობს ანასტასია ლორთქიფანიძე.

იდეიდან მისი განხორციელებისა და შემდგომი განვითარების პროცესში გუნდს UPSHIFT-ის პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარა. პირველივე ეტაპზე მათ მიაღწიეს წარმატებას და გაეროს ბავშვთა ფონდიდან 1,000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს, რომელიც ვებ-გვერდის შექმნას მოხმარდა.

Uprosi Daiko - making content
UNICEF/Geo-2026/Kavtuashvili

„უფროსი დაიკოს“ მსგავსი ინიციატივები აჩვენებს, თუ რამდენად დიდი ძალა აქვთ ახალგაზრდებს თავიანთ თემებში ცვლილებების განხორციელებისათვის. როდესაც მოზარდებს აქვთ სათანადო მხარდაჭერა, უნარები და შესაძლებლობები, ისინი ხდებიან არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ ინოვატორები და შეუძლიათ თავად გადაჭრან პრობლემები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით, იუნისეფი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ისეთ ინიციატივას, როგორიცაა UPSHIFT, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს უნარებსა და შესაძლებლობებს, თავიანთი იდეები ქმედებებად აქციონ“, - განაცხადა ნათია ჯოხაძემ, იუნისეფის განათლების სპეციალისტმა.

დღეს პლატფორმაზე რეგულარულად ქვეყნდება სტატიები პიროვნულ განვითარებაზე, ურთიერთობებზე, თვითშეფასებასა და თინეიჯერებისთვის აქტუალურ სხვა თემებზე. ციფრულ სივრცეს უკვე დაემატა რეალური აქტივობებიც.

„UPSHIFT-ის შემდეგ არ გავჩერებულვართ — ჩვენი იდეა კიდევ უფრო განვავითარეთ. დავიწყეთ ვორქშოფების დაგეგმვა და პოდკასტის შექმნაზე მუშაობა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალურ საგრანტო პროგრამაში შევიტანეთ განაცხადი 25,000-ლარიანი დაფინანსების მოსაპოვებლად. ძალიან ვღელავდით, რადგან ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები ვიყავით, თუმცა ჩვენი შესაძლებლობები შეამჩნიეს და საბოლოოდ გავიმარჯვეთ,“ — იხსენებს ანა კალანდაძე.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტით გუნდი გეგმავს პოდკასტისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის — კამერების, მიკროფონებისა და განათების — შეძენას, ასევე ვებ-გვერდის განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.

Uprosi Daiko
UNICEF/Geo-2026/Kavtuashvili

„UPSHIFT-ის პროგრამამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ასეთ მოკლე დროში ბევრი რამ ვისწავლეთ და შევძელით იდეის რეალურ პროექტად ქცევა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესში მივიღეთ, არის თავდაჯერება - უნარი, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გამოგვადგება,“ - ამბობს მარიამ ზოიძე.

„ვისწავლე თავდაჯერებულობა და საჯარო გამოსვლები. ადრე მიჭირდა დიდი აუდიტორიის წინ საუბარი, ახლა კი უკვე შემიძლია კამერის წინაც თავისუფლად ვისაუბრო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ცვლილებაა,“ - ამბობს ანა ქადაგიძე.

„უფროსი დაიკოს“ დამფუძნებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ არაფორმალურ განათლებას და თანატოლებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ მსგავს პროგრამებში.

„თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, გამოიყენო შესაძლებლობები და არ შეგეშინდეს,“ - ამბობს მარიამ ზოიძე.

დღეს „უფროსი დაიკო“ უკვე აღარ არის მხოლოდ იდეა - ეს არის მზარდი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა, გაიზიარონ გამოცდილება და განვითარდნენ.

„როდესაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, თქვან თავიანთი სათქმელი და იციან, როგორ იმოქმედონ, ისინი არა მხოლოდ ოცნებობენ უკეთეს სამყაროზე, არამედ მის აშენებასაც იწყებენ“, - განაცხადა იზაბელა კასტროჯოვანიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.