ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვთა უფლებების მიმართ ნაკისრ ვალდებულებზე, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო. 1 ივნისი, 2026 - ბავშვთა საერთაშორისო დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, თემებს, ოჯახებსა და ახალგაზრდებს, გაერთიანდნენ თითოეული ბავშვის უფლებების დასაცავად. დღევანდელი დღე მხოლოდ დღესასწაული კი არა, შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საერთო ვალდებულება, ყველა ბავშვი იზარდებოდეს უსაფრთხო გარემოში, იყოს დაცული და ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად განავითაროს საკუთარი პოტენციალი.
ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ამბროლაურში, გაეროს ბავშვთა ფონდის და სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა უფლებებზე ბავშვების, მშობლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით და სახალისო აქტივობებში ბავშვთა უფლებებზე. Litkid-თან პარტნიორობით ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა თავად შექმნეს კომიქსები ბავშვთა უფლებების თემაზე. სახალხო დამცველთან თანამშრომლობით გაიმართა სემინარი, რომელზედაც ბავშვებმა როლური თამაშების, დისკუსიებისა და ინტერაქტიული ქვიზების საშუალებით მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა დაცვის მექანიზმების შესახებ. ღონისძიებები განხორციელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერების კუთხით. დღეს უფრო მეტი ბავშვი იზრდება ოჯახურ გარემოში და ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერებაც მაღლდება.
მიუხედავად ამისა, გამოწვევები ჯერაც არსებობს. ზოგიერთი ბავშვი კვლავ განიცდის ძალადობას, უგულებელყოფას და გარიყულია. ზოგი სიღარიბეში ცხოვრობს, ვერ იღებს ხარისხიან სერვისებს და იმ მხარდაჭერას, რაც მათი განვითარებისთვისაა საჭირო.
"თითოეულ ბავშვს საქართველოში აქვს უზარმაზარი პოტენციალი. როდესაც ვიცავთ ბავშვთა უფლებებს და ინვესტიციას ვდებთ მათ კეთილდღეობაში, ჩვენ არა მხოლოდ ინდივიდუალურ ბავშვებს ვუჭერთ მხარს - ჩვენ ვქმნით უფრო ძლიერ, ინკლუზიურ და მდგრად საზოგადოებას ყველასთვის." - განაცხადა იზაბელა კასტროჯოვანიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
"სასიხარულია, როცა ვხედავ, როგორ ეცნობიან ბავშვები საკუთარ უფლებებს, გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს და თანამშრომლობენ იმ ინსტიტუციებთან, რომლებიც მათ დაცვას ემსახურება. გაეროს ბავშვთა ფონდი მადლიერია ევროკავშირის და სახალხო დამცველის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რამაც ეს შესაძლებელი გახადა. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია, ყველა ბავშვი გაიზარდოს უსაფრთხოდ, მხარდაჭერით გარემოცული და საკუთარი ძალების რეალიზაციის რწმენით" - დაამატა იზაბელა კასტროჯოვანიმ.
ამ დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს გაძლიერებული ქმედებებისკენ:
- ადრეულ ეტაპზევე მოხდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია ოჯახების მხარდაჭერით და სათემო მომსახურებების გაძლიერებით.
- შემუშავდეს ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სერვისები ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის.
- ბავშვებს მიეცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მათ ეხებათ.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პოლიტიკისა და ბიუჯეტების შემუშავებისას ბავშვების პრიორიტეტად ქცევა არჩევანი კი არა, აუცილებლობაა - ეს არის საფუძველი მათი უფლებების, კეთილდღეობისა და მომავლის უზრუნველსაყოფად.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.