აღდგენითი მართლმსაჯულებისა და განრიდების შედეგად არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი მინიმალურია

2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 2300-ზე მეტი არასრულწლოვანი და 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო.

02 ნოემბერი 2017
Child in Conflict with the Law with Social Worker
UNICEF

2 ნოემბერი, 2017 წელი. თბილისი. განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების მიმოხილვას და აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციის სისხლის სამართლის პროცესში დანერგვას ისახავს მიზნად კონფერენცია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობენ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივო ერცენი, რომელიც წამყვანი ევროპელი მკვლევარია აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში.

ღონისძიება ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში იმართება.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ პროკურორი ვალდებულია, პირველ რიგში, განიხილოს განრიდების შესაძლებლობა და მხოლოდ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

2017 წლიდან განრიდების მექანიზმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და გაზრდილია განრიდების მაჩვენებლები. შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, არასრულწლოვანთა დაკავების, მათ მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები; შემცირებულია ასევე არასრულწლოვანთა საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების ვადები. განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის  მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებს. ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 3 წლის ვადაში განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა განრიდებული ახალგაზრდების მხოლოდ 9%-მა.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიზანია უბიძგოს დამნაშავეს, გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები, გაუჩნდეს თანაგრძნობა დაზარალებულის მიმართ. აღდგენითი მართლმსაჯულება არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი მოიცავს მხარეთა ჩართულობას, როგორც კანონდამრღვევის და დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოების და თემის მხრიდან.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციის დანერგვა 2010 წელს დაიწყო, როდესაც ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე გადაწყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამავდროულად არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე. განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს გარკვეული პირობების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას, როგორც სრულუფლებიანი წევრი. 2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო. განრიდებისა და მედიაციის პროგრამას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი