არასაკმარისი კვება აზიანებს ბავშვების ჯანმრთელობას, ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდი

სიღარიბე, ურბანიზაცია, კლიმატის ცვლილება და საკვების მწირი არჩევანი განაპირობებს არაჯანმრთელ კვებას. 3-დან 1 ხუთ წლამდე ბავშვი კვების დეფიციტს განიცდის, ხოლო 3-დან 2 ორ წლამდე ბავშვი არასაკმარისად იკვებება.

16 ოქტომბერი 2019
Girl eats launch
UNICEF/UNI212715/Vilca

ნიუ იორკი, 15 ოქტომბერი 2019 - ბავშვების საგანგაშოდ დიდი რაოდენობა იტანჯება არასაკმარისი კვების მიერ გამოწვეული შედეგებით და კვებითი სისტემით, რომელიც აფერხებს მათ განვითარებას - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში “ბავშვები, სურსათი და კვება”.

ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2019: ბავშვები, სურსათი და კვება“  აღნიშნულია, რომ 3-დან მინიმუმ ერთი  5 წლამდე ბავშვი - 200 მილიონზე მეტი ბავშვი - ან  გამოუკვებავია, ან ჭარბი წონა აქვს.  6 თვიდან 2 წლამდე ასაკის 3-დან 2 ბავშვი ვერ იკვებება ისეთი საკვებით, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მზარდ ტვინსა და ორგანიზმს. ეს საფრთხეს უქმნის მათი ტვინის განვითარებას, ასუსტებს სწავლის უნარს, ადაბლებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციების რისკს, რამაც შესაძლოა ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს.

„ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური, კულტურული და სოციალური განვითარების მიუხედავად, ჩვენ ყურადღების მიღმა დაგვრჩა ყველაზე ფუნდამენტური ფაქტი: თუ ბავშვები ცუდად იკვებებიან, ისინი ცუდადაც ცხოვრობენ“, - თქვა ჰენრიეტა ფორმა, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. „მილიონობით ბავშვი  ცხოვრობს არაჯანსაღი რაციონით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არჩევანი. ის, როგორც ჩვენ გვესმის და ვპასუხობთ კვების დეფიციტის პრობლემას, უნდა შეიცვალოს: ბავშვებისთვის მხოლოდ საკმარისი საკვების მიწოდება არ არის საკმარისი, უპირველეს ყოვლისა, მათ სწორი საკვები უნდა მივაწოდოთ. ესაა დღეს ჩვენი საერთო გამოწვევა.“

ანგარიშში წარმოდგენილია 21-ე საუკუნის ბავშვის კვების დეფიციტის ყველა ფორმის ძალიან დეტალური შეფასება. ის აღწერს კვების დეფიციტის სამმაგ ტვირთს - არასაკმარის კვებას, აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობით გამოწვეულ ფარულ შიმშილს, და ჭარბ წონას ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში და მიუთითებს, რომ მსოფლიოში:

  • 149 მილიონ ბავშვს აღენიშნება ზრდაში ჩამორჩენა, ან არის ასაკთან შედარებით ზედმეტად დაბალი
  • 50 მილიონი ბავშვი არის გამოფიტული ან ზედმეტად გამხდარი თავის სიმაღლესთან შედარებით
  • 340 მილიონი ბავშვი - ანუ 2-დან 1 ბავშვი - იტანჯება აუცილებელი ვიტამინების  და ნივთიერებების ნაკლებობით, როგორებიცაა ვიტამინი  A და რკინა
  • 40 მილიონ ბავშვს ან ჭარბი წონა აქვს, ან მსუქანია

ანგარიშში ნათქვამია, რომ არასწორი და არასაკმარისი კვების პრაქტიკა ბავშვის ცხოვრების პირველივე დღეებიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვებით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, მაგალითისთვის, ექვს თვემდე ბავშვების მხოლოდ 42%-ს კვებავენ ექსკლუზიურად ძუძუთი და სულ უფრო მეტი ბავშვი იკვებება ხელოვნური საკვებით. რძეზე დაფუძნებული ხელოვნური საკვების გაყიდვები 2008-2013 წლებში 72%-ით გაიზარდა მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი. მიზეზი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება შეუსაბამო მარკეტინგს, სუსტ პოლიტიკასა და პროგრამებს, რომელმაც უნდა დაიცვას, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ძუძუთი კვებას.

როცა ბავშვები დაახლოებით ექვსი თვის ასაკიდან რბილიდან მყარ საკვებზე გადასვლას იწყებენ, ზედმეტად ბევრი მათგანი კვებას არასწორი რაციონით იწყებს, ნათქვამია ანგარიშში. მსოფლიოს მასშტაბით, 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების დაახლოებით 45%  არ იკვებება ხილით ან ბოსტნეულით. ბავშვების დაახლოებით 60% არ ჭამს კვერცხს, რძის ნაწარმს, თევზს ან ხორცს. 

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო საგანგაშოა მათი წვდომა არაჯანსაღ საკვებზე, რაც უმეტისწილად გამოწვეულია შეუსაბამო მარკეტინგით და რეკლამით, დამუშავებული საკვების სიჭარბით როგორც ქალაქებში, ასევე შორეულ დასახლებებში. ასევე, იზრდება ხელმისაწვდომობა სწრაფ კვებასა და ჭარბად დაშაქრულ სასმელზე.

მაგალითისთვის, ანგარიში აჩვენებს, რომ სკოლის ასაკის მოზარდების 42%  დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან მოიხმარენ გაზიან ტკბილ სასმელებს მინიმუმ დღეში ერთხელ, ხოლო 46% მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვებება სწრაფი საკვებით. ეს მაჩვენებლი იზრდება 62% და 46%-მდე მაღალი შემოსავლის ქვეყნებში.

შედეგად, ჭარბწონიანობის და სიმსუქნის მაჩვენებელი ბავშვებში და მოზარდებში იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. 2000 წლიდან 2016 წლამდე ჭარბწონიანობის პროპორცია 5-დან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაორმაგდა. 1975 წელთან შედარებით, 10-ჯერ მეტი გოგო და 12-ჯერ მეტი ბიჭი იტანჯება სიმსუქნით დღეისათვის.  

კვების დეფიციტი, ყველა ფორმით  ყველაზე დიდ ტვირთად აწვება იმ ბავშვებს და მოზარდებს, ვინც უღარიბეს და მარგინალიზებულ თემებში ცხოვრობენ, აღნიშნულია ანგარიშში. ღარიბ ოჯახში მცხოვრები ექვსი თვიდან 2 წლამდე ასაკის 5-დან მხოლოდ 1 ბავშვი იღებს მრავალფეროვან საკვებს, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ზრდისთვის.  მაღალი შემოსავლის ქვეყნებშიც კი,  როგორიცაა მაგალითად, გაერთიანებული სამეფო, ჭარბწონიანობა ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება ღარიბ უბნებში, ვიდრე მდიდარ დასახლებებში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფები იწვევს მწვავე სასურსათო კრიზისებს. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში არსებული ზარალისა და დანაკარგის 80% გვალვაზე მოდის, რაც დრამატულად ცვლის ბავშვებისა და ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი საკვების ტიპს, ხარისხსა და ფასს.

კვების დეფიციტის მზარდი კრიზისის დასაძლევად, გაეროს ბავშვთა ფონდი საგანგებოდ მოუწოდებს მთავრობებს, კერძო სექტორს, დონორებს, მშობლებს, ოჯახებს და ბიზნესებს, დაეხმარონ ბავშვებს ჯანსაღ განვითარებაში. ამისათვის საჭიროა:

  1. ოჯახების, ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ჯანსაღი საკვების მოთხოვნა, კვებასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება და ისეთი ნაცადი კანონმდებლობის გამოყენება,   როგორიცაა მაგალითად, შაქრის ბეგარა, რათა შემცირდეს მოთხოვნა არაჯანსაღ საკვებზე.
  2. პროდუქტის მომწოდებლების მოტივირება, რომ გადადგან ნაბიჯები ბავშვების სასარგებლოდ,  მათთვის ჯანსაღი, ხელმისავწდომი და იაფი საკვების მიწოდებით.
  3. ჯანსაღი კვებითი გარემოს შექმნა ბავშვების და მოზარდებისთვის ისეთი მიღებული მიდგომების გამოყენებით, როგორიცაა ზუსტი და იოლად გასაგები ეტიკეტების გამოყენება და ბაზარზე არაჯანსაღი საკვების რეკლამის მკაცრი კონტროლი.
  4. დამხმარე სისტემების მობილიზაცია, როგორიცაა ჯანმრთელობა, წყალი და სანიტარია, განათლება და სოციალური დაცვა - ნუტრიციული შედეგები ყველა ბავშვისთვის უნდა გაუმჯობესდეს.
  5. მაღალი ხარისხის მონაცემების და მტკიცებულებების შეგროვება, ანალიზი და გამოყენება მოქმედების დასაწყებად და პროგრესის მონიტორინგისთვის.

„ჩვენ ვკარგავთ უპირატესობას ჯანსაღი რაციონისთვის ბრძოლაში“, განაცხადა ჰენრიეტა ფორმა. „ეს ის ბრძოლა არაა, რომელსაც მარტო მოვიგებთ. ჩვენ გვჭირდება მთავრობები, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, რომ ბავშვთა ნუტრიცია პრიორიტეტული გახდეს და ერთობლივი ძალისხმევით აღმოვფხვრათ არაჯანსაღი კვების მიზეზები.“

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი