ქრისტინეს სკოლაში დაბრუნება

როგორ იმუშავა ყველამ ერთად, როგორც ერთმა ოჯახმა, რომ ქრისტინესთვის მეორე შანსი მიეცათ

გიორგი ლომსაძე გაეროს ბავშვთა ფონდისათვის
Kristine and teachers
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
15 დეკემბერი 2021

როდესაც ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა კირკიტაძემ შეამჩნია, რომ ქრისტინემ გაკვეთილების გაცდენას მოუხშირა, მან მოსწავლესთან ბინაზე მისვლა გადაწყვიტა. სახლში მისვლისას დირექტორმა ნახა რომ 13 წლის ქრისტინე თავისი ხუთი და-ძმიდან ყველაზე უმცროსების მოვლით იყო დაკავებული.

„მეუღლესთან გაშორების შემდეგ ქრისტინეს დედას სრული დატვირთვით მუშაობა მოუწია, ასე რომ, ოჯახში უმცროსი ბავშვების მოვლა ქრისტინეს დაეკისრა“, - ამბობს კირკიტაძე.

Kristine and mother
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and her mother at school

"დავრჩი მარტო ექვს შვილთან ერთად და პატარებთან ვიღაც უნდა დარჩენილიყო სახლში, სანამ სამსახურში ვიყავი, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ სხვა გამოსავალს ვიპოვიდი." 

 

„დავრჩი მარტო ექვს შვილთან ერთად და პატარებთან ვიღაც უნდა დარჩენილიყო სახლში, სანამ სამსახურში ვიყავი, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ სხვა გამოსავალს ვიპოვიდი“, - ამბობს ქრისტინეს დედა.

მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებდა სიტუაციის სირთულეს, კირკიტაძე არ აპირებდა ქრისტინეზე ხელის აღებას. „ძალიან კარგი ბავშვია და ძალიან საწყენი იქნებოდა მისი განათლების გარეშე დატოვება“, - თქვა მან. კირკიტაძემ და ქრისტინეს დედამ მოითათბირეს და შეადგინეს განრიგი, რომელიც დაეხმარებოდა ქრისტინეს გაკვეთილებზე დასწრებასა და მინიმალური სასწავლო მოთხოვნების შესრულებაში.

Principle and Kristine
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and Principle of Zestaponi Public School Number 4, Lela Kirkitadze

მაგრამ როდესაც ქრისტინე დიდი ხნის პაუზის შემდეგ საკლასო ოთახს დაუბრუნდა, მას გაუჭირდა სასკოლო ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა. ქრისტინეს რცხვენოდა რომ ძალიან ჩამორჩა სასწავლო პროგრამას თანაკლასელებთან შედარებით. „ყველა მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ის ძალიან შეიცვალა, ერიდებოდა ლაპარაკს. სიტყვას ძალით თუ  დააცდენინებდი”, - გვიყვება კირკიტაძე.

 

"მე სულ ცალკე ვიდექი. ერთხელ ისიც კი ვიფიქრე, რომ ცდაც აღარ ღირდა."

 

მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქრისტინეს გაკვეთილებში მონაწილეობა წაეხალისებინათ, მაგრამ, მაინც, ის სულ უფრო და უფრო კარგავდა ინტერესს სწავლის მიმართ. „გაკვეთილზე ყველა ჩემი თანაკლასელი დავალებებს აბარებდა და ლაპარაკობდა რაღაცეებზე, რაც არ მესმოდა”, - ამბობს ქრისტინე. „მე სულ ცალკე ვიდექი. ერთხელ ისიც კი ვიფიქრე, რომ ცდაც აღარ ღირდა. თან, ცოტა გავზარმაცდი კიდეც.“

სწორედ ამ დროს დაუკავშირდა კირკიტაძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების რისკის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. „როდესაც პირველად მკითხეს, გვყავდა თუ არა ისეთი ბავშვები ვინც სკოლაში არ დადიოდნენ, პირველი ის გავიფიქრე, რომ შარში ვიყავი, მაგრამ გულახდილად ვუთხარი, რომ ასეთი მოსწავლეები გვყავდა”, - იხსენებს კირკიტაძე. „ჩვენთან ყოველთვის არის რამდენიმე ბავშვი, რომელიც აცდენს გაკვეთილებს. ძირითადად ისინი ხელმოკლე ოჯახებიდან არიან. ისინი მშობლებს საოჯახო ან სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებიან. ყოველ წელს ვიბრძვით, რომ ეს ბავშვები სკოლაში დავტოვოთ”.

კირკიტაძე ამბობს, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც შესთავაზეს ახალი  დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამის გამოცდა, რომელიც განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის, რომლებსაც მოსწრების პრობლემები ჰქონდათ. მან იფიქრა, რომ ეს შეიძლება ზუსტად ის გამოსავალი ყოფილიყო, რომელსაც ეძებდა ქრისტინეს დასახმარებლად. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ბულგარეთის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით შექმნილი ეს  სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საერთო საგანმანათლებლო სისტემაში რეინტეგრაციას.

Kristine and teacher
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and her teacher of Literacy skills, Marine Barbakadze.

„ჯერ არც კი ვიცოდი კონკრეტულად რა იგეგმებოდა, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ დახმარებას გვთავაზობდნენ და ჩვენ მარტო აღარ ვიყავით ამ პრობლემასთან ჭიდილში“, - ამბობს კირკიტაძე. „მაშინვე ვიფიქრე ხუთ მოსწავლეზე, რომლებსაც გამოადგებოდათ ასეთი დახმარება. ქრისტინე ერთ-ერთი მათგანი იყო.“

 

"მალევე მივხვდით, რომ ახალი სასწავლო გეგმა საკმაოდ მოქნილი იყო. ეს იყო აქტივობებისა და იდეების ფართო სპექტრი, რომელთა განსახილველად თავად მასწავლებლები მიიწვიეს, რათა პროგრამა მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო მათ საჭიროებებზე."

 

სკოლის ზოგიერთ მასწავლებელს თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ამ ინიციატივის მიმართ. „იყო გარკვეული შეშფოთება, რომ ინოვაციური მიდგომა, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზეს, არ იქნებოდა მორგებული ჩვენს რეალობაზე”, - ამბობს კირკიტაძე. „მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ახალი სასწავლო გეგმა საკმაოდ მოქნილი იყო. ეს იყო აქტივობებისა და იდეების ფართო სპექტრი, რომელთა განსახილველად თავად მასწავლებლები მიიწვიეს, რათა პროგრამა მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო მათ საჭიროებებზე. ძირითადი აზრი არის მოსწავლეებისათვის დავალებების გამარტივება -  დავიწყოთ მარტივი, თუნდაც სახალისო დავალებებით და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დავეხმაროთ მოსწავლეებს მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს,“ - ამბობს ის.

teacher and Kristine
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and her teacher of Numeracy skills, Marine Bakradze.

მთელი საქართველოს მასშტაბით ას ოთხმოცდახუთმა მასწავლებელმა, მათ შორის კირკიტაძემ, გაიარა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტრენინგი. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მასწავლებლების აღჭურვა ეფექტური მეთოდებით მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების უნარების განსავითარებლად და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.

 

"ეს პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მიეცეს განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი კანონით გარანტირებული უფლებაა." 

 

„ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების უფლება და ეს პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მიეცეს განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი კანონით გარანტირებული უფლებაა“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ყველა სკოლა იყოს აღჭურვილი საჭირო ცოდნით და უნარებით, ასევე სპეციალური პროგრამებით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად, რათა ისინი ხელახლა ჩაერთონ საშუალო განათლების სისტემაში. გაეროს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის ბულგარეთის მთავრობას მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის ამ პროცესში. ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საქართველოში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.“

teacher and Kristine
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and Irma Bochorishvili, Deputy Principal of the Public School #4 in Zestaponi.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით,  საგანმანათლებლო პროცესში ყველა ბავშვის ჩართვაზე ორიენტირებული პროგრამა ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. „იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩამოაყალიბა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირების სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით”, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ.

კირკიტაძე ამბობს, რომ ქრისტინეს სკოლაში დაბრუნების პერსპექტივით დაიმედებულმა პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა მისი გრაფიკის გათვალისწინება დაიწყეს  და ახალი სასწავლო გეგმის გამოყენებით მასთან მუშაობას დამატებით დროს უთმობდნენ. ქრისტინე ამბობს, რომ ძალიან მოეწონა მისი ახალი გაკვეთილები. „ყველა დავალება სახალისო იყო. ზოგიერთი მათგანის დასრულების შემდეგ, ერთი სული მქონდა გამეგო, მომდევნო როგორი იქნებოდა”, - ამბობს ის.

Kristine and supervisor of the her class, teacher of biology, Irma Tskitishvili
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and supervisor of the her class, teacher of biology, Irma Tskitishvili

„ქრისტინე სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა სასწავლო კურსით. მათემატიკის ტესტებსაც კი არჩევდა კურსიდან და განიხილავდა მათ სხვა მოსწავლეებთან და მის ერთ-ერთ დასთან ერთად”, - გვიყვება კირკიტაძე. “ამ ცვლილებას კარგად შედგენილ პროგრამასა და ინდივიდუალურ მუშაობას უნდა ვუმადლოდეთ. ძალიან სასიამოვნო იყო დანახვა, თუ როგორ აეწყო ეს ყველაფერი. ქრისტინეს დახმარება კი ყველას გვინდოდა, მაგრამ პროგრამამ გვიჩვენა თუ როგორ უნდა მიგვეღწია ამისთვის.“

ქრისტინე თანდათან დაეწია სასკოლო პროგრამას, დაიწყო ჩვეულებრივ გაკვეთილებზე დასწრება და ყველა მასწავლებელი ამბობს, რომ ის წარმატებით უმკლავდება საკლასო დავალებებს.

Kristine and Principle of Zestaponi Public School Number 4, Lela Kirkitadze
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and Principle of Zestaponi Public School Number 4, Lela Kirkitadze

“ჩემი შვილი საოცრად შეიცვლა. აღფრთოვანებით ლაპარაკობდა იმაზე, თუ რას აკეთებდა სკოლაში”, - ამბობს ქრისტინეს დედა. „ძალიან ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ იმუშავა ყველამ ერთად, როგორც ერთმა ოჯახმა, რომ ჩემი ქრისტინესთვის მეორე შანსი მიეცათ. ძალიან კარგია როცა იაზრებ რომ ამ სკოლისა და ამ ქალაქის გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც შენზე ფიქრობენ და სურთ დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ არც კი გიცნობენ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი ბავშვებისთვის, როგორიც ქრისტინეა.“