როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის კვებითი ჩვევები

სწორ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ბავშვისთვის. გაეცანით რჩევებს, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში

UNICEF
eating habits
UNICEF
14 ივნისი 2026

სწორ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ბავშვისთვის. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე შეიძინონ ჯანსაღი კვების ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

ნუტრიციოლოგი მელინა კარიპიდუ გვიზიარებს მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, ვასწავლოთ ბავშვებს სწორი კვებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა და ხელი შევუწყოთ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

1. იყავით თქვენი ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი

ბავშვები ხშირად ბაძავენ მშობლებისა და მეურვეების ქცევას. თუ თავად იკვებებით ჯანსაღად და ინარჩუნებთ დაბალანსებულ კვებით ჩვევებს, დიდი ალბათობით, ბავშვიც თქვენს მაგალითს მიჰყვება. აჩვენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი კვება და ყოველდღიურ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და რძის პროდუქტები.

2. მოერიდეთ სტიგმას

ნუ გააკრიტიკებთ და ნუ განსჯით სხვების კვებით ჩვევებს. ნუ მოახდენთ ადამიანების სტიგმატიზებას მათი წონის ან ფიზიკური აქტივობის მიხედვით. ნუ გააკეთებთ კომენტარს იმაზე, რამდენს ან როგორ ჭამს ადამიანი. გახსოვდეთ, რომ ბავშვები ხშირად საკვებს ნელა იღებენ.

3. შეზღუდეთ პროცესირებული და შაქრის, მარილისა და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები

შაქრისა და მაღალპროცესირებული პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება და ჯანმრთელობის პრობლემები. სახლში ნაკლებად შეინახეთ მსგავსი პროდუქტები და არჩევანი გააკეთეთ უფრო ნოყიერ ალტერნატივებზე, როგორიცაა ახალი ხილი, სახლში მომზადებული დესერტები ან კალციუმით მდიდარი ტკბილეული (მაგალითად, ბრინჯის ფაფა). გახსოვდეთ, რომ ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების არჩევანზე.

4. ჩართეთ ბავშვები საკვების მომზადების პროცესში

როდესაც ბავშვები მონაწილეობენ საჭმლის მომზადებაში, ისინი უფრო მეტად არიან მზად ახალი საკვების გასასინჯად და პასუხისმგებლობასაც მეტად გრძნობენ ჯანსაღ კვებაზე.

ერთად წადით სუპერმარკეტში, ბაზარში ან ბაზრობაზე. ასე ბავშვები უკეთ გაიცნობენ სეზონურ პროდუქტებს, მათ ფერსა და ფორმას.

მოამზადეთ საკვები ერთად. დაგეგმეთ ოჯახის კვირის მენიუ. ერთად მოამზადეთ სასკოლო ლანჩი.

მიეცით ბავშვს საშუალება, მოამზადოს შაბათ-კვირის საუზმე მთელი ოჯახისთვის.

სთხოვეთ, თავად შეარჩიოს ხილი სალათისთვის.

5. დააწესეთ რეგულარული კვებისა და წახემსების დრო

რუტინა ბავშვებს ეხმარება იცოდნენ, როდის ელოდონ ძირითად კვებასა და წახემსებას, რაც ამცირებს ნაკლებად სასარგებლო საკვების მოთხოვნის ან უკონტროლო კვების ალბათობას.

შესთავაზეთ ჯანსაღი წასახემსებლები, როგორიცაა ხილი, იოგურტი ან თხილეული.

დღეში ერთხელ მაინც შეიკრიბეთ მთელი ოჯახი ერთ მაგიდასთან, ყოველგვარი ყურადღების გამფანტავი ფაქტორის გარეშე (ეკრანი, წიგნი და ა.შ.).

6. შესთავაზეთ მრავალფეროვანი საკვები

მრავალფეროვნება ჯანსაღი კვების საფუძველია. დარწმუნდით, რომ ბავშვები აგემოვნებენ სხვადასხვა ტიპის საკვებს ყველა ძირითადი ჯგუფიდან - ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულსა და რძის პროდუქტებს.

კარგია, თუ ხილი და ბოსტნეული სხვადასხვა ფერისაა, რადგან ეს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებასთანაა დაკავშირებული. ასე ბავშვები ეჩვევიან განსხვავებულ გემოებს და აყალიბებენ დაბალანსებულ კვებით ჩვევებს.

7. ჩაატარეთ ექსპერიმენტები ბავშვებთან ერთად

ნაკლებად საყვარელი ან ნაკლებად ნაცნობი პროდუქტები შეუთავსეთ იმ საკვებს, რომელსაც ბავშვი უკვე სიამოვნებით მიირთმევს (მაგალითად, ბროკოლი მაკარონში).

სასურველია ბავშვის საყვარელი საკვები კვირის განმავლობაში მიირთვათ, ხოლო ნაკლებად საყვარელი — შაბათ-კვირას, როდესაც მთელი ოჯახი ერთადაა და გარემო სასიამოვნოა.

თუ ბავშვი პირველად შეთავაზებულ საკვებზე უარს ამბობს, ეს სრულიად ნორმალურია. პირიქით, მნიშვნელოვანია მისი განმეორებით შეთავაზება. ხშირად საჭიროა 10-ზე მეტი მცდელობა, სანამ ბავშვი ახალ საკვებს დააგემოვნებს და კიდევ მეტი დრო, სანამ მას შეეჩვევა და მოეწონება.

უმჯობესია, მთელმა ოჯახმა ერთი და იგივე საკვები მიირთვას. სცადეთ ერთი და იმავე საკვების მომზადების ან მიწოდების სხვადასხვა ფორმა, განსაკუთრებული ყურადღებით მის ვიზუალურ მხარეზე, რადგან ბავშვებს მიმზიდველი კერძები უფრო იზიდავთ.

8. ნუ გამოიყენებთ საკვებს ჯილდოდ ან სასჯელად

არ გამოიყენოთ საკვები ბავშვის დასაჯილდოებლად ან დასასჯელად.

მაგალითად, სასურველი ქცევის სანაცვლოდ ნუ შესთავაზებთ ნაკლებად ჯანსაღ საკვებს, როგორიცაა ტკბილეული ან ჩიფსები. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება შეექმნას მცდარი წარმოდგენა, რომ ზოგიერთი პროდუქტი სხვებზე უფრო „ღირებულია“.

უკეთესია გამოიყენოთ არამატერიალური წახალისება, მაგალითად:

„ყოჩაღ! დღეს საყიდლებში ძალიან დამეხმარე, ამიტომ საღამოს პარკში წავიდეთ.“

ხშირად ასეთი წახალისება უფრო ეფექტურია, ვიდრე მატერიალური ჯილდოები.

9. ასწავლეთ ბავშვებს საკუთარი სხეულის მოსმენა

ასწავლეთ ბავშვებს, რომ ჭამონ მაშინ, როდესაც შიათ და შეწყვიტონ ჭამა, როდესაც დანაყრდებიან.

არ დააძალოთ თეფშის ბოლომდე დაცლა ან ჭამა მაშინ, როდესაც მშიერი არ არის. ასეთმა ზეწოლამ შეიძლება არაჯანსაღი კვებითი ჩვევები ჩამოაყალიბოს.

10. შექმენით სასიამოვნო გარემო კვების დროს

ეცადეთ, კვება მშვიდ და სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდეს, დაძაბულობისა და ზეწოლის გარეშე.

ეს ბავშვებს ეხმარება, საკვები დადებით ემოციებთან დააკავშირონ და ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ კვების მიმართ.