მშობლის გზამკვლევი: აღზრდის ჭკვიანური და ჯანსაღი მეთოდები
პოზიტიური დისციპლინა გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და ბედნიერი ბავშვობისთვის

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტოს, რა მეთოდი გამოიყენოს ბავშვის აღზრდის პროცესში. მტირალა პატარასთან გვექნება საქმე თუ გაჯიუტებულ თინეიჯერთან, ბრაზის კონტროლი საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს. არც ერთ მშობელს სურს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს. მთავარი, რაც სულ უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ ყვირილი და ფიზიკური ძალადობა არასდროსაა გამოსავალი.
საბედნიეროდ, არსებობს სხვა, უფრო ეფექტიანი გზები და ერთ-ერთი მათგანი პოზიტიური დისციპლინაა. ჩვენ მივმართეთ ლუსი კლავერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბავშვთა და ოჯახის სოციალური სამუშაოს პროფესორს და ორი პატარა ბიჭის დედას, გაგვიზიაროს, როგორ დაეხმარება მშობლებს ეს მიდგომა შვილებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში და მათთვის ისეთი უნარების სწავლებაში, როგორიცაა პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და თვითდისციპლინა.
არ არსებობენ ცუდი ბავშვები, არსებობს მხოლოდ ცუდი ქცევა.
-
რატომ პოზიტიური დისციპლინა?
„მშობლებს არასდროს უნდათ საკუთარი შვილისთვის ყვირილი ან დარტყმა. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ ხოლმე, რომ თავად ვართ სტრესში და სხვა გზას ვერ ვხედავთ“, - ამბობს პროფესორი კლავერი.
მტკიცებულება ნათელია: ყვირილი და დარტყმა უბრალოდ არ მუშაობს და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. განმეორებითმა ყვირილმა და ძალადობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის მთელ ცხოვრებაზე. მუდმივი „ტოქსიკური სტრესი“, რასაც ძალადობა წარმოშობს, იწვევს უარყოფით შედეგებს როგორიცაა სკოლის მიტოვება, დეპრესია, ნარკოტიკების მოხმარება, თვითმკვლელობა და გულის დაავადებები.
„ეს იმას ჰგავს, რომ გითხრათ: დალიე წამალი, რომელიც არ დაგეხმარება და დაგაავადებს“, - ამბობს პროფესორი კლავერი. ”როდესაც ვიცით, რომ რაღაც არ მუშაობს, ეს საკმაოდ კარგი მიზეზია სხვა მიდგომის მოსაძებნად.”
დასჯის და აკრძალვების საპირისპიროდ, პოზიტიური დისციპლინა ითვალისწინებს შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ქცევის შესახებ მოლოდინების დაწესებას. კარგი ამბავი ყველა მშობლისთვის ის არის, რომ ეს მიდგომა მუშაობს და აი, როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი პრაქტიკაში გამოყენება:
1. გამოყავით პირისპირ საურთიერთო დრო
ერთი ერთზე კონტაქტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობის გაღრმავებისთვის და ეს მით უმეტეს ასეა, როცა საქმე ბავშვებს ეხება. „ეს შეიძლება იყოს დღეში 20 წუთი, ან თუნდაც 5 წუთი. შეგიძლიათ ეს დრო დაამთხვიოთ ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიც არის ჭურჭლის რეცხვა, ან მაშინ ისაუბროთ, როცა ერთად ფენთ სარეცხს,“ - ამბობს პროფესორი კლავერი. ”რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყურადღება შეაჩეროთ თქვენს შვილზე. ანუ, გამორთავთ ტელევიზორს, გამორთავთ ტელეფონს, და რჩებით პირისპირ, ერთი ერთზე თქვენს შვილთან.
2. შეაქეთ დადებითი ქცევა
როგორც მშობლები, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენი შვილების ცუდ საქციელზე და მივანიშნებთ მასზე. ბავშვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ცუდი ქცევა თქვენი ყურადღების მიქცევის გზაა და შედეგად, კი არ შეწყვიტონ, არამედ პირიქით - ხშირად გაიმეორონ ის.
ბავშვები დადებითად რეაგირებენ შექებაზე. შექება მათ თავს აგრძნობინებს განსაკუთრებულად და ასე ხვდებიან, რომ გიყვართ. „დაუდარაჯდით და როცა რაღაც კარგს გააკეთებს, აუცილებლად შეაქეთ - თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ ხუთი წუთის განმავლობაში თამაშობდა უმცროს ძმასთან“, - გვირჩევს პროფესორი კლავერი. ”ამას შეუძლია წაახალისოს კარგი ქცევა და შეამციროს დისციპლინის საჭიროება.”
3. დასახეთ მკაფიო მოლოდინები
„თქვენი შვილისთვის დაზუსტებით იმის თქმა თქმა, თუ რა გსურთ, რომ გააკეთოს, ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე იმის თქმა, თუ რა არ უნდა გააკეთოს“, - ამბობს პროფესორი კლავერი. „როდესაც ბავშვს სთხოვ, არ არიოს სახლი, ან არ მოიქცეს ცუდად, მას შესაძლოა სულაც არ ესმის, კონკრეტულად რისი გაკეთება მოეთხოვება“. მკაფიო ინსტრუქციები, როგორიცაა „გთხოვ, აიღე ყველა სათამაშო და ჩადე ისინი ყუთში“ ქმნის მკაფიო მოლოდინს და ზრდის ალბათობას, რომ ბავშვი შეასრულებს იმას, რასაც თქვენ ითხოვთ.
„გაითვალისწინეთ, დასახული მოლოდინები რეალისტური უნდა იყოს. მთელი დღის განმავლობაში ჩუმად ყოფნის მოთხოვნა არ არის შესრულებადი, თუმცა, შეგიძლიათ თხოვოთ ბავშვს, ჩუმად იყოს ის 10 წუთი, როცა სატელეფონო ზარი გაქვთ“, - ამბობს პროფესორი კლავერი. ”თქვენ იცით, რა შეუძლია თქვენს შვილს. თუ მას შეუძლებელს მოთხოვთ, რა თქმა უნდა, ჩაფლავდება. ”
4. გადაიტანეთ ყურადღება
როცა ბავშვი ცუდად იქცევა, სასარგებლო სტრატეგიაა მისი ყურადღების გადატანა პოზიტიურ აქტივობაზე, ამბობს პროფესორი კლავერი. „როდესაც მის ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანთ – თემის შეცვლით, თამაშის წამოწყებით, სხვა ოთახში ან სასეირნოდ გაყვანით, ამით მის ენერგიას პოზიტიური ქცევისკენ მიმართავთ“.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დროული მოქმედება. უნდა შევამჩნიოთ ის მომენტი, როცა ქცევა არასწორ გეზს იღებს და მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება. ყურადღების გადასატანად მზად იყავით, თუ ბავშვი მოუსვენრად არის, შფოთავს ან გაღიზიანებულია, ან თუ და-ძმა ერთი სათამაშოს მიმართ გამოხატავს ყურადღებას. ამ მომენტის დანახვა დაგეხმარებათ პოტენციური პრობლემის განმუხტვაში, სანამ ის წარმოიშვება.
5. განუმარტეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
იმის სწავლა, რომ ყველა საქციელს შედეგი მოყვება, გაზრდის ნაწილია. თქვენი შვილისთვის ამის ახსნა ხელს შეუწყობს უკეთეს ქცევას და გამოუმუშავებს პასუხისმგებლობის განცდას.
მიეცით თქვენს შვილს საშუალება მოიქცეს სწორად, მათი ცუდი ქცევის შედეგების ახსნით. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ბავშვმა შეწყვიტოს კედელზე ხატვა, შეგიძლიათ უთხრათ, რომ თუ ამას არ შეწყვეტს, აღარ მისცემთ თამაშისთვის დროს. ეს ბავშვისთვის ერთდროულად გაფრთხილებაცაა და შესაძლებლობაც, რომ შეცვალოს ქცევა.
თუ მაინც არ შეწყვეტს, მიჰყევით პირობას მშვიდად და ბრაზის გამოვლენის გარეშე. "ამას რომ შეძლებთ, საკუთარი თავიც შეაქეთ - ეს არ არის ადვილი!" დასძენს პროფესორი კლავერი.
თუ ბავშვი ცუდ საქციელს შეწყვეტს, გულიანად შეაქეთ ამის გამო, გვირჩევს პროფესორი კლავერი. „ამით თქვენ ქმნით დადებითი რეაქციის ციკლს თქვენი შვილისთვის. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მშვიდად აღსრულება ეფექტიანი გზაა ბავშვებისთვის იმის გასაგებად, თუ რა ხდება, როდესაც ისინი ცუდად იქცევიან“.
თანმიმდევრულობა პოზიტიური დისციპლინის მთავარი ფაქტორია, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაპირებული შედეგების აღსრულება. ეს შედეგები კი აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური. „მოზარდისთვის ტელეფონის ჩამორთმევა ერთი საათით შესაძლებელია, მაგრამ ტელეფონის ჩამორთმევა მთლიანი კვირით შეიძლება რთული აღსასრულებელი იყოს.“
პატარა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა
ერთი ერთზე გატარებული დრო შეიძლება ძალიან სახალისო იყოს - და სრულიად უფასოა! „შეგიძლიათ გაიმეოროთ მისი გამომეტყველება, აკაკუნოთ კოვზები ქვაბებს ან ერთად იმღეროთ“, დასძენს პროფესორი კლავერი. "არის უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მშობლებთან თამაში ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას."
უფროს ბავშვებთან ურთიერთობა
პატარების მსგავსად, თინეიჯერებიც ისწრაფვიან შექების მისაღებად და სურთ, რომ მათზე კარგი წარმოდგენის იყვნენ. მშობელთან გატარებული დრო მათთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. "ძალიან გაუხარდებათ, თუ მათთან ერთად წაიცეკვებთ ოთახში ან გაესაუბრებით საყვარელ მომღერალზე", - ამბობს პროფესორი კლავერი. „შეიძლება ყოველთვის არ გაჩვენებენ ამას, მაგრამ ნამდვილად ძალიან ახარებთ ეს მომენტები. და ეს ურთიერთობის გამყარების ეფექტიანი გზაა“.
მოლოდინების დაწესების დროს „სთხოვეთ მათ, დაგეხმარონ გარკვეული წესების შედგენაში“, - გვთავაზობს პროფესორი კლავერი. „დასვით და შეეცადეთ შეთანხმდეთ საყოფაცხოვრებო საკითხებში პატარა წესებზე. მათ ასევე შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა შედეგები მოჰყვეს მიუღებელ ქცევას. პროცესში ჩართვით ბავშვებს აჩვენებთ, რომ თქვენ გესმით, რომ ისინი დამოუკიდებელი არსებები არიან.”
რჩევა მშობლებს COVID-19 პანდემიის დროს
პანდემიამ ოჯახების ცხოვრებაში შემოიტანა უეცარი და მკვეთრი ცვლილებები, რომლის ეპიცენტრშიც მშობლები არიან. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაეხმარება მშობლებს გადალახონ ეს და მსგავსი სტრესული პერიოდები:
1. დააპაუზეთ
ყველასთვის ნაცნობია სტრესი, რომელსაც მაშინ ვგრძნობთ, რომ ჩვენი შვილი ცუდად იქცევა. ასეთ მომენტებში ყველაზე მარტივი და სასარგებლო ტაქტიკა შეჩერება და ერთი ნაბიჯის უკან გადადგმაა. დააჭირეთ "პაუზის ღილაკს", როგორც ამას პროფესორი კლავერი უწოდებს. „ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ხუთჯერ ღრმად, ნელა და გააზრებულად და შეამჩნევთ, რომ შეგიძლიათ უფრო მშვიდად და გულისხმიერად მოიქცეთ. მშობლები მთელ მსოფლიოში ამბობენ, რომ ეს მარტივი პაუზა ძალიან ეხმარებათ. ”
2. შეისვენეთ
მშობლებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, ამბობს პროფესორი კლავერი. „დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, მაგალითად, როცა ბავშვებს სძინავთ. დაკავდით იმით, რაც გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად და მშვიდად. რთულია ყველაფრის სწორად გაკეთება, მითუმეტეს თუ საკუთარ თავს არასდროს ასვენებ“.
3. შეაქეთ თავი
ხშირად ვივიწყებთ ხოლმე იმ გასაოცარ ძალისხმევას, რასაც ბავშვების აღზრდაში ყოველდღიურად ვდებთ. საკუთარ თავს ეს ძალისხმევა უნდა დავუფასოთ, გვირჩევს პროფესორი კლავერი. „ყოველ დღე, შესაძლოა, კბილების გახეხვისას, დაუთმეთ ერთი წუთი ამ კითხვაზე ფიქრს: „რა იყო ერთი რამ, რაც დღეს ნამდვილად კარგად გავაკეთე ჩემს შვილებთან?“ და გაიაზრეთ, რომ მართლაც შესანიშნავი რამ გააკეთეთ“.