აპრილი, 2018
მარიამ შიოშვილის მესამე კლასის საკლასო ოთახთან იმპროვიზებული ცეკვის გაკვეთილი მიმდინარეობს. დერეფნის გაყოლებაზე ბავშვების ჯგუფი დაფასთან შეკრებილა, მათი თანაკლასელები კი ცხოველების შესახებ შექმნილ ხელნაკეთ ენციკლოპედიას ფურცლავენ.
მუსიკა იცვლება და ბავშვები განსხვავებულ ჯგუფებში ნაწილდებიან. ზოგი ეზოში გარბის სათამაშოდ, ზოგი კი დერეფანში მოწყობილი სხვადასხვა აქტივობიდან მისთვის საინტერესოს ირჩევს: ქაღალდების დასტას თავისუფალი ხატვისთვის, წიგნებს, ხელნაკეთ თოჯინებს. ზოგიც სავარძელში ისვენებს.
საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენებები სრულიად განსხვავებული გახდა მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნელი ბალახაშვილი, ესტონეთში გამართული ტრენინგიდან დაბრუნდა.
ქალბატონი ნელი გაოცებული დარჩა იმით, თუ როგორ იყენებდნენ გაკვეთილებს შორის შესვენებებს ესტონეთის იმ სკოლებში, რომლებიც მან მოინახულა. შესვენების დროსაც კი ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში. ჟღერდა მუსიკა, მათ შეეძლოთ ეხატათ კედლებზე ან დამსხდარიყვნენ მეგობრებთან ერთად მყუდრო ადგილას.