საქართველოს უკვე აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის სრულად აღჭურვილი ლაბორატორია

21 ივლისი 2021
chemical risk-factor research laboratory equipment handed over to NCDC Georgia
UNICEF/GEO-2021/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2021 წლის 13 ივლისი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა „კლარიოსის“ ფონდის მხარდაჭერით გადასცა ტოქსიკური ლითონების წყაროების დასადგენი უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და ამით დაასრულა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მასალაში (გარემოს, ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში, საღებავებში და ა.შ) ტყვიისა თუ სხვა ტოქსიკური ელემენტების ზუსტი ანალიზისთვის საჭირო ლაბორატორის შექმნის პროცესი. ახლა საქართველოს ექნება ულტრა-თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ასევე გარემოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული ანალიზის ჩატარების საშუალებას მისცემს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ლაბორატორიული ბაზის შექმნა ნაწილია მთავრობის სამოქმედო გეგმისა, რომლის მიზანია ტყვიის ზემოქმედების პრევენცია და ბავშვების ტოქსიკური ეფექტებისგან დაცვა. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული დონის შემცირებაში პრობლემის დიაგნოსტირების, ტყვიის წყაროების  დადგენის და ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავებაში, რომლის ნაწილიცაა ლაბორატორიული ბაზის შექმნა.

კლარიოსის ფონდთან იუნისეფის პარტნიორობა არის კერძო და საჯარო სექტორის გლობალური ინიციატივის - ‘’ყველა ბავშვის პოტენციალის დაცვის’’ ნაწილი, რომელშიც ასევე გაერთიანებულია ორგანიზაცია Pure Earth. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს  ტყვიის ზემოქმედებისაგან ბავშვების დაცვას კარგად ნაცადი გადაწყვეტილებებით.

 

"იუნისეფი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებულ დონესთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში ლაბორატორიული ბაზის შექმნით და სისხლსა და სხვა მასალებში ტოქსიკური ლითონების შემოწმების შესაძლებლობის მიცემით" - ღასან ხალილი

 

„ტოქსიკურ ლითონები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტვინს. ისინი განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს შეუქცევადი ნევროლოგიური, კოგნიტური და ფიზიკური ზიანი“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „იუნისეფი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებულ დონესთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში ლაბორატორიული ბაზის შექმნით და სისხლსა და სხვა მასალებში ტოქსიკური ლითონების შემოწმების შესაძლებლობის მიცემით. კლარიოსის ფონდის მხარდაჭერით ამ მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობები საქართველოში მაქსიმალურად გაიზარდა.“

უკანასკნელ ერთ წელიწადში გადმოცემული აღჭურვილობა მოიცავს მას-სპექტრომეტრს ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმით (ICP MS) და გაზურ(GC) და სითხურ ქრომატოგრაფებს(LC). ასევე, სხვადასხვა დონორის, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით, იუნისეფმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის მასალაში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის კონცენტრაციის გამოსავლენად, აგრეთვე ოთხი რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი  - ხელით გადასატანი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მასალაში ტოქსიკური ლითონის შემცველობის შემოწმების საშუალებას იძლევა. გადმოცემული ხელსაწყოები უნიკალურია რეგიონის მასშტაბით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში გარემოს ჯანმრთელობის ლაბორატორიულ შესაძლებლობებს.

 

 

ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანამშრომელთა ინტენსიური გადამზადება, ლაბორატორიული კვლევის მეთოდებისა და სტანდარტების მომზადება და დანერგვა. ხოლო შემდეგ ეტაპზე იგეგმება უკვე ადამიანის სისხლის ნიმუშებში მძიმე ლითონების, მათ შორის ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრით (ICP-MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო  ე.წ. „ოქროს სტანდარტს“, ხოლო XRF ანალიზატორებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ლაბორატორიაში დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებიც 2021 წლის ბოლომდე გაივლიან სპეციალურ მომზადებას შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის ოპერირებასა და მართვაში. ტრენინგებს ჩაატარებენ აღნიშნული სფეროს საერთოშორისოდ აღიარებული ექსპერტები და ინსტრუქტორები. ტრენინგების შემდეგ მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  გარემოს  ჯანმრთელობის დეპარტამენტის ქიმიური რისკ ფაქტორების შეფასების  ლაბორატორიის ჩართვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ტყვიისა და ნიმუშების ანალიზების პროგრამაში (LAMP), რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფასოდ უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის მართვით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.