სამეცნიერო საზოგადოება, მთავრობისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოში ხარისხიანი ადრეული განათლების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ

02 ივნისი 2022
International Conference - Early Childhood Education and Care
UNICEF

ბათუმი, საქართველო, 2022 წლის 2 ივნისი – 2-3 ივნისს ბათუმში გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „ადრეული განათლება და ზრუნვა“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის შესახებ აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. კონფერენცია გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით.

ორდღიან კონფერენციას დაესწრებიან პარლამენტის, ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნულ სფეროს სპეციალისტების  პროფესიულ განვითარებას და ფართო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობიერება ამაღლებას ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ.

კონფერენციის გასხნისას მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პარლამენტის წევრები ელისო ბოლქვაძე და გიორგი ამილახვარი, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და გაეროს წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

„საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მნიშვნელოვანი ფორუმია საქართველოში მომუშავე პროფესიონალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.  „ასეთი შესაძლებლობები გადამწყვეტია საქართველოში განათლებისა და ზრუნვის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საბოლოო ჯამში უკეთესი სერვისების შესაქმნელად ყველა ბავშვისთვის. კონფერენცია ნაწილია იმ კონსულტაციებისა, რომელიც იმართება სექტემბერში დაგეგმილი განათლების ტრანსფორმაციის საერთაშორისო სამიტისთვის“, - დასძინა ხალილმა.

„ვფიქრობ, პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გახდება ის პლატფორმა, სადაც მეცნიერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთმანეთს გაუცვლიან ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და საექსპერტო ცოდნას, რაც სამომავლოდ სფეროს განვითარების წინაპირობაა, განაცხადა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

“კონფერენციამ შეკრიბა სკოლამდელი განათლების გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე სასაუბროდ დაინტერესებულ მხარეთა ძალიან ფართო და მნიშვნელოვანი სპექტრი. ასეთი ღონისძიებები გვაძლიერებს, გვაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებს, გვაკავშირებს ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დაინტერესებულ მხარეებს. ეს კონფერენცია დაეხმარება ჩვენს აკადემიურ პერსონალს აწარმოონ კვლევები აქტუალურ საკითხებზე, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად,” განაცხადა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

კონფერენცია თავს მოუყრის 150 მონაწილეს საქართველოდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, რომლებიც მთლიანობაში წარმოადგენენ 95 მოხსენებას და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ პანელურ დისკუსიაში, რომლებზეც განიხილება ადრეულ განათლებასა და ზრუნვასთან დაკავშირებული მართვის, დაფინანსების, ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ინკლუზიის საკითხები. კონფერენციის სესიები უზრუნველყოფს პლატფორმებს აქტიური განხილვებისთვის და მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების პრეზენტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემიის ზეგავლენა ადრეულ განათლებაზე, ადრეული განათლების ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები, თამაშის როლი ადრეულ განათლებაში, ბავშვის უფლებები ადრეული განათლების კონტექსტში, პროფესიული კომპეტენციები, აღმზრდელთა-პედაგოგთა განათლება და პროფესიული განვითარება, მშობლების ჩართულობა და პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა, ინკლუზიური პრაქტიკა და ადრეული ინტერვენცია, რეგულაციები, სტანდარტები. და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა.  

კონფერენციის დამატებითი ღონისძიებები მოიცავს ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს აჭარაში მომუშავე სკოლამდელი განათლების პრაქტიკოსებისა და მენეჯერებისთვის და ვებინარს სკოლამდელ დაწესებულებებსა და ოჯახებს შორის პარტნიორობის მეშვეობით პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერის შესახებ.

ადრეული განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის და წარმოადგენს საძირკველს მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვისთვის ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდების შეფერხება მნიშვნელოვნად აზიანებს მის მომავალს, ვინაიდან მას არ ეძლევა შესაძლებლობები თავისი პოტენციალის სრული რეალიზებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის შესახებ კანონის შემუშავებასა და აღსრულებაში, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიაზრებს საქართველოში ადრეული განათლების ხარისხისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის მისაღწევად.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.