ისრაელის მეცნიერთა დელეგაცია დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაში
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2022 წლის 14 თებერვალი – საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (MASHAV) პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაში. ისრაელის ოთხი წამყვანი ექსპერტი დაეხმარება ქიმიური რისკ-ფაქტორების შეფასების ლაბორატორიას ტექნიკური საშუალებების განახლებაში, მოამზადებს ადგილობრივ გუნდს და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ადგილობრივ პარტნიორებს.
ამასთან, საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გათვალისწინებით, ისრაელმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა დახმარება მდინარეების აუზებში ტყვიითა და სხვა მეტალებით შესაძლო დაბინძურების წყაროების დადგენაში. ისრაელიდან მოვლინებული ცნობილი ჰიდროლოგი ეწვევა სამ რეგიონს, სადაც ადამიანების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი განსაკუთრებულად მაღალია, რათა აიღოს წყლის ნიმუშები, რომელთა ანალიზიც ისრაელსა და საქართველოში მოხდება. არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას და გააუმჯობესებს საქართველოში ბავშვებისა და ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ისრაელი მსოფლიოში აღიარებული ლიდერია წყალთან დაკავშირებული კვლევით, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ასპექტებში.
„წელს ჩვენ ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ავღნიშნავთ. ეს კარგი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ სიამაყით გავიხსენოთ აქამდე მიღწეული შედეგები, არამედ ასევე წინ გავიხედოთ და განვსაზღვროთ თანამშრომლობის სამომავლო სფეროები. ამ მხრივ, არ არსებობს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ჩვილთა და ბავშვთა ჯანმრთელობა. შესაბამისად, ისრაელი მიესალმება დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრმლობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. მოხარული ვართ, ჩვენს მეგობრებს საქართველოდან და პარტნიორებს გაეროდან გავუზიაროთ ჩვენი ტექნიკური ცოდნა და სამეცნიერო მიღწევები ამ მიმართულებით“, განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.
“გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, ისრაელის საელჩოსთან და ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით, დაეხმაროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის პრობლემის მოგვარებაში“, - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.
„ამ მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სამფაზიანი სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა პრობლემის დადგენას, ტყვიით დაბინძურების წყაროების განსაზღვრას და ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავებას. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერა ასევე მოიცავს ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებას და ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის საზედამხედველო სისტემის შექმნას“, დასძინა ღასან ხალილმა.
2021 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა დონორების დახმარებით აღჭურვა ქიმიური რისკ-ფაქტორების შეფასების ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა უახლესი აპარატურა, რომელიც სხვადასხვა სახის ნიმუშიდან (სისხლიდან, ბიოლოგიური სითხეებიდან, საღებავიდან და ა.შ.) ტყვიისა და სხვა ელემენტების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.. საერთაშორისო ექსპერტებმა უზრუნველყვეს ლაბორატორიის თანამშრომლების ტრენინგი აპარატურის მართვაში.
ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს ტყვიის ზემოქმედების პრევენციისა და მასთან დაკავშირებული ტოქსიკური ზეგავლენისგან ბავშვების დასაცავად მთავრობის რეაგირების გეგმის ნაწილს. 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგად, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში გამოვლენილ შემცველობას.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.