ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი აერთიანებენ ძალისხმევას მუნიციპალიტეტების ხელშესაწყობად ბავშვებისათვის სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით

09 მარტი 2022
kindergarten
UNICEF/GEO-2021/Tsetskhladze

თბილისი, საქართველო, 9 მარტი, 2022 წელი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივის შედეგად, ბავშვები და ბავშვიანი ოჯახები ისარგებლებენ ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამებით, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს. 

18 თვიანი პროექტი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებაში, 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტს დაეხმარება ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავებაში.

საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამირების მოდელი დაეფუძნება მეთოდოლოგიას, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იყენებენ. ეს არის კომპლექსური მიდგომა და ემსახურება დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება სოციალური საჭიროებების შეფასების სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუმენტები, საპილოტე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ სამუშაო ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სამუშაო ადგილზე სწავლებები. მუნიციპალიტეტები ასევე მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ დაიანგარიშონ სოციალური პროგრამების ღირებულება. პროგრამის განხორციელების შემდეგ მოხდება სოციალური პროგრამების შეფასება 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში, ხოლო საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გავრცელდება.  მუნიციპალიტეტები ასევე შეისწავლიან, თუ როგორ ხდება სოციალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი.

ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებთან და ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება უკეთ არის შესაძლებელი ადგილობრივ დონეზე.  

პროექტი ეხმაურება მუნიციპალიტეტების ახალ როლს, რომელიც 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსით არის განსაზღვრული. კოდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. ეს როლი ორმხრივია: მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ საჭიროების მქონე ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა სოციალური სამუშაოს და სოციალური მომსახურებების საშუალებით; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ არსებული სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების გზით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.