გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მთავრობას საქართველოში ჯანმრთელობაზე ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემის ამოქმედებაში

05 ოქტომბერი 2023
UNICEF supports the Government in launching a Lead Surveillance System in Georgia
UNICEF/Geo-2023/Tsetskhladze

თბილისი, საქართველო, 2023 წლის 5 ოქტომბერი – გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და “კლარიოსის” ფონდის მხარდაჭერით, მხარს უჭერს მთავრობას საქართველოში ჯანმრთელობაზე ტყვიის ზაგავლენის ზედამხედველობითი სისტემის ამოქმედებაში.

ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემა მოიცავს სახელმწიფოსა და რეგიონების მასშტაბით ბავშვების სისხლის შემადგენლობაში ტყვიის დონის ყოველწლიურ მონიტორინგს, დროთა განმავლობაში ცვლილებების გაზომვისა და ზეგავლენის წყაროების გამოსავლენად. სისტემა ამოქმედდა საქართველოს ორ რეგიონში, იმერეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ბავშვების ჯანმრთელობაზე ტყვიისზეგავლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სისტემის პილოტირება საშუალებას მისცემს ღირებული მონაცემების შეგროვებას და გამოყენებას ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემის სხვა რეგიონებში გავრცელებისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი აღნიშნული სისტემისდანერგვის მონიტორინგის მიზნით ბათუმის კლინიკებს ეწვია.

UNICEF supports the Government in launching a Lead Surveillance System in Georgia
UNICEF/Geo-2023/Tsetskhladze

„ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტყვიით დაბინძურების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა. „ანიშნული პრობლემის გადასაჭრელად გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოიყენა ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული მიდგომა, რომელიც მოიცავს მტკიცებულებების მოპოვებას, ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდას და ელექტრონულ ზედამხედველობით სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს მონაცემთა რეალურ დროში ანალიზს, რათა დადგინდეს ზეგავლენის წყაროები. „კლარიოსის“ ფონდთან პარტნიორობით გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას საქართველოში ტყვიის გავრცელების პრობლემის მოგვარებაში“.

საპილოტე ფაზაში ინერგება მიკრომოცულობითი კაპილარული სისხლის შეგროვების ახალი მეთოდოლოგია. ეს ახალი მეთოდი ითვალისწინებს ძალიან მარტივ ლოჯისტიკას სისხლის ნიმუშების შეგროვების, შენახვისა და ტრანსპორტირების კუთხით და რაც მთავარია, ვენური სისხლის შეგროვებასთან შედარებით ნაკლებად ინვაზიური და სტრესულია ბავშვებისთვის.

ტყვიის ზეგავლენასთან ბრძოლაში მთავრობის მხარდასაჭერად გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სამსაფეხურიანი რეაგირების გეგმა. პირველი და მყისიერი ქმედება იყო პრობლემის მასშტაბის დადგენა ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვის, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ჩატარებით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოში ბავშვების 40 პროცენტზე მეტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღენიშნებოდა. მეორე საფეხური ეხმარებოდა მთავრობას ჯენმრთელობაზე ტყვიის ზეგავლენის აღმოსაფხვრელად ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავებაში. ეს მხარდაჭერა მოიცავდა ადვოკატირებას და ტექნიკურ დახმარებას ტყვიის სახელმწიფო პროგრამისთვის, რათა უზრუნველყოს სისხლის უფასო ტესტირება და მკურნალობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი დონე აღენიშნებათ. მხარდაჭერა ასევე მოიცავდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქიმიური რისკ-ფაქტორების კვლევითი ლაბორატორიის შექმნას, ლაბორატორიის სპეციალიზებული აღჭურვილობით აღჭურვას და პერსონალის ტრენინგებს. ლაბორატორია ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული სისტემის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები და მტკიცებულება ხელს შეუწყობს პოლიტიკის დონეზე ინფორმირებულ ჩარევებს ტყვიით დაბინძურების აღმოფხვრის მიზნით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.