გაეროს ბავშვთა ფონდი და ესტონეთის მთავრობა ერთობლივად მხარს უჭერენ ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების გაძლიერებას საქართველოში
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2024 წლის 1 ივლისი - საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადრეულ განათლებაში ბილინგვური სწავლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
პროექტს აქვს ორი მთავარი მიზანი: ყოვლისმომცველი რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება პოლიტიკისა და ბილინგვური სწავლების ერთიანი მიდგომის შემუშავების მიზნით და განათლების მუშაკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პროფესიული განვითარების სისტემის გაძლიერება. ძირითადი აქტივობები მოიცავს მოქმედი საკანონმდებლო და საგანმანათლებლო ჩარჩოს, უნარების განვითარების ინიციატივებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების საფუძვლიან ანალიზს.
"გაეროს ბავშვთა ფონდის მოწოდებაა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველა ბავშვისთვის. ეს პარტნიორული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად, რაც შესაძლებელი იქნება ძლიერი ბილინგვური განათლების სისტემის დანერგვით, რომელიც მორგებული იქნება ყველა ბავშვის საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების საჭიროებებზე ", - განაცხადა ემი ქლენსიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.
„მოხარული ვართ, რომ ესტონეთს, საქართველოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული მყარი და წარმატებული სამმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების განათლება მნიშვნელოვანი და რელევანტური საკითხია ორივე ქვეყნისთვის. ერთმანეთის წარმატებული და ნაკლებად წარმატებული გამოცდილებების გაზიარებით საქართველოს და ესტონეთს ერთმანეთისგან ბევრის სწავლა შეუძლიათ“, განაცხადა პეტერ პალსმა, საქართველოში ესტონეთის ელჩის მოადგილემ.
პროექტის შედეგად მოხდება არსებული სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დეტალური ანალიზი. პროექტი ითანამშრომლებს 10 საპილოტე საბავშვო ბაღთან, პროფესიულ სასწავლებლებთან და უნივერსიტეტებთან, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.
გარდა ამისა, მოეწყობა ცოდნის გაზიარების ვებინარები, სემინარები და ტრენინგები უნივერსიტეტის ლექტორებისთვის, აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა მოხდეს ბილინგვური განათლების საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარება.
ხარისხიანი ბილინგვური განათლება, განსაკუთრებით სკოლამდელ დაწესებულებებში, უმნიშვნელოვანესია ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის, მათი კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებისთვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ხარისხიანი ბილინგვური განათლება ეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე, და ჰქონდეთ თანასწორი წვდომა განათლებაზე. ბილინგვური განათლება ასევე ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ კულტურულ მრავალფეროვნებას, და განავითარებს ბავშვების იდენტობისა და მიკუთვნებულობის გრძნობას. ხარისხიანი ბილინგვური სწავლება ქმნის ძლიერ საფუძველს მრავალკულტურულ საზოგადოებაში უწყვეტი განათლებისა და მონაწილეობისთვის.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს ადრეულ და სკოლამდელ განათლებას სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. 2021 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს ბილინგვური განათლების პროგრამას, რომელიც ამ დროისთვის 34 საბავშვო ბაღს მოიცავს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ქართული ენის ცოდნის გაძლიერება განათლების შემდგომ საფეხურებზე შეუფერხებლად გადასვლის მიზნით, ისევე როგორც, მასწავლებლებისა და დაინტერესებული მხარეების თანამედროვე ცოდნით, მეთოდოლოგიითა და უნარებით გაძლიერება უმნიშვნელოვანესია სოციალური ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების განათლებისთვის.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.