გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, მუნიციპალიტეტები გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვთა უფლებების დაცვაში და ბავშვებსა და მათ ოჯახებზე მორგებული სოციალური პროგრამები უმნიშვნელოვანესია
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 1 ივნისი, 2025 წ. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ულოცავს ყველა ბავშვს საქართველოში ბავშვთა დაცვის დღეს - ბავშვთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დღეს.
წელს იუნისეფი ხაზს უსვამს ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების მნიშვნელობას ბავშვების კეთილდღეობისთვის, რადგან ის ითვალისწინებს მათ უნიკალურ საჭიროებებს და განვითარების ეტაპებს. ეს პროგრამები გულისხმობს აუცილებელ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნას.
აუცილებელია სოციალურ პროგრამები ბავშვებზე ორიენტირებული იყოს, რადგან ბავშვების საჭიროებები მათი განვითარების ყველა ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან უარყოფითი გამოცდილების მიმართ. ბავშვზე ორიენტირებული ინიციატივები ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვასა და ხელს უწყობს თანასწორობასა და ინკლუზიურობას. ამ პროგრამების გრძელვადიანი საზოგადოებრივ სარგებელი მოაქვთ ჯანმრთელი, განათლებული და შრომისუნარიანი ზრდასრული ადამიანის სახით, რადგან პრობლემები ადრეულ ეტაპზევე გადაიჭრება, რაც მომავალში ამცირებს უფრო რთული ჩარევების საჭიროებას. სოციალურ პროგრამებში ინვესტიციების განხორციელებით, შესაძლებელი ხდება ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა სიღარიბე, სხვადასხვა სახის დანაკლისი, ძალადობა ბავშვებზე, მათი უგულებელყოფა და მიტოვება. ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამები უზრუნველყოფს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ბავშვთა უფლებების დაცვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. მათ შეუძლიათ ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ პრობლემები და განახორციელონ ისეთი ადგილობრივი ინიციატივები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრებაზე. მუნიციპალიტეტებს შეუძლია:
- ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და დაფინანსება: საჭიროებებზე დაფუძნებული, ბავშვზე ორიენტირებული პროგრამებისთვის რესურსების გამოყოფით, მუნიციპალიტეტებს შეუძლია უზრუნველყოს, ბავშვებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და უსაფრთხო სივრცეები.
- უსაფრთხო გარემოს შექმნა: მუნიციპალიტეტებს შეუძლია შექმნას რეგულაციები, რომლებიც ბავშვებს ზიანისგან იცავს, როგორიცაა უსაფრთხო სკოლის ზონები, ბავშვებისთვის მოსახერხებელი საზოგადოებრივი სივრცეები და ძლიერი ბავშვთა კეთილდღეობის სერვისები.
- საზოგადოების ჩართულობა: საზოგადოების, განსაკუთრებით, მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტებს შეუძლია შექმნას მხარდამჭერი ქსელი, რომელიც იზრუნებს და დაიცავს ბავშვთა უფლებებს. საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების მოსაზრებების გათვალისწინებას.
- ორგანიზაციებთან თანამშრომლობა: სოციალური მომსახურების მიმწოდებლებთან, სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, აკადემიურ წრეებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან პარტნიორობა მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ექსპერტიზა და რესურსები, რაც ბავშვებისთვის ყოვლისმომცველი დახმარების სისტემის შექმნას უწყობს ხელს.
ინიციატივა პასუხობს მუნიციპალიტეტების ახალ როლს, რომელიც განსაზღვრულია 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსით. კოდექსის საფუძველზე, საქართველოს მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხში. ამ როლს ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოს გაჭირვებული ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა არსებული სოციალური სამუშაოსა და სოციალური სერვისების მეშვეობით; და მეორე, მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა შეეძლოს საზოგადოებაში ბავშვებთან და მათ ოჯახებთან დაკავშირებული სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავებით.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა შემუშავდეს ბავშვზე მორგებული, საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც დააკმაყოფილებს ყველაზე დაუცველი ოჯახების საჭიროებებს და შექმნის დამატებით საფუძველს თაობათაშორისი ბავშვთა სიღარიბის მანკიერი წრის გასარღვევად და იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.