ბავშვთა დაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების გაძლიერება - "საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციის" წამყვანი თემა
- English
- ქართული
თბილისი. 28 მარტი. 2026 წელი. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა), გაეროს ბავშვთა ფონდთან და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა, სადაც 2025 წლის საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკები გამოვლინდა.
კონფერენციის ფარგლებში ათეამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის შედეგად 2 წლის წინ დააწესა ახალი ნომინაცია: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის 2025 წლის ჯილდოები სენაკისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა მიიღეს.
“ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების როლი, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნულ სისტემაში, რამაც განაპირობა ადგილობრივი პრაქტიკის გაძლიერება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. გაეროს ბავშვთა ფონდი, მუდმივად გვერდში უდგას მუნიციპალიტეტებს ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებაში” განაცხადა ქეთევან მელიქაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის სპეციალისტმა
კონფერენციის ნაწილი იყო პანელური დისკუსია „ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტებში ბავშვისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკების წარმორჩენას.
პანელის მონაწილეებმა: სენაკის, ყაზბეგის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტების ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებების წარმომადგენლებმა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება წარმატებული მუნიციპალური პროგრამების შესახებ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს. მათ აღნიშნეს იმ მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების სარგებელი, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ათეასთან თანამშრომელობით შეიმუშავა. ეს ინსტრუმენტები თვითმმართველობებს საჭიროებათა კვლევაში, სერვისების დაგეგმვასა და ბავშვზე მორგებული ბიუჯეტირების პროცესში ეხმარება.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა შეფასებებში ასევე ხაზი გაუსვეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მათი განცხადებით, აღნიშნული მხარდაჭერა ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას და სოციალურ პროგრამის გაძლიერებას.
კონფერენციის შედეგად მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ინიციატივები და განამტკიცეს თანამშრომლობა ბავშვის კეთილდღეობასა და ადგილობრივი მმართველობის განვითარებაში.
ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მუნციპალიტეტები ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებთან და ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება უკეთ არის შესაძლებელი ადგილობრივ დონეზე.
გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მუნიციპალიტეტებს ბავშვის უფლებათა კოდექსით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. კოდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. ეს როლი ორმხრივია: მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ საჭიროების მქონე ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა სოციალური სამუშაოს და სოციალური მომსახურებების საშუალებით; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ არსებული სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების გზით.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.