გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოში იმ მოზარდების რაოდენობა, რომელიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, საგანგაშოდ მაღალია

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოზარდების ცოდნის, შეხედულებებისა და პრაქტიკის კვლევის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის იქნა წარდგენილი.

25 თებერვალი 2022
Diverted juvenile
UNICEF/Geo-2018/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 25 თებერვალი – ყოველი მეათე მოზარდი აცხადებს, რომ თამაშობს აზარტულ თამაშებს სხვადასხვა სიხშირით. მათ შორის ერთი მეოთხედი აქტიური მოთამაშეა და აზარტულ თამაშებს ფულზე კვირაში რამდენიმე დღე ან უფრო ხშირად თამაშობს. მოზარდები ძალიან დაბალ ასაკში იწყებენ აზარტული თამაშებს - მოზარდების 22 პროცენტი აღნიშნავს რომ აზარტული თამაშები დაიწყო 11 წლის ან უფრო დაბალ ასაკში, უმრავლესობამ კი (78%-მა) თამაში 12 წლის ასაკში ან უფრო გვიან დაიწყო. მოზარდების 22 პროცენტი, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს, აღნიშნავს, რომ თამაშის გამო ყოფილა დეპრესიულ განწყობაზე, ხოლო 2 პროცენტს უცდია საკუთარი თავის დაზიანება.

გაეროს ბავშვთა ფონდმა „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრთან“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად  საქართველოს მასშტაბით ჩაატარა კვლევა 14-17 წლის მოზარდებს შორის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მათი ცოდნის, შეხედულებებისა და პრაქტიკის შესასწავლად. კვლევის მიზნები იყო მოზარდების გამოცდილების განსაზღვრა ფულზე თამაშის სფეროში, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ქცევების შესწავლა და აზარტულ თამაშებთან და ლუდომანიასთან მიმართებაში მათი მოტივატორებისა და დამოკიდებულებების გამოვლენა.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მოზარდებს შორის როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა“, - საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.

„აზარტული თამაშების პრევენცია ყველაზე მეტად ეფექტურია მაშინ, როცა იგი ხორციელდება მოზარდებში აზარტული თამაშების ჩვევის ჩამოყალიბებამდე. ამის მიღწევა შესაძლებელია თავად მოზარდებს შორის აზარტულ თამაშებში ჩათრევის რისკებისა და შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სკოლის ბაზაზე საგანმანათლებლო აქტივობების, ზრდასრულთა არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის დანერგვისა და განხორციელების მეშვეობით“, დასძინა ხალილმა.

კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები იოლად ექცევიან გარემოცვის გავლენის ქვეშ. ისინი იშვიათად იწყებენ ფულზე თამაშს მარტო. როგორც წესი, პირველად ისინი მეგობრებთან/თანატოლებთან (51 %) ან ოჯახის წევრთან (32 %) ერთად თამაშობენ. კვლევის მონაწილეთა 24 პროცენტი თამაშობს იმის გამო, რომ მათი მეგობრებიც თამაშობენ, ხოლო 16 პროცენტის აზრით, აზარტული თამაშები პრესტიჟული საქმიანობაა.

მოზარდების უმეტესობისათვის, აზარტულ თამაშებში პირველად ჩაბმის, ასევე თამაშის გაგრძელების მთავარი მოტივატორი თანხის მოგების სურვილი და თავისუფალი დროის გაყვანაა. აზარტული თამაშების დაწყების სხვა მოტივატორებია მოწყენილობა და აღქმა, რომ აზარტული თამაშები პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებს კაზინოში შესვლა ან ონლაინ პლატფორმებზე დარეგისტრირება ეკრძალებათ, კვლევაში მონაწილე მოზარდების 24-მა პროცენტმა, რომლებსაც აზარტული თამაშები უთამაშიათ, აღნიშნა რომ პირველად აზარტული თამაშები კაზინოში, სლოტ კლუბში ან კაზინოს ვებ გვერდზე ითამაშა.

კვლევის თანახმად,  მოზარდების ცნობიერების დონე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკებისა და ლუდომანიის შესახებ დაბალია. მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, არ ესაუბრება მშობლებს აზარტული თამაშებისა და მათი რისკების შესახებ. მოზარდთა ერთი მესამედი აღნიშნავს, რომ თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდებიან, არავის მიმართავენ დახმარებისთვის და შეეცდებიან, თავიანთი პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვარონ.

მოზარდებში ლუდომანიის პრევენციისათვის მისი უარყოფითი შედეგების შესახებ ახალგაზრდების განათლებასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების, მასწავლებლების, თემებისა და ჯანდაცვის მუშაკთა ცოდნის ამაღლება ლუდომანიასთან დაკავშირებული პრობლემური ქცევის ნიშნების და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ ცოდნის ამაღლება.

ამას გარდა, მოზარდებისთვის, ვინც აზარტულ თამაშებშია ჩართული, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ლუდომანიასთან დაკავშირებული აშლილობების მქონე ახალგაზრდებისათვის, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, ეფექტური მხარდაჭერა იქნება ნდობის ხაზების შექმნა.

კვლევა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.