გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესის პარტნიორობის შედეგად ახალგაზრდები იუმჯობესებენ ციფრულ უნარებს

28 სექტემბერი 2023
Young people improve their digital skills thanks to UNICEF and business partnership
UNICEF/Geo-2023/Baramidze

თბილისი, საქართველო, 2023 წლის 28 სექტემბერი - გაეროს ბავშვთა ფონდმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მიმდინარე კვირას დაიწყეს რვათვიანი სასწავლო პროგრამა ყველაზე დაუცველი ახალგაზრდების ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ინიციატივა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნეს საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორული პროექტია, რომელიცახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უნარები. პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვადასხვა ბიზნეს კომპანიასთან მჭიდრო პარტნიორობით.

„ყველა ბავშვს და ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები“, - განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „მოხარულები ვართ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, სხვა კომპანიებთან და ჩვენს სამთავრობო პარტნიორებთან ერთად ყველაზე დაუცველ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი და განვითარდნენ. ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირება ყველას საქმეა და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები  მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრიორიტეტს ანიჭებენ განათლებას და ახალგაზრდების უნარების განვითარებას.“

ტრენინგები ტარდება თბილისსა და ბათუმში და ეხმარება ბავშვებს და ახალგაზრდებს გაიუმჯობესონ ციფრული უნარები შემდგომი დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის. ტრენინგის სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ციფრული წიგნიერებისა და კომუნიკაციის უნარები, მაგ.ძირითადი MS პროგრამები, კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა, ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები; ტექნიკური სასწავლო კურსები, როგორიცაა ტექნიკური ინგლისური, გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედიის მარკეტინგი, ასევე კარიერის განვითარების კურსები, როგორიცაა სამუშაოს ძებნა, ციფრული პორტფოლიოს შექმნა, ინტერვიუს უნარები, CV-ის შექმნა, დასაქმების პლატფორმები. სასწავლო პროგრამის დასკვნითი ეტაპი იქნება კარიერის დაგეგმვის ბანაკი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და გამოიკვლიონ დასაქმების შესაძლებლობები.

„მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ გაეროს ბავშვთა ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დაუცველი ახალგაზრდების ციფრული უნარები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მტკიცედ გვწამს, რომ განათლება არის ძალა, რომელსაც შეუძლია მოახდინოს დიდი ტრანსფორმაცია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში. ამ პროგრამის მეშვეობით მიზნად ვისახავთ პრაქტიკული ტრენინგის, მენტორობისა და კარიერული შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რაც საშუალებას მისცემს მასში მონაწილე ახალგაზრდებს, წარმატებას მიაღიონ ციფრულ ეპოქაში. პარტნიორობაში ჩვენი მონაწილეობა ასახავს ჩვენს ერთგულებას განათლების, ინოვაციისა და საზოგადოების კეთილდღეობის პრინციპებისადმი. მხარდაჭერის გაძლიერებით მიზნად ვისახავთ პროგრამის მასშტაბის გაზრდას, რომ მივწვდეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც და მივცეთ საშუალება უფრო მეტ ახალგაზრდას გაიუმჯობესონ უნარები. ერთობლივი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით შეგვიძლია კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება“ - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, ნინო ენუქიძემ.

სასწავლო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ და ქსელურ აქტივობებს, მენტორობას და მომავალ კარიერულ ორიენტაციას. ლექციებს გაუძღვებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ექსპერტები და პედაგოგები. ტრენინგის სერია  თბილისში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შენობაში, ხოლო ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.

ბიზნესის შესაძლებლობების გამოყენება და მასთან თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიაა, ბავშვების საკეთილდღეოდ პროგრამული მიზნების მისაღწევად. ბიზნესებთან პარტნიორობა გულისხმობს ბავშვის უფლებების გათვალისწინებას ბიზნესის ეკოსისტემაში და კომპანიების მხარდაჭერას, დაიცვან ბავშვის უფლებები თავიანთ პოლიტიკასა და პრაქტიკაში, მოახდინონ ადვოკატირება და აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხებზე. ინიციატივა შეიქმნა ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის ფარგლებში. აღნიშნული საბჭო ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრის და საზოგადოების კონტექსტში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.