იუნისეფი და იუესაიდი აჯამებენ ახალგაზრდებს შორის მედიაწიგნიერების გავრცელების შედეგებს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

14 სექტემბერი 2022
იუნისეფი და იუესაიდი აჯამებენ ახალგაზრდებს შორის მედია წიგნიერების გავრცელების შედეგებს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
UNICEF/Geo-2022/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 14 სექტემბერი. ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდისა(იუნისეფი) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (იუესაიდი) ერთობლივი ინიციატივის შედეგად, 80 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაუპირისპირდნენ კოვიდ-19 პანდემიის შესახებ დეზინფორმაციას, როგორ დაამსხვრიონ მითები და გაავრცელონ სწორი ინფორმაცია თანატოლებს შორის.

ინიციატივა განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებას მედიაწიგნიერების შესახებ, ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმის საშუალებით. კოვიდთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორების გაგება და ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით განხორციელდა სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება, რაც საფუძველს უყრის შემდგომ ნაბიჯებს, როგორიცაა საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება და მასწავლებელთა გადამზადება.

გაეროს ბავშვთა ფონდმა მედიის განვითარების ფონდთან პარტნიორობით, გამართა ტრენინგების სერია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, მოწოდებით: “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!”. კამპანია მოიცავდა კოვიდთან დაკავშირებული მედიაწიგნიერების საკითხებზე ტრენინგებსა და ვებინარებს ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების აღჭურვა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც მათ საშუალებას აძლევს გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები კოვიდ-19-ის შესახებ, ცრუ ინფორმაცია და დეზინფორმაციის გამავრცელებელი კონკრეტული ჯგუფები და გააქარწყლონ დეზინფორმაცია. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით 2022 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა როგორ პირისპირ ასევე ონლაინ ფორმატში. საერთო ჯამში, გაიმართა 41 ტრენინგი და ვებინარი,  600-ზე მეტი ახალგაზრდისა და 200-ზე მეტი მასწავლებელისა და მშობლის მონაწილეობით.

კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდულ ციფრულ პლატფორმებზე, ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობით. ახალგაზრდულ პლატფორმებზე განთავსებული მასალა მოიცავდა კოვიდ-19-ის შესახებ მითებსა და რეალობას, კონკრეტულ ისტორიებს, სტატიებსა და ვიქტორინებს. ასევე დაიწყო ვიდეო თოქ-შოუ სახელწოდებით - „ვინ შეჭამა ფეიკი“, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც ებრძვიან პანდემიასთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას. სექტემბერში აღნიშნული თოქ-შოუს ექვსი ეპიზოდი გავიდა ეთერში. მთლიანობაში, 70 000 ახალგაზრდამ მიიღო განათლება დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედების შესახებ და მიიღო სწორი ინფორმაცია კოვიდ-19 პანდემიის შესახებ.   

გაეროს ბავშვთა ფონდი, სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობით, აქტიურად ეხმარება საქართველოს მთავრობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ დაეხმარა მთავრობა კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენცია და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 30-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.  

 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.