ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრაციის შესახებ მასწავლებელთა კონფერენციები გაიმართა
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2025 წლის 5 ივნისი - გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობით, აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას. ორი კონფერენცია სახელწოდებით „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები” ჩატარდა თბილისში და ქუთაისში, სადაც მონაწილეობდნენ მედიაწიგნიერების მასწავლებლები და სკოლის დირექტორები. კონფერენციების მთავარი მიზანი იყო გამოცდილების და კონკრეტული მაგალითების გაზიარება მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ.
კონფერენციებს ესწრებოდნენ კომუნიკაციების კომისიის, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები, სკოლის დირექტორები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებიდან და მოსწავლეები.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდი, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიასთან, სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიზნით,“ განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა. „ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მედიაწიგნიერების ინტეგრაცია ფორმალურ განათლებაში.
"მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მომავალი თაობის აზროვნების ფორმირებაში და მათ უნდა აღჭურვონ მოსწავლეები მედიაწიგნიერების ცოდნითა და უნარებით, რაც აუცილებელია ციფრულ ეპოქაში უსაფრთხო ნავიგაციისთვის" - იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
„თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი იყო ასევე მიღებული გამოცდილების გააზრებასა და მომავალი ნაბიჯების განსაზღვრაში. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნული პროცესის მხარდაჭერას, მეტი მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების გაძლიერებას, მედიაწიგნიერების მდგრადი და ეფექტიანი პროგრამების შემუშავების მიზნით,“ - განაცხადა იესპერ მოლერმა.
კონფერენციები ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სადაც მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული მიდგომები მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ. დისკუსიები ასევე ფოკუსირებული იყო მედიაწიგნიერების მასწავლებელთა ქსელის შექმნაზე, საუკეთესო პრაქტიკების და რეფლექსიების კონსოლიდაციაზე, საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.
თანამშრომლობის შედეგად, მედიაწიგნიერების საგანი 227-მა სკოლამ აირჩია, ხოლო 600 სკოლაში მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია როგორც არჩევითი საგანი, პროექტი ან კლუბური აქტივობა. დაახლოებით 2500 მასწავლებელი გადამზადდა კომუნიკაციების კომისიასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით.
მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია და 21-ე საუკუნის ინფორმაციული ეპოქის ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, რომელიც მოსწავლეებს კარიერაში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. მედიაწიგნიერების ინტეგრაცია ფორმალურ განათლებაში ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიკვალონ გზა ინფორმაციის იმ დიდ ნაკადში, რომელსაც ისინი სხვადასხვა მედიის საშუალებით იღებენ.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.