მედია წიგნიერების უნარების განვითარება ახალგაზრდებში

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობის ახალი ეტაპი

15 მაისი 2019
media literacy
UNICEF/GEO-2018/Jibuti

თბილისი. 15 მაისი. 2019 წელი. მედია წიგნიერების შესახებ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება ახალგაზრდებში - ეს იქნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის(იუნისეფი) თანამშრომლობის მთავარი ფოკუსი მიმდინარე წელს. გაიმართება ორდღიანი სემინარების ციკლი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

სწავლების პროცესში  გამოყენებული იქნება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გასულ წელს შემუშავებული მედია წიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც იუნისეფის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსიაა. ექსპერტთა ჯგუფმა გადაამუშავა არსებული რესურსი და შეიმუშავა ქართულ რეალობაზე მორგებული სავარჯიშოები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად წაკითხვასა და გაანალიზებაში. სავარჯიშოები ფოკუსირებულია როგორც ტექსტურ, ისე აუდიო და ვიდეო/ფოტო მასალის გააზრების უნარის განვითარებაზე.

ორდღიანი სემინარები უფროსკლასელებისთვის გაიმართება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულსა და წნორში.  თითოეულ სემინარში 20-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ესენი იქნებიან როგორც ამ ქალაქებში არსებული მედიასკოლების (ქუთაისი, მარნეული, ბათუმი) მონაწილეები, ასევე, სხვა ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში, როგორც თანატოლ-განმანათლებლები, მიღებულ ცოდნას თავიანთ თემში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებენ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, საზოგადოებას უწევს ამოარჩიოს სანდო ინფორმაცია. ეს კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარი. საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების განვითარების საკითხი, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას შეეძლება თავი დაიცვას დეზინფორმაციისაგან. სწორედ ეს მიზანი აქვს ახალგაზრდებში მედია წიგნიერების ამაღლებას.

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს ქარტია სხვა ნომინაციებთან ერთად გამოაცხადებს პრიზს ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქების ნომინაციაში. ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც ქარტიისა და იუნისეფის უკვე ტრადიციად ქცეული პრიზი გადაეცემა.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი