ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ შემცირებული ნდობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიში
კორონავირუსის დაწყების შემდეგ, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაახლოებით ერთი მილიონი ბავშვი დარჩა ერთი ან რამდენიმე რუტინული ვაქცინის გარეშე
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ნიუ იორკი, 2023 წლის 20 აპრილი - გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ბავშვთა ვაქცინაციის მნიშვნელობის აღქმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შემცირდა. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ეყრდნობა 55 ქვეყანაში შეგროვებულ მონაცემებს, მათგან 29 ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. აღნიშნული ანგარიში გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს გამოაქვეყნა.
ანგარიში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2023: ვაქცინაცია ყველა ბავშვს“ რუტინული იმუნიზაციის შესახებ ყველაზე ყოვლისმომცველი შეფასებაა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდს ოდესმე გაუკეთებია. კვლევის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის მოსახლეობის აღქმა ბავშვთა ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით დაახლოებით, 10%-ით არის შემცირებული. შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ ამ ქვეყნების უმეტესობაში განსაკუთრებით 35 წლამდე ადამიანები და ქალბატონები იჩენდნენ უნდობლობას ბავშვთა ვაქცინაციისადმი.
ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ გაზრდილი უნდობლობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან იმუნიზაცია კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატების მაგალითსა და მონაპოვარს წარმოადგენს.
„ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ გაზრდილი უნდობლობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან იმუნიზაცია კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატების მაგალითსა და მონაპოვარს წარმოადგენს. შესაბამისად, პანდემიის შედეგად აგორებული დეზინფორმაცია და შიშის ტალღა თუ აზვირთთება, მაშინ არაერთი ადამიანის სიცოცხლე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,“ - განაცხადა ფილიპ კორიმ, იუნისეფის რეგიონული დირექტორის მოადგილემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ნდობის შემცირებას წინ უძღოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის ყველაზე მასშტაბური რეგრესი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. პანდემიამ მთელ მსოფლიოში შეაფერხა ბავშვთა ვაქცინაცია, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, კერძოდ: მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ჯანდაცვის სისტემებზე, საჭირო გახდა COVID-19-ის ვაქცინაციაზე სამუშაოდ იმუნიზაციის რესურსების გადართვა, შეიქმნა ჯანდაცვის მუშაკთა დეფიციტი და გატარდა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. შედეგად, 2019-2021 წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 67 მილიონი ბავშვი დარჩა რუტინული ვაქცინაციის გარეშე, ხოლო 112 ქვეყანაში შემცირდა ვაქცინაციის დაფარვის არეალი.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი მილიონი ბავშვი, რომლებმაც გამოტოვეს ერთი ან რამდენიმე რუტინული აცრა, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ცხოვრობს. მათგან, ჯამში 327 400 ბავშვს არ აქვს ჩატარებული არც ერთი ტიპის ვაქცინაცია და არ მიუღია დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის (DPT3) საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, რომელიც იმუნიზაციის პროცესში კრიტიკულ ინდიკატორს წარმოადგენს.
ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყირგიზეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა რეგიონში საერთოდ აუცრელი ბავშვების ხვედრითი წილით ლიდერობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოში, მონტენეგროში, რუმინეთსა და უკრაინაში კი ყველაზე მაღალია იმ ბავშვთა წილი, რომლებიც არასრულად არიან აცრილნი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა არსებული უთანასწორობები. იმუნიზაციის კუთხით უთანასწორობა ყველაზე მეტად ბოშა ბავშვებს შეეხო, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე მეტად მარგინალიზებულ უმცირესობათა ჯგუფს.
გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობებს, რომ გააორმაგონ ძალისხმევა და გაზარდონ იმუნიზაციის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, დაიწყონ მუშაობა დაინტერესებულ მხარეებთან და მოიძიონ ხელმისაწვდომი რესურსები, მათ შორის, კორონავირუსისთვის გამოყოფილი აუთვისებელი ფინანსური სახსრები, რათა სასწრაფოდ გადადგან ქმედითი ნაბიჯები და ააჩქარონ ვაქცინაციის პროცესი, რომ დაიცვან ბავშვთა ჯანმრთელობა და ხელი შეუწყონ დაავადებათა აფეთქების პრევენციას.
ანგარიში მთავრობებისთვის გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
- იდენტიფიცირებულ იქნას ყველა ბავშვი, განსაკუთრებით ისინი, ვინც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოტოვა საჭირო ვაქცინაცია;
- გაძლიერდეს ვაქცინაციის მიმართ ნდობა და გაჩნდეს მოთხოვნა. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება და საზოგადოების შეშფოთების მიზეზების ანალიზი;
- იმუნიზაციის სერვისებისა და პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების პრიორიტეტიზაცია;
- ჯანდაცვის მტკიცე სისტემების შექმნა ქალ მედიცინის მუშაკთა, ინოვაციებსა და ადგილობრივ წარმოებაში ინვესტიციის განხორციელების გზით.
„იმუნიზაცია ბავშვთა ჯამრთელობისა და კეთილდღეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. იმ დაავადებათა აფეთქების რისკის შემცირება, რომელთა პრევენცია ვაქცინით არის შესაძლებელი და შედეგად თავსდატეხილი ტანჯვის არიდება, შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომ კორონავირუსისთვის გათვალისწინებული და აუთვისებელი ფინანსური სახსრები იმუნიზაციის სერვისების გაძლიერებისკენ მიმართონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რუტინული იმუნიზაცია შეეხოს ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი ადგილსამყოფელისა,“ - განაცხადა კორიმ.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.