ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს შეიქმნას სარეაბილიტაციო მომსახურებები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის

01 ივნისი 2019
little girl near fontain
UNICEF/GEO-2019/Khetaguri

თბილისი, საქართველო, 1 ივნისი, 2019 წ.  ფსიქო-სოციალური პროგრამების და მომსახურებების ნაკლებობა ძალადობის მსხვერპლი, განსაკუთრებით სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის, აფერხებს ამ ბავშვების სათანადო რეაბილიტაციას და განვითარებას.  საქართველოში ბავშვთა დაცვის დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აუცილებლად მიიჩნევს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის  მომსახურებებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოებას.   

პრობლემაა იმ სპეციალიზებულ პროფესიონალთა ნაკლებობაც, რომლებიც ძალადობაგადატანილ ბავშვებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან.  საჭიროა სოციალური მუშაკების გაძლიერება და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალების  კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სერვისების და პროგრამების შექმნის პარალელურად, რომ ბავშვებმა შეძლონ ტრავმასთან გამკლავება და შემდგომი განვითარება.      

 

“დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ოცნებების და მიზნების ასრულება.” -  ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

 

„ამ დღეს ასევე გვსურს ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, ვინც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, ცხოვრობს სიღარიბეში, ძალადობის მსხვერპლია და არ არის დაცული. ქვეყანაში არ არსებობს   შესაბამისი მომსახურებები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ამიტომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავეხმაროთ მთავრობას ამგვარი მომსახურებების და პროგრამების შემუშავებაში,“ თქვა ღასან ხალილმა.

წელს ასევე აღინიშნება ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების -  ბავშვის უფლებათა კონვენციის - 30 წლისთავი.

მიღებიდან 30 წლის მანძილზე ამ კონვენციამ ხელი შეუწყო ბავშვთა ცხოვრებების გარდაქმნას. მან სათავე დაუდო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ უკეთ იყოს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ მიეცეთ საზოგადოებაში მონაწილეობის საშუალება. თუმცა ბავშვის უფლებათა კონვენცია ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული და სათანადოდ გააზრებული. აუცილებელია 21-ე საუკუნეში კონვენციის  რელევანტურობის და საჭიროების ხაზგასმა. იუბილე განსაკუთრებული მომენტია იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კვლავაც აიღონ ვალდებულება, განახორციელონ კონვენცია და  მოსახლეობაში გააუმჯობესონ ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება, მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მექანიზმებს და გარანტიებს საქართველოში ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის. მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებას იზრდებოდეს ოჯახში, დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მიუწვდებოდეს ხელი ინკლუზიურ განათლებასა და ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და მართლმსაჯულებაზე.  მიღების შემდეგ, ეს კოდექსი წარმართავს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების  ბავშვებთან მუშაობისა და მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის და კოდექსის აღსრულება ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოუტანს ბავშვებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ჯგუფებს,“ აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.   

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი