ახლო ხედით დანახული აღდგენითი მართლმსაჯულება: საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს აღდგენითი მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი როლი სისხლის სამართლის საქმეებში

12 ოქტომბერი 2023
International Conference on Restorative Justice
UNICEF/Geo-2023/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო, 12 ოქტომბერი. თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში: გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ". კონფერენციაზე შეიკრიბნენ ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულებისა და ალტერნატიული მექანიზმების კუთხით მომუშავე პრაქტიკოსები და პროფესიონალები.

კონფერენციას უმასპინძლეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

კონფერენცია მიზნად ისახავდა აღდგენითი მართლმსაჯულების და სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და განხილვის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელების პერსპექტივებით. ამავდროულად, კონფერენცია წარმოადგენდა შესაძლებლობას აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკაში საქართველოს გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ინტეგრირებულია არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების ჩარჩოში.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა სისხლის სამართლის საქმეების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებში აღდგენითი მართლმსაჯულების საკვანძო როლზე, ხოლო განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებზე და დაზარალებულთა დახმარების სერვისების როლზე.

კონფერენციამ ხელი შეუწყო მთელ რიგ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროებში აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლას. კონფერენციის უპირველესი მიზანი იყო აღდგენითი მართლმსაჯულების უფრო სიღრმისეული გაგებისა და გამოყენების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა საკანონმდებლო ბაზის შექმნა და არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების ხარისხის უზრუნველყოფა, აგრეთვე აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების განხორციელება. გარდა ამისა, კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა. კონფერენციაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა იურიდიული რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელოვანი როლი კრიმინალურ კონფლიქტებში ჩართულ არასრულწლოვანთათვის და ზრდასრულთათვის ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბებაში, ამავე დროს დიდი აქცენტი გაკეთდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებზე.

Jesper Moller Delivering a speech at the International Conference on Restorative Justice
UNICEF/Geo-2023/Sukhitashvili

კონფერენციამ უზრუნველყო სივრცე აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესებში დაზარალებულთა მხარდაჭერასა და ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომების, ასევე სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის შესახებ ვენეციის დეკლარაციის განხორციელების პრაქტიკული ასპექტების განსახილველად. ღონისძიებაზე დაისახა აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების საერთაშორისო პერსპექტივა, ხაზი გაესვა მათ პრაქტიკულ გამოყენებას და უწყვეტ სპეციალიზაციას, რომელიც აუცილებელია ამ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის. ასევე ხაზი გაესვა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელოვან როლს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში, განსაკუთრებით ძალადობრივი დანაშაულების საქმეებში. და ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მნიშვნელობას აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების განვითარებისა და ფართოდ დანერგვის ხელშეწყობაში.

აღდგენითი მართლმსაჯულება დიდ აქცენტს აკეთებს ადამიანებზე, მათ ნებაყოფლობით მონაწილეობაზე და დანაშაულებრივი ქმედებებით დაზიანებული ურთიერთობების აღდგენაზე. გარდა ამისა, ის ეხება აღდგენითი და ტრადიციული მართლმსაჯულების სისტემების თანაარსებობის საკითხებს, საკანონმდებლო საკითხებს, აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების პრაქტიკაში გადატანას და ეფექტური მრავალსექტორული კოორდინაციის საჭიროებას.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა 2010 წელს დაიწყო განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვით. მედიაციის პროგრამა, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების კომპონენტი, ინტეგრირებულია არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიულ მექანიზმში. აღნიშნავს რა 13-წლიან გამოცდილებას ამ სფეროში, საქართველო აგრძელებს მუშაობას აღდგენითი მართლმსაჯულების შემდგომი განვითარების მიმართულებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში და მის ფარგლებს გარეთ. კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლებს, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მიეცათ საშუალება გაეზიარებინათ გამოცდილება და კარგი პრაქტიკა აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების განმტკიცებისა და ამ კუთხით მეტი წინსვლის მიღწევისთვის.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.