აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი აჯამებენ პარტნიორული პროექტის „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ შედეგებს
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2022 წლის 15 ნოემბერი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა შეაჯამეს ერთწლიანი პარტნიორობის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირებაში.
პროგრამა ხორციელდებოდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე და ფოკუსირებული იყო აუცილებელი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდებასა და ჯანდაცვის მომსახურებების გაძლიერებაზე; ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის ზომების გაუმჯობესებაზე; ვაქცინირებისადმი უნდობლობის აღმოფხვრასა და ვაქცინაციის მოთხოვნის გაზრდაზე; რეალური დროის მონაცემების მოპოვებაზე; წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესებაზე და კოვიდ-19-ის ვაქცინირებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
“აშშ-ის მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კოვიდ-19-ის პანდემიის პირველი დღეებიდანვე დაიწყო საქართველოს დახმარება. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მივაღწიეთ ისეთ შედეგებს, რასაც გრძელვადიანი სარგებელი აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის: იმუნიზაციის ევროვნულ პროგრამას აქვს მოდერნიზებული ტექნიკური აღჭურვილობა; უსაფრთხო სასმელი წყალი აქვს გურიის სკოლებსა და საავადმყოფოებს; ექიმები და ექთნები გადამზადდნენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურებების მიწოდებაში; ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა თავად გაავრცელონ ინფორმაცია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების შესახებ. ეს აშშ-სა და საქართველოს ხალხებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია," განაცხადა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა.
„მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს, რათა ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჯანდაცვის მომსახურება, დაავადებების პრევენციის აუცილებელი მექანიზმები და კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაცია“, - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
„მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით ინფორმაცია მივაწვდინეთ მილიონზე მეტ ადამიანს და დავეხმარეთ მათ გამხდარიყვნენ უფრო ინფორმირებული და უნარიანი პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში“, დასძინა ხალილმა.
პროექტმა შემდეგ შედეგებს მიაღწია:
- 346 მაცივარი და 500 ცივი ყუთი დაურიგდა სოფლის ამბულატორიებს საქართველოს მასშტაბით.მაცივარ-ოთახი დამონტაჟდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
- საექთნო ასოციაციასთან პარტნიორობით სოფლის პირველადი ჯანდაცვის 1,284 მუშაკმა გაიარა ტრენინგი ბავშვთა შორის COVID-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვის მიზნით.
- 1,200-ზე მეტ ობიექტს აქვს წვდომა საკომუნიკაციო პლატფორმებზე, რაც COVID-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისთვის განახლებული პროტოკოლების, ტრენინგისა და დისტანციური კონსულტაციების მიღების საშუალებას იძლევა.
- 31,000-ზე მეტმა ჯანდაცვისა და სხვა სფეროს მუშაკმა გაიარა ტრენინგი ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში. დაახლოებით 94,700-მა ბავშვმა ისარგებლა დისტანციური სამედიცინო მომსახურებით/ მონიტორინგით.
- ასოციაცია „ჰელფინგ ჰენდთან“ და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციასთან პარტნიორობით 400,000-ზე მეტმა მასწავლებელმა და სკოლის პერსონალმა, ჯანდაცვის მუშაკმა, რელიგიურმა ლიდერმა, მშობელმა და ბავშვმა მიიღო ინფორმაცია COVID-19-ისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით აღნიშნულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო ვაქცინაციით მასწავლებელთა მოცვას, რაც 2021 წლის აგვისტოში არსებული 9 პროცენტიდან 2022 წლის დასაწყისში 76 პროცენტამდე გაიზარდა.
- „შალომ კლუბ გურიასთან“ პარტნიორობით გურიის 32 სკოლასა და 4 საავადმყოფოში წყლის ფილტრები დამონტაჟდა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი გახდა უსაფრთხო სასმელი წყალი. ამ დაწესებულებებში უსაფრთხო წყლით სარგებლობს 5,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი და პირველადი ჯანდაცვის კლინიკის 7,000-მდე პაციენტი.
- „ჰელფინგ ჰენდს“, აჭარის სკაუტთა მოძრაობას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით 38,234-მა მოზარდმა მიიღო ინფორმაცია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკის, COVID-19-ის პრევენციის ღონისძიებებისა და უსაფრთხო წყლისა და სანიტარული პირობების შესახებ.
- კომუნიკაციების კომისიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით დაიწყო მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში.
- მედიის განვითარების ფონდთან პარტნიორობით კოვიდ-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები და ვებინარები ჩაუტარდა 800-ზე მეტი ახალგაზრდას, მასწავლებელსა და მშობელს, ხოლო დემოკრატიის ლაბორატორიასთან პარტნიორობით ციფრული პლატფორმების მეშვეობით 70,000-მა ახალგაზრდამ მიიღო ინფორმაცია დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედების შესახებ.
აღნიშნული პროექტი იყო 2020-2021 წლებში განხორციელებული კოვიდ-19-ზე რეაგირების პარტნიორული პროექტის გაგრძელება. იგი მიზნად ისახავდა კოვიდ-19-ით ინფიცირების გავრცელების მავნე შედეგების შემსუბუქებას და დაუცველ ბავშვებსა და ოჯახებზე მოსალოდნელი სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებას.
###
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში
USAID არის მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ცვლილებების მომხდენი აქტორი და განვითარების სფეროში მიღწეული შედეგების მამოძრავებელი ძალა. საქართველოსთან პარტნიორობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში USAID მის დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დღესდღეობით საქართველოში მოქმედი 35-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.