აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებში (განრიდება და მედიაცია) საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 5000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო
- English
- ქართული
19 მაისი, 2021 წელი. თბილისი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, ევროკავშირის პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ინიციატივითა და თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც აღდგენითი მართლმსაჯულების არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 10 წლის შედეგები შეჯამდა.
განრიდება და მედიაცია აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას ეფუძნება და მაქსიმალურად ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირისა და დაზარალებულის ინტერესებს, ასევე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის ეფექტური საშუალებაა. პროგრამა ხორციელდება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და პროკურატურის ურთიერთთანამშრომლობით.
კონფერენციას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი,ევროაკავშირის პროექტის ექსპერტი, პროფესორი ივო ერცენი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განხორციელებაში ჩართული უწყებების წარმოამდგენელი პრაქტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოამდგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლისშედეგები, პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი გამკლავებს გზები, როგორც პროგრამის შემდგომი დახვეწის შესაძლებლობა. პროფესორმა ივო ერცენმა წარმოადგინა ევროკავშირის პროექტის ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც განრიდება / მედიაციის პროგრამის 10 წლის შეჯამებას ეძღვნება.
არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა 2010 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით განრიდებულია 5000-მდე არასრულწლოვანი (14 – 18) და ახალგაზრდა (18 – 21), ხოლო დანაშაულის დადასტურებული განმეორებითი მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ია.
10 წლის განმავლობაში პროგრამაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა, მათ შორის 2014 წელს გაიზარდა მედიატორის როლი. ამით პროგრამა კიდევ უფრო დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიაციის მაჩვენებელი. 2016 წლის იანვარში ამოქმედდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი", რომელის მიხედვითაც ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა განრიდების მექანიზმი, განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდა სასამართლო ეტაპზე და ის გავრცელდა 19-21 წლის ახალგაზრდებზეც. 2020 წლის ივლისში ამოქმედდა დისტანციური მედიაციის მოდელი, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მედიაციის მხარეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული მექანიზმი ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში აღდგენითი მართლმსაჯულების არსებული პრაქტიკის გაგრძელებისა და გაუმჯობესებისათვის გამოიყენება.
შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ პროგრამაში ჩართული წარმატებული პროფესიონალები: პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს შანსს, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის მოხდის გარეშე. პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს ვალდებულებებთან ერთად არასრულწლოვნის ჩართვას ახალგაზრდულ და სოციალური სახის სხვადასხვა პროექტში, რაც მას მისცემს სტიმულს, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სწორი ნაბიჯები.
განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განვითარებას საქართველოში მუდმივად მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი − „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.