გაეროს ბავშვთა ფონდი პარტნიორებს წარუდგენს ანალიზს საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ

23 თებერვალი 2023
Workshop on Child-friendly Justice
UNICEF/Geo-2023/Valishvili

2023 წლის 23 თებერვალი, თბილისი, საქართველო - საქართველოში ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა და  წარადგინა ანალიზი „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება საქართველოში - განხორციელების კონცეფცია“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი, ანალიზის წამყვანი ავტორი, პროფესორი ტონ ლიფაარდი.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში ასახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და შეიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც აფერხებენ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სრულად უზრუნველყოფას საქართველოში. ანგარიში მომზადდა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მიმოხილვისა და სასამართლოსთან, სამინისტროს უწყებებთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ბავშვებთან კონსულტაციების შედეგად.

ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ემსახურება გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ უზრუნველყონ, რომ საქართველოში მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს ბავშვზე მორგებული, ბავშვისადმი მგრძნობიარე, ითვალისწინებდეს ბავშვის უფლებებს და ორიენტირებული იყოს ბავშვების მონაწილეობაზე.

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავეყდრნოთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმის შემდეგი ეტაპი კარგად შემუშავებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის სრულმასშტაბიანი განხორციელებით. სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორების მიერ მულტიდისციპლინური და მონაწილეობითი მიდგომის მეშვეობით სამოქმედო პუნქტების შემუშავება ხელს შეუწყობს არსებულ დღის წესრიგში ინფორმირებული პოლიტიკისა და რეფორმის ძირითადი პრიორიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ადგილის მინიჭებას“ - თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

გაეროს ბავშვთა ფონდი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებული ფოკუსით კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებაზე, პროფესიონალების სპეციალიზაციაზე,  მართლმსაჯულებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემებს შორის მრავალუწყებრივ თანამშრომლობასა და მრავალდარგობრივ მუშაობაზე და მართლმსაჯულების სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, ბავშვზე მორგებული გარემოს, პროცედურებისა და მიდგომების დანერგვასა და შენარჩუნებაზე. 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებამ უზრუნველყო სამართლებრივი გარანტიები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების განსამტკიცებლად და სისხლის სამართლის სისტემასთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისთვის. 2019 წლის სექტემბერში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმის დღის წესრიგმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო, მიღებულ იქნა რა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელმაც გააძლიერა საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული სამართლებრივი გარანტიები, რათა ბავშვების უფლებები იყოს სათანადოდ დაცული და  ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მეშვეობით ბავშვებს შეეძლოთ დამოუკიდებლად ისარგებლონ თავიანთი უფლებებით სამართალწარმოების ყველა სფეროში.

პოლიტიკის შემუშავების სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდა ძირითადი სამოქმედო პუნქტები საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შემდგომი წინსვლისთვის.

ბავშვების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე აუცილებელია ბავშვთა უფლებების განხორციელებისთვის. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ყოველდღიურობაში უფლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს, განსაკუთრებით უკიდურესად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, მართლმსაჯულებაზე წვდომას და დაცვას. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას და ამისთვის საჭიროა, სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ ერთობლივად აიღოს პასუხისმგებლობა.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.