მარიამის ისტორია - განრიდების პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება
დეკემბერი 2023, თბილისი, საქართველო

- English
- ქართული
მარიამი მაღაზიაში კლასელისთვის საჩუქრის შესაძენად შევიდა. იმ საღამოს დაბადების დღის წვეულებაზე მიდიოდა. მარიამი სიხარულით ელოდა საღამოს - ის ხომ აქამდე არასდროს ყოფილა დაპატიჟებული ასეთ დიდ წვეულებაზე.
„მინდოდა ჩემს კლასელზე შთაბეჭდილება მომეხდინა, მას ყოველთვის ლამაზი ტანსაცმელი აცვია და სულ იდეალურად გამოიყურება, მაგრამ კარგი საჩუქრის საყიდლად ფული არ მყოფნიდა. ვიფიქრე სახლში ჩემებისთვის მეთხოვა ფულის დამატება, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და არ მინდოდა მისი გულის ტკენა“, იხსენებს 16 წლის მარიამი.
გადაწყვეტილება წამის გაელვებაში მიიღო - დახლიდან აიღო და სვიტრის ქვეშ დამალა სამაჯური, რომლის ფასიც 100 ლარს, ანუ მის ყოველთვიურ სახარჯო თანხას აღემატებოდა.
„შეცდომას, რომელიც დავუშვი, ბევრი მიზეზი ჰქონდა. მალევე მივხვდი, რომ იმას, რაც თავიდან პატარა გადაცდენად მეჩვენებოდა, სერიოზული შედეგები მოყვებოდა“, იხსენებს მარიამი.
მაღაზიის დაცვის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტი მალევე აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც მარიამს ბრალი წაუყენეს და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი დაემუქრა, მას პირველად და ერთადერთხელ მოუწია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხებამ, რაც მის ცხოვრებაში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა. მარიამმა სწორედ მაშინ გაიგო პირველად ტერმინი „განრიდება“.
განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესის ალტერნატიული მექანიზმი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, განრიდება პრიორიტეტული ზომაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განრიდება პრიორიტეტულად გამოიყენება. ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერენ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამას მისი დაარსების მომენტიდან.
პროკურორმა გადაწყვიტა მარიამის განრიდების პროგრამაში ჩართვა, ვინაიდან ეს მისი პირველი დანაშაული იყო, თანაც, ის თავისი ქცევის გამო სინანულს გამოხატავდა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის მზად იყო.

პროგრამის ფარგლებში მარიამი ჩაერთო მთელ რიგ ტრენინგებსა და აქტივობებში. სოციალური მუშაკების დახმარებით მან გააანალიზა დანაშაულის ჩადენისას საკუთარი მოტივაცია და ფაქტორები, რამაც განაპირობა მისი ქცევა, ასევე ამ ქცევების შედეგები. არტ-თერაპიაში ჩართულობა მარიამს დაეხმარა ემოციების რეგულირებაში და აღჭურვა სტრესის მართვისა და ყოველდღიური გამოწვევების დასაძლევად საჭირო უნარ-ჩვევებით.
სოციალური მუშაკები ცდილობენ განრიდებულ პირებს შეურჩიონ მათი ინტერესების შესაბამისი აქტივობები. „ვიცოდი, რომ მარიამს კითხვა უყვარდა“, ამბობს მარიკა ტყეშელაშვილი, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი, „ამიტომაც ვეძებდი შესაძლებლობას, მას მოხალისეობრივი აქტივობა განეხორციელებინა წიგნების მაღაზიაში ან სტამბაში.“
სწორედ ამ დროს საქმეში ჩაერთო სულაკაურის გამომცემლობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაარსებული პლატფორმის - „ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის“ წევრი. აღნიშნული საბჭოს მიზანია საქართველოს ბიზნეს-სექტორის წვლილის გაზრდა ბავშვების უფლებების პატივისცემის, დაცვისა და უზრუნველყოფის საქმეში. სულაკაურის გამომცემლობამ გამოთქვა განრიდების პროგრამის მხარდაჭერის მზადყოფნა და ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, შეესრულებინათ მოხალისეობრივი აქტივობები მის მაღაზიათა ქსელში.
მარიამი გამომცემლობის ერთ-ერთ მაღაზიაში ერთი თვის განმავლობაში ჩართული იყო მოხალისეობრივ აქტივობაში. ამ გამოცდილებამ მას არა მხოლოდ უსაფრთხო გარემო შეუქმნა, სადაც თავისუფალ დროს ატარებდა, არამედ ასევე დადებითი როლი შეასრულა იმაში, რომ მარიამს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღექვა.
“წიგნების მაღაზიაში აღმოვაჩინე მშვიდი გარემო, სადაც შემიძლია თან ვიკითხო, თან სხვებისთვის ვიყო სასარგებლო. იქ სულ არ მიგრძვნია თავი „განრიდებულად“. წიგნების მაღაზიაში მისვლისას თავს ვგრძნობდი გუნდის წევრად, ასევე შევიძინე გამოცდილება, რაც მომავალში შესაძლებელია დამეხმაროს დასაქმებაში“, - ამბობს მარიამი.
განრიდების ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ, მარიამმა შეცვალა პრიორიტეტები და ისწავლა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საკუთარი ემოციებისა და გამოწვევების შესახებ უფრო ღიად საუბარი, ასევე უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის დაიწყო მომზადება.

„მთავარი დასკვნები, რომლებიც გამოვიტანე, იყო ის, რომ შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, და ის, რომ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. მე ეს გავაკეთე და მიხარია, რომ კანონთან სერიოზული პრობლემების ნაცვლად, ახლა შემიძლია ვიფიქრო მომავალზე, განათლებაზე და კარიერაზე“, ამბობს მარიამი.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა საქართველოში 2010 წელს დაიწყო და ეს აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით გაკეთებული მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად. გაეროს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაზე ფოკუსირებით. აღნიშნული ინიციატივა აანალიზებს არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა განრიდებული არასრულწლოვნებისთვის მომსახურების სიმწირე, და შეიმუშავებს მისი გაძლიერების კონცეფციას, ასევე უზრუნველყოფს ინსტრუმენტებსა და დირექტივებს ეფექტიანი მონიტორინგისთვის.
2012-დან 2022 წლამდე საქართველოში მოხდა 14-21 წლის 5600-მდე ბავშვისა და ახალგაზრდის სისხლის სამართლის პროცესიდან განრიდება.
პროექტის შესახებ:
ევროკავშირის დახმარებით გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს ბავშვთა ეფექტიან მხარდაჭერასა და დაცვას ბავშვთა გაძლიერებული დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების მეშვეობით. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და დირექტივების გაძლიერებას, რომლებიც მხარს უჭერს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა დაეხმარონ და დაიცვან ბავშვები და ოჯახები საქართველოში.
სტატია დაიწერა ევროკავშირის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის ხედვებს.