ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას განრიდება გახდეს პრიორიტეტი კანონთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისათვის

13 აპრილი 2022

თბილისი. 13 აპრილი, 2022 წელი. 5600-მდე 14-დან 21 წლამდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა სისხლის სამართლებრივ დევნას უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.  გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირი მხარს უჭერენ განრიდებისა და მედიაციის პროგრამას მისი ამოქმედების დღიდან. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გასული თერთმეტი წლის შედეგები შეაჯამეს კონფერენციაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ იყო ორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.  

შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო ხედვა. ღონისძიებას მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი. კონფერენციას ესწრებოდნენ აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განრიდება არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ქვაკუთხედია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, განრიდება პრიორიტეტული ღონისძიებაა, რაც ნიშნავს, რომ არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ, პირველ რიგში, განხილულ უნდა იქნას განრიდების შესაძლებლობა.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან ფუნქციონირებს, რაც ძირეული ცვლილება იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან აღდგენით მართლმსაჯულებამდე და რეაბილიტაციამდე. პროგრამის კიდევ ერთი მიღწევა იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება 2015 წელს, რომელმაც განრიდების პროგრამაში ჩართვა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაც გახადა შესაძლებელი. განრიდების უფლებამოსილება აგრეთვე მიენიჭა მოსამართლესაც.  2014 წლიდან პროგრამაში ჩაერთნენ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნები, არამედ ისინიც, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. 2021 წელს, განრიდების პროგრამებში დაფიქსირდა წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი, 65%-იანი წლიური მაჩვენებელი.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამას მართავს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო  საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით.

კონფერენციაზე შეფასდა, თუ რამდენად ეფექტიანია განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი და თუ რამდენად მოქნილია პროგრამა, მოერგოს საგანგებო სიტუაციებს, როგორიცაა მაგალითად, კოვიდ პანდემია, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა. ასევე, შეფასდა, მედიაციის დისტანციურ რეჟიმში განხორციელების, დაზარალებულთა კმაყოფილების კვლევისაა  და რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის შედეგები.

კონფერენციის დროს განრიდების და მედიაციის პროგრამის წარმატებით განხორციელების ნიშნად დაჯილდოვდნენ პროგრამაში ჩართული პროფესიონალები: პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები.

გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით განაგრძობს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებას. სამწლიანი პროექტი „საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.