სკოლამდელი განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები საქართველოში – მათი დანერგვა პრაქტიკაში
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ მიღებული ახალი კანონის საფუძველზე ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა - დანერგოს სკოლამდელი განათლების სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები.
- English
- ქართული
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორი ღასან ხალილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი ბათუმის 34-ე საჯარო საბავშვო ბაღს ეწვივნენ.
ბათუმის ახალი 34-ე საჯარო საბავშვო ბაღი ერთი წლის წინ გაიხსნა და მასში 250-ზე მეტი ბავშვი ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს აკლიათ სისტემური გადამზადება, აღმზრდელ-პედაგოგთა გუნდი ცდილობს, პრაქტიკაში დანერგოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მათ შორის ყურადღებას ამახვილებს ეზოში თამაშზე, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტებში ჩადებული მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 2016 წელს მიღებული ახალი კანონის საფუძველზე განისაზღვრა მთავრობის და მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა - დადგინდეს და დაინერგოს საქართველოში სკოლამდელი განათლების სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები. 2017 წელს მთავრობამ დაამტკიცა შემდეგი ოთხი სტანდარტი : (1) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; (2) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი; (3) ტექნიკური რეგლამენტი ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ; (4) ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში კვების ორგანიზების და კვებითი ღირებულების ნორმების განმსაზღვრელი ტექნიკური რეგლამენტი. გაეროს ბავშვთა ფონდმა დახმარება გაუწია მთავრობას აღნიშნული სტანდარტების, აგრეთვე, სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტის, შემუშავებაში. ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია.
დაწესებულების გარეთ არსებული სივრცეები საბავშვო ბაღებში უნდა წაახალისებდეს ბავშვებს შორის ურთიერთობასა და თამაშს. ეზოს სივრცე უნდა იყოს საკმარისად დიდი ბავშვების რაოდენობის შესაბამისად, რათა ბავშვებს შეეძლოთ თავისუფლად მოძრაობა, ფიზიკური აქტივობა და შემცირდეს ბავშვებს შორის კონფლიქტის წარმოშობის რისკი.
სკოლამდელი დაწესებულების ეზო არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილი. ახალი სტანდარტები და სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს დაწესებულების გარეთ არსებული სივრცეების სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყენებას: თავისუფლად თამაშისთვის, წიგნების კითხვისთვის, ხატვისთვის, ცეკვისთვის, ძერწვისთვის ან უბრალოდ მეგობართან მშვიდად საუბრისთივს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბავშვებში შემეცნებითი და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის.
ახალ სტანდარტებს საფუძვლად უდევს ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკა, რომელიც წაახალისებს ბავშვის ინიციატივასა და არჩევანს. აღმზრდელ-პედაგოგები ასრულებენ ფასილიტატორის როლს, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის დომინირების ნაცვლად, გზას უკვლევს ბავშვებს სწავლისა და განვითარების პროცესში.
ახალი სანიტარიულ-ჰიგიენური და კვების სტანდარტები სკოლამდელ დაწესებულებებში საკვების შენახვისა და დამუშავების მკაცრ სახელმძღვანელო მითითებებს იძლევა. 34-ე საბავშვო ბაღის სამზარეულოში ეს სახელმძღვანელო მითითებები სრულდება შესაბამისად მომზადებული მზარეულების მიერ, სათანადოდ აღჭურვილ სამზარეულოში.
კვების სტანდარტები აყალიბებს კონკრეტულ მითითებებს ბავშვებისათვის ჯანსაღი და დაბალანსებული კვების უზრუნველსაყოფად. კანონის თანახმად, კვება საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში უფასოა ყველა ბავშვისთვის, რომელიც დაწესებულებაში დადის. როგორც განათლებას, ისე კვებას ბათუმის 34-ე საბავშვო ბაღში სრულად აფინანსებს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობა.
სამზარეულოს აღჭურვილობის ხარისხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებისათვის ჯანსაღი კერძების მომზადებაში.
ახალი სტანდარტები ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებულ პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებსა და შეხედულებებს და იყენებს ინდივუდუალიზებულ მიდგომებს, რათა ბავშვები ჩაერთონ მცირე ჯგუფურ აქტივობებში: ამ დროს ბავშვები უფრო უკეთ სწავლობენ, თამაშობენ და ურთიერთობენ ერთმანეთთან. თუმცა, როდესაც 34-ე საბავშვო ბაღში სტუმრები მიდიან, მათ ბავშვები კვლავაც ძველებურად, ერთობლივი შეძახილებით ხვდებიან.