ვაქცინაცია და ახალი კორონავირუსი (COVID-19): რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

როგორ უნდა ჩაუტარდეს ბავშვს გეგმიური ვაქცინაცია უსაფრთხოდ COVID-19 პანდემიის პერიოდში.

მომზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ
newborn gets a vaccine
UNICEF/GEO-2019/Jibuti

05 მაისი 2020

2019 წლის კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებამ ადამიანებში შიში და გაურკვევლობა გამოიწვია. მრავალ მშობელს აინტერესებს, როდის გამოჩნდება COVID-19-ის ვაქცინა და პანდემიის პერიოდში როგორ მოიქცნენ ბავშვების გეგმიურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გთავაზობთ პასუხებს თქვენს მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

 

როდის იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის დაავადების (COVID-19)-ის ვაქცინა?

დღევანდელი მდგომარეობით [4 მაისი], COVID-19-ისათვის კონკრეტული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. მთელ მსოფლიოში მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მრავალ სხვადასხვა ვაქცინაზე; ამათგან, ორის შემთხვევაში მიღწეულია ყველაზე დიდი პროგრესი. მეცნიერები იყენებენ ვაქცინის შექმნის ინოვაციურ მიდგომებს, ნაწილობრივ --ებოლასა და SARS-ზე რეაგირების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუ COVID-19-ის ვაქცინა წარმატებით შეიქმნა, ეს იქნება ისტორიაში ვაქცინის შექმნისა და ვალიდაციის ყველაზე სწრაფი პროცესი.

მკვლევრები ასევე ეძებენ მედიკამენტებს, რომლებიც შეანელებს ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში და შეამცირებს დაავადებულ პაციენტებში ვირუსით გამოწვეულ სუნთქვის სერიოზულ პრობლემებს. თუმცა, ყველაზე სწრაფი მეთოდების შემთხვევაშიც კი, ადამიანებში ახალი დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების გამოყენებამდე აუცილებელია პრეპარტების გამოცდა და დარწმუნება მათ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში.

 

>> ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხელების დაბანის შესახებ, რომ დაიცვათ თავი კორონავისურით დაავადებისგან

 

COVID-19 პანდემიის პერიოდში უნდა ჩაუტარდეს თუ არა ჩემს ბავშვს გეგმიური ვაქცინაცია?

მართალია, COVID-19 იწვევს ჩვენი ცხოვრების რეჟიმისა და რიტმის ცვლილებას, ამ კითხვაზე მოკლე პასუხია დიახ, შეეცადეთ, რომ ბავშვს გაუკეთოთ აცრები იმ დაწესებულებაში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ჩვილების აცრების გრაფიკის დაცვა, ვინაიდან იმუნიზაცია ბავშვებს იცავს მძიმე დაავადებებისაგან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენს შვილს შეეძლება სხვა ბავშვებთან ურთიერთობის განახლება, იგი იქნება დაცული სხვა დაავადებებისგანაც.

თუ არ ხართ დარწმუნებული,  ჩვეული გრაფიკით მუშაობს თუ არა თქვენი იმუნიზაციის სამსახური, გადაამოწმეთ ჯანდაცვის პროვაიდერთან. ვინაიდან COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება ყოველდღიურად იცვლება, შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებები მუშაობას აგრძელებენ გარკვეული ცვლილებებით. თუ ვერ მიდიხართ კლინიკაში, სადაც თქვენს შვილს მორიგი აცრები უნდა ჩაუტარდეს, ჩაინიშნეთ, რომ როგორც კი სერვისები განახლდება, კვლავ დაიწყოთ ზრუნვა ბავშვის ვაქცინაციაზე წასაყვანად.

 

რა შეიძლება ვისწავლოთ ამ აფეთქებიდან? რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ სხვა დაავადებებთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

 

ამ აფეთქებამ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინები. დაგვანახა, რომ როდესაც დაავადებისათვის არსებობს ვაქცინა, საჭიროა გრაფიკის მიხედვით ავცრათ ბავშვები და თავადაც უნდა ავიცრათ. ვაქცინებით უზრუნველყოფილი დაცვის გარეშე, დაავადებები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და საშინელი შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, წითელა და სხვა დაავადებები მუდმივ რისკს წარმოადგენს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები და შესაბამისად - დაცვა.

 

როგორ მოქმედებს ვაქცინა?

ვაქცინა ხელს უწყობს ჩვენი იმუნიტეტის მომზადებას ინფექციებთან საბრძოლველად, ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმის (ბაქტერია ან ვირუსი) არააქტიური ფორმის შეყვანით. ვინაიდან მიკროორგანიზმი დეაქტივირებულია, იგი ვერ გამოიწვევს დაავადებას. თუმცა, იგი იმუნურ სისტემას აღძრავს თავდაცვისაკენ - ანტისხეულების გამომუშავებისაკენ. შემდგომში, თუ ეს მიკრობი შეგხვდებათ, თქვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა უკვე მზად იქნება მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

>> ნახეთ მინი-მასტერკლასი ვაქცინაციის შესახებ

 

სად შემიძლია მოვიძიო უახლესი რჩევები ვაქცინაციის შესახებ?

დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს, მიმართეთ ადგილობრივი და ეროვნული ჯანდაცვის უწყებების ვებსაიტებს და შეასრულეთ ჯანმოსა (WHO) და იუნისეფის (UNICEF) მიერ წარმოდგენილი რჩევები.

 

როგორ შეიძლება, დავიცვა თავი და სხვები COVID-19-საგან?

დაინფიცირების პრევენციისათვის თქვენ და თქვენს ოჯახს შეგიძლიათ სხვადასხვა ზომების გატარება, მათ შორის:

 

  • ხელები იბანეთ ხშირად, საპნითა და წყლით, ან გაიწმინდეთ სპირტიანი სითხით.
  • მოერიდეთ სახეზე შეხებას, განსაკუთრებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე.
  • დაცემინების ან დახველების შემთხვევაში, პირზე და ცხვირზე მიიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ხელსახოცი. გამოყენებული ქაღალდის ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ.
  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს. დაიჭირეთ უსაფრთხო დისტანცია ადამიანისაგან, ვისაც გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.
  • მოერიდეთ ხელის ჩამორთმევას, გადახვევას ან გადაკოცნას. მოერიდეთ საკვების, დანა-ჩანგლის, ჭიქებისა და პირსახოცების საზიაროდ გამოყენებას.
  • გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან, მათ შორის, ტელეფონებს, კარების სახელურებს, სინათლის ჩამრთველს/გამომრთველს, დისტანციური მართვის პულტს და მაგიდის ზედაპირებს.
  • დარჩით სახლში, თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, თუნდაც სუსტი ცხელების ან ხველის შემთხვევაში.
  • გაიკეთეთ პირბადე, თუ გახველებთ ან აცემინებთ, ან თუ უვლით პირს, რომელსაც შესაძლოა COVID-19 ჰქონდეს. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა ატარონ სამედიცინო პირბადეები.

 

მყავს 1 წლამდე ასაკის ბავშვი. როგორ დავიცვა იგი COVID-19-სგან?

ხელების დაბანის, ფიზიკური დისტანცირების და ჰიგიენის პრაქტიკის დაცვის შესახებ უკვე წარმოდგენილი რჩევების გარდა, მშობლებმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ ახალშობილების ინფექციისაგან დასაცვად. თუ შესაძლებელია, ბავშვი უნდა იყოს ბუნებრივ (ძუძუთი) კვებაზე. ამჟამად არ არსებობს დადასტურებული კვლევა დედის რძით ვირუსის შესაძლო გადაცემის შესახებ, თუმცა, სუნთქვის ორგანოებიდან გადაცემის პრევენციისათვის უნდა დაიცვათ ჰიგიენის სტანდარტული წესები და სუნთქვის ორგანოების დაცვის ზომები (ძუძუთი კვების დროს, ასევე სხვა დროს). თუ ხელმისაწვდომია, დღეში ერთხელ ანტიბაქტერიული საწმენდებით გაწმინდეთ მაგიდის ზედაპირები და საფენების გამოსაცვლელად გამოყენებული ზედაპირები.

 

სასურველია, პატარა ბავშვებთან ერთსა და იმავე მომვლელებს ჰქონდეთ ურთიერთობა, რათა შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, ვისთანაც ბავშვებს კონტაქტი აქვთ. მომვლელებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რეგულარულად იბანონ ხელები, მოერიდონ იმ საგნების საზიაროდ გამოყენებას, რომელსაც პირთან აქვს შეხება, როგორიცაა ჭიქა; ასევე, მოერიდონ ბავშვთან კონტაქტს, თუ ოდნავ მაინც შეუძლოდ გრძნობენ თავს.

 

 

როგორ უნდა მოვიქცე, თუ ბავშვს აღენიშნება COVID-19-ის სიმპტომები? უსაფრთხოა მისი ექიმთან წაყვანა?

თუ ბავშვს ყელი სტკივა, ახველებს ან ცხელება აქვს, ბავშვის ექიმთან წაყვანამდე, რჩევის მისაღებდ დაურეკეთ ექიმს ან ჯანდაცვის დაწესებულებას. შესაძლოა, კლინიკაში უზრუნველყოფილი ჰქონდეთ შესაბამისი პროცედურები ინფექციის გავრცელების შემცირებისათვის. თუ ბავშვს უფრო სერიოზული სიმპტომები აქვს, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა ან სხვა უჩვეულო ნიშნები, დარეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურში ან წაიყვანეთ იგი გადაუდებელი დახმარების უახლოეს დეპარტამენტში.

 

COVID-19-ით დაავადებული ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები, ან შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. თუმცა, მნიშვნელოვანია ხანდაზმულების და მძიმე ინფექციებისადი სხვა შედარებით უფრო მოწყვლადი პირების დაცვა. ამდენად, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს ჰქონდა ექსპოზიცია COVID-19-თან, ან თვლით, რომ COVID-19 აქვს, დატოვეთ სახლში და რჩევისათვის დაუკავშირდით ბავშვის ექიმს ან ჯანდაცვის მუშაკს.

 

სხვა რესპირატორული ინფექციების მსგავსად, როგორიცაა გრიპი, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სიმპტომები, ადრეულ ეტაპზევე მიმართეთ სპეციალისტს. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს (სამსახური, სკოლა, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი), ხანდაზმულებთან ან დათრგუნული იმუნიტეტის მქონე ოჯახის წევრებთან კონტაქტს. თუ თქვენს ოჯახში ცხოვრობს ხანდაზმული წევრი, რეკომენდებულია ოჯახში თაობების განცალკევება.

 

უნდა ჩავუტარო ბავშვს ტესტირება ახალ კორონავირუსზე 2019 (COVID-19)?

თუ ბავშვი ჯანმრთელია და არ აქვს სიმპტომები (როგორიცაა ცხელება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება), მისი ტესტირება საჭირო არ არის. ამასთან, აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ზომის მიღება თქვენი ოჯახის COVID-19-საგან დასაცავად.

 


 

რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინებზე?!

.

აღმოაჩინე მეტი