ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხელების დაბანის შესახებ, რომ დაიცვათ თავი კორონავისურით დაავადებისგან

ხელების დაბანას შეუძლია თქვენი და თქვენი ახლობლების დაცვა

გაეროს ბავშვთა ფონდი
washing hands
UNICEF/UNI310746/Viet Hung

23 მარტი 2020

რესპირატორული ვირუსები, როგორიცაა ასევე კორონავირუსი (COVID-19) ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში თვალების, ცხვირის ან ყელის გზით. ყველაზე ხშირად ეს ხელების მეშვეობით ხდება. ასევე, ხელები არის ერთი ადამიანიდან მეორეზე ვირუსის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა.

გლობალური პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე იაფი, მარტივი და მნიშვნელოვანი  გზა არის ხელების ხშირი დაბანა საპნით და წყლით.

ქვემოთ მოცემულია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხელების  სწორად დაბანის შესახებ :


1. როგორ უნდა დავიბანო ხელები სწორად?

იმისათვის, რომ ხელებიდან ჩამოიცილოთ ვირუსის ყველა კვალი, ხელების სწრაფად აქაფება და ჩამობანა საკმარისი არ არის. ქვემოთ მოცემულია ხელების ეფექტიანი  დაბანის ინსტრუქციები ნაბიჯ-ნაბიჯ:

  • ნაბიჯი 1: დაისველეთ ხელები გამდინარე წყლით
  • ნაბიჯი 2: წაისვით საკმარისი საპონი, რომ დაიფაროს სველი ხელები
  • ნაბიჯი 3: კარგად დაიმუშავეთ ხელის ყველა უბანი - ხელის მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ - მინიმუმ 20 წამის განმავლობაში .
  • ნაბიჯი 4: კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
  • ნაბიჯი 5: გაიმშრალეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით.

2. რამდენ ხანს უნდა ვიბანდე ხელებს?

ხელებს უნდა იბანდეთ მინიმუმ 20-30 წამის განმავლობაში. დროის გაზომვის ადვილი მეთოდია სიმღერის „რა ლამაზი დღეა“ ორჯერ წაღიღინება.

იგივე ეხება ხელის სადეზინფექციო სითხეს (ე.წ. ხელის სანიტაიზერს): გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე მინიმუმ  60% ალკოჰოლის შემცველობით და დაიმუშავეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. დარწმუნდით, რომ ხელის ყველა უბანი არის სათანადოდ და სრულად დამუშავებული.


3. როდის უნდა დავიბანო ხელები?

COVID-19-ის გადადების პრევენციის მიზნით ხელები უნდა დაიბანოთ:

  • ცხვირის მოხოცვის, დახველების ან დაცემინების შემდეგ
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები და სალოცავი ადგილები - ყოფნის შემდეგ 
  • თქვენი საცხოვრებლის მიღმა ზედაპირებზე შეხების შემდეგ, ფულთან შეხების ჩათვლით
  • ადავმყოფი ადამიანის მოვლიწ წინ, შუაში და შემდეგ
  • ჭამის წინ და შემდეგ

ზოგადად, ყოველთვის უნდა დაიბანოთ ხელები შემდეგ სიტუაციებში:

  • ტუალეტის შემდეგ
  • ჭამის წინ და შემდეგ
  • ნაგავთან შეხების შემდეგ
  • ცხოველების და შინაური ცხოველების შეხების შემდეგ
  • ბავშვის საფენების გამოცვლის შემდეგ ან მას შემდეგ, როცა ეხმარებით ბავშვს ტუალეტში
  • როდესაც თქვენი ხელები ვიზუალურად ჭუჭყიანია

4. როგორ დავეხმარო ბავშვს ხელების დაბანაში?

შეგიძლიათ, ბავშვებს დაეხმაროთ მათთვის ხელის დაბანის პროცესის გამარტივებით. მაგალითად, დაუდგით სკამი, რომ თვითონ ადვილად მიწვდნენ საპონს და წყალს. შეგიძლიათ ასევე ეს პროცესი მათთვის სახალისო გახადოთ ხელების დაბანაში დახმარების დროს მათი საყვარელი სიმღერის შესრულებით.
 

5. მჭირდება თუ არა თბილი წყალი ხელების დასაბანად?

არა, ხელების დასაბანად შეგიძლიათ ნებისმიერი ტემპერატურის წყლის გამოყენება. როგორც ცივი, ასევე ცხელი წყალი თანაბრად ეფექტიანია მიკრობებისა და ვირუსების მოსაცილებლად - იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ საპონს!


6. უნდა გავიმშრალო თუ არა ხელები პირსახოცით?

მიკრობები უფრო ადვილად ვრცელდება სველი კანიდან, ვიდრე მშრალი კანიდან. შესაბამისად, ხელების მთლიანად გაშრობა მნიშვნელოვანი საფეხურია. ქაღალდის ხელსახოცები ან სუფთა ქსოვილები არის ყველაზე ეფექტიანი გზა ბაქტერიების მოსაცილებლად მათი სხვა ზედაპირებზე გავრცელების გარეშე.


7. რა სჯობს: ხელების დაბანა თუ ხელის სადეზინფექციო სითხის გამოყენება?

ზოგადად, ორივე - როგორც ხელების დაბანა საპნითა და წყლით, ასევე ხელის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით (სანიტაიზერით) ძალიან ეფექტიანია მიკრობებისა და პათოგენების უმრავლესობის მოსაკლავად იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცედურები სწორად არის შესრულებული. ხელის სადეზინფექციო საშუალებები უფრო მოსახერხებელია, როდესაც სახლში არ ხართ. თუმცა, ისინი უფრო ძვირია ან მათი შოვნა რთულია გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებში. ასევე, სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები კლავს კორონავირუსს, მაგრამ ის არ კლავს ყველა სახის ბაქტერიასა და ვირუსს. მაგალითად, ის შედარებით ნაკლებ ეფექტიანია ნოროვირუსის და როტავირუსის წინააღმდეგ.


8. როგორ მოვიქცე, თუ არ მაქვს საპონი?

ქლორიანი წყლის ან სპირტის მინიმუმ 60%-იანი სადეზინფექციო საშუალების გამოყენება არის შემდეგი გზა იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ საპონი და გამდინარე წყალი. თუ არც ეს საშუალებებია ხელმისაწვდომი, ქაფიანი წყალი ან ნაცარი ასევე დაგეხმარებათ ბაქტერიების მოცილებაში, თუმცა არც ისე ეფექტიანად. თუ იყენებთ რომელიმე ამ მეთოდს, მნიშვნელოვანია, რომ ხელები დაიბანოთ მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, მანამდე კი - თავი შეიკავოთ სხვა ადამიანებთან და ზედაპირებთან კონტაქტისგან.

9. კიდევ როგორ შეიძლება, დავეხმარო კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას? 
  • დაიცავით დახველებისა და დაცემინების სწორი ეტიკეტი: დაიფარეთ ცხვირი და პირის ღრუ იდაყვით ან ქაღალდის ცხვირსახოცით, მაშინვე გადააგდეთ გამოყენებული ცხვირსახოცი და დაიბანეთ ხელები.
  • არ შეეხოთ სახეს (პირს, ცხვირს, თვალებს)
  • დაიცავით სოციალური დისტანცია: არ ჩამოართვათ ხელი, არ გადაეხვიოთ სხვა პირებს ან გადაკოცნოთ ისინი, არ მიირთვათ საზიარო საკვები, არ იხმაროთ საერთო ჭიქები, დანა-ჩანგალი, თეფშები და პირსახოცები.
  • თავი აარიდეთ ახლო კონტაქტს ნებისმიერ პირთან, ვისაც შეენიშნება გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.
  • დროულად მიმართეთ სამედიცინო პირს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს სიცხე, ხველა ან ქოშინი/სუნთქვის გაძნელება
  • გაწმინდეთ ზედაპირები, რომელსაც შეიძლება, შეხება ჰქონდეს ვირუსთან და ზოგადად - უფრო ხშირად გაწმინდეთ ზედაპირები (განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში)

COVID-19-თან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ

აღმოაჩინე მეტი