განიცდის თუ არა ჩემი შვილი რეგრესს კოვიდ-19 პანდემიის გამო?

თუ თქვენ შვილს რეგრესს ამჩნევთ, თქვენ მარტო არ ხართ

UNICEF
mother and child
UNICEF/UN0202875/Serbia
13 აგვისტო 2021

ბავშვების უმეტესობა ძლიერ ისწრაფვის წინ წაიწიოს განვითარების გზაზე. თუმცა ახალ უნარებთან ერთად, თავს იჩენს სტრესიც. ეს სტრესი იწვევს რეგრესს: დროებით შეფერხებას ბავშვის განვითარებაში.

კოვიდ-19 პანდემიამ გაამწვავა კრიზისი ზრუნვისა და სწავლის პროცესში. სასკოლო პროცესის შეფერხებით, მეგობრების ნახვის შეზღუდვითა და საყვარელი რუტინების რღვევით რეგრესული ქცევა (სირთულეები იმ უნარ-ჩვევების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენი შვილები უკვე დაეუფლნენ, როგორიცაა ტუალეტით სარგებლობა და ძილი; ემოციების, სიბრაზის, სევდის და შფოთვის მართვა) სულ უფრო გახშირდა.

ჩვენ ვესაუბრეთ ნენსი ქლოუზს, მეცნიერებათა დოქტორს, იელის მედიცინის სკოლის ბავშვთა განვითარების კვლევის ცენტრის ასისტენტ პროფესორს და იელის ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამის ასოცირებულ დირექტორს, იმაზე, თუ რას განიცდიან ახლა მშობლები და მათი შვილები (ადრეული ასაკიდან უნივერსიტეტის სტუდენტებამდე) და ამ პერიოდის ერთად, სიკეთითა და ურთიერთგაგების გზით დაძლევის გზებზე.

 

რა სახის რეგრესს ამჩნევთ ბავშვებს კოვიდ-19 პანდემიის დროს?

მე დიდ რეგრესს ვამჩნევ და ეს განვითარებისთვის ჩვეულებრივ დასაშვებზე მეტია. მე ვამჩნევ ბავშვების რეგრესს, რაც გამოიხატება ენის მოჩლექით საუბარში, სხვდასხვა რუტინის შესრულებისას დახმარების საჭიროებაში, დაძინებისას და ტუალეტით სარგებლობისას დახმარების საჭიროებაში და ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ძლიერ ემოციებთან გამკლავება და მათი გამოხატვა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, ამიტომ ჩვენ ხშირია ტანტრუმები უფროს და ადრეული ასაკის ბავშვებში და სტუდენტებშიც კი. ზრდასრულ ასაკშიც კი შესაძლებელია განვიცადოთ რეგრესი, როდესაც სტრესის დონე იზრდება ან როდესაც ცვლილებას ან გარდამავალ ეტაპს გავდივართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს: ეს განვითარების ერთ-ერთი ფენომენია ბავშვობიდან ზრდასრულობამდე.

ჩვენ აგრეთვე ვამჩნევთ მრავალ ქცევით პრობლემას. ჩვენ ვამჩნევთ, როგორ ძლიერ განიცდიან ბავშვები, როდესაც ვერ ხვდებიან მეგობრებს ან მასწავლებლებს და ავლენენ გადაჭარბებულ ემოციების და ქცევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცვლება მათთვის სკოლის ფენომენი. მთელი ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო მეტად დამთრგუნველი და გამაღიზიანებელია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით, ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თანმიმდევრულობა და განჭვრეტადობა კოვიდ-19-ის დროს რთულად მისაღწევია. ამან ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და გაღიზიანება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს ქცევითი რეგულირების რღვევის მიზეზი.

 

 ზოგიერთი მშობელი თინეიჯერ შვილების ტანტრუმებზე საუბრობს. როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამას?

დაეხმარეთ მათ ემოციების მართვის სხვადასხვა მეთოდის შესწავლაში, იქნება ეს სასეირნოდ წასვლა, სირბილი, ღრმად სუნთქვა, ხატვა თუ სხვა. მოუფიქრეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სხვადასხვა გზები. თუმცა ბავშვები ვერც ერთ ამ სტრატეგიის გამოყენებას შეძლებენ ტანტრუმის დროს. მისი დასრულების შემდეგ, მშობელს შეუძლია უთხრას: „ძალიან გაბრაზებული იყავი. მომიყევი რა ხდება.“

შეიძლება სასარგებლო იყოს მათ დათრგუნულ ემოციებსა და ტანტრუმს შორის კავშირების ძიება. როგორც წესი, ეს შერეული ემოციებია: ბრაზი, შიში, სევდა, შფოთვა და ა.შ. დაგეხმარებათ იმის გათვითცნობიერებაც, თუ რამდენად განსხვავებული და რთულია ცხოვრება კოვიდ-19-ის დროს. თინეიჯერობის წლები ისედაც რთულია მშობლებისა და შვილებისთვის, რადგან ამ დროს განვითარების ძირითადი ამოცანაა დამოუკიდებლობისკენ დაჩქარებული სვლა - პროცესი, რომელიც ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. ამ პროცესს თან სდევს აღტაცება, ტკივილი, სირთულეები და შფოთვა როგორც მშობლის, ისე მოზარდის მხრიდან.

 

სხვა მშობლები ამჩნევენ, რომ მათი შვილები, რომლებიც დამოუკიდებლად სარგებლობენ ტუალეტით, ახლა ლოგინს ასველებენ. რას ურჩევდით მათ?

ეს რეგრესის ტიპური მაგალითია. დააკვირდით, თუ არსებობს რაიმე სახის ცვლილება სახლში ან სკოლაში, რაც შეიძლება ამაზე გავლენას ახდენდეს. არის თუ არა რამე, რამაც შეიძლება ბავშვში შფოთვა გამოიწვიოს და ეცადეთ დაეხმაროთ თქვენს შვილს. ამ ასაკში, შეიძლება სასარგებლო იყოს ამოსაცმელი საბავშვო საფენის გამოყენება ძილის დროს. დააკვირდით თქვენი შვილის მიერ სითხის მიღებას და შეამცირეთ/შეზღუდეთ ის ძილის წინ პერიოდში. თქვენთვის დაიმახსოვრეთ რამდენჯერ დაგხვდებათ საბავშვო საფენი დილით მშრალი. ეს მოგცემთ იმის ნიშანს, რომ თქვენი შვილის ძილის კონტროლი უმჯობესდება. უთხარით თქვენს შვილს, რომ დაეხმარებით საბოლოო ჯამში პრობლემის დაძლევაში. ამ პერიოდში დაეხმარეთ შვილს გახდნენ უფრო დამოუკიდებლები ჩაცმა-გახდისას, ხელების დაბანისას, ჭამის დროს და მცირე, ასაკისთვის შესაფერისი სამუშაოების შესრულებისას, როგორიც არის მაგალითად მაგიდიდან თეფშების ალაგება (ცხადია, თუ ამის გაკეთება შეუძლიათ). ასაკისთვის შესაბამისი დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, დაეხმარებით ბავშვებს თავდაჯერებულობის გაზრდაში და ტუალეტით დამოუკიდებლად სარგებლობის ყველა ასპექტის დაძლევაში.

 

ბევრ ბავშვზე მოქმედებს „ნორმალური“ სასკოლო, სათამაშო და/ან სასწავლო გარემოს ცვლილება. რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან?

ჩვენ ვიცით, რომ ხშირად ბავშვები აკეთებენ ან იმეორებენ იმას, რასაც უფროსები. ამიტომ, ვფიქრობ, მშობლებმა უნდა დაიწყონ საკუთარი სტრესის მართვა, რადგან ეს საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მათი შვილების კეთილდღეობას. ჩემი შვილები დიდები არიან და ვერც კი წარმოვიდგენ, რასთან გამკლავება უხდებათ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ახლა! მათ უწევთ დაეხმარონ მათ ვირტუალურ სკოლაში, ბევრ მათგანს უწევს ბავშვების სახლში მოვლა და ამავდროულად სამსახურსა და საკუთარ თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ნერვიულობა.

კოვიდის დროს გაძლიერდა მშობლებში დანაშაულის გრძნობა. მშობლები ნერვიულობენ შვილების სოციალური იზოლაციაზე. ისინი ნერვიულობენ შვილების სოციალურ უნარებზე, თამაშის შესაძლებლობებზე და მათ სწავლაზე. ბავშვები კარგად გრძნობენ მშობლის ნერვიულობას, ამიტომ ხშირად ამის შესახებ საუბარი, ბავშვებს ეხმარება ნუგეშის პოვნაში. უთხარით ბავშვებს რაზე ნერვიულობთ მათთვის შესაფერის ენაზე, მაგალითად: „მამიკოს და დედიკოსაც უჭირთ ახლა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ყველანაირად დაგეხმაროთ, ისწავლო და ითამაშო, როგორც გინდა.“

ამ რთულ პერიოდში მშობლები თავს ძალიან მარტოსულად გრძნობენ. ბევრს ეხმარება იმის გაგება, რომ სხვა მშობლებიც განიცდიან მსგავს ემოციებს. მათ ნუგეშს აძლევს იმის ცოდნა, რომ მარტოები არ არიან, მაგრამ სტრესი და შფოთვა შეიძლება მალე დაბრუნდეს, როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მასწავლებლის დავალებას, არ უსმენენ ვირტუალურ გაკვეთილებს და შეიძლება უარს ამბობდნენ ვირტუალურ საკლასო გაკვეთილებზე დასწრებაზეც კი. მე არ მაქვს რამე ჯადოსნური რეცეპტი ამგვარი შემთხვევებისთვის. უბრალოდ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და რომ იგრძნობთ უძლურებას, ბრაზს, დანაშაულის გრძნობას და ნერვიულობას. ეს ნამვილად ძალიან რთულია.

 

ბევრი მშობელი ნერვიულობს, როგორ დაეწევიან მათი შვილები პროგრამას. თქვენი აზრით შეძლებენ ბავშვები ამას?

მე არ შემიძლია ამის წინასწარ განჭვრეტა. იმედით და ბავშვების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, მოტივაციისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ კი - შეძლებენ! თუმცა ამავდროულად, წაუკითხეთ თქვენს შვილებს წიგნები და ეცადეთ, გამონახოთ დროის ერთად გატარების გზები. ისაუბრეთ და იფიქრეთ იმაზე, თუ რა ხდება გარეთ. ითამაშეთ ერთად და ეცადეთ, ერთად ისწავლოთ და გაიზარდოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუკეთესო, რაც შვილს შეიძლება გაუკეთოთ, არის არ მოაკლოთ სიყვარული და ზრუნვა.

 

 რა რჩევას მისცემდით მშობლებს ახლა?

გამაგრდით! ჩვენ ყველანი ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. ყველა მშობელი განსხვავებულია, ამიტომ არ შეადაროთ თავი სხვა მშობლებს ან თქვენი შვილები - სხვის შვილებს. თქვენ იცით თქვენი ფასეულობები, თქვენ იცით, რა გსურთ თქვენი შვილებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პერიოდი გადავიტანოთ.

 


 

ნენსი ქლოუსი, მეცნიერებათ დოქტორი, არის იელის მედიცინის სკოლის ბავშვთა განვითარების კვლევის ცენტრის ასისტენ პროფესო; იელის ადრეული ასაკის ბავშვების განათლების პროგრამის ასოცირებული დირექტორი; ფსიქოლოგიის ლექტორი და MOMS Partnership® და იელის მშობლებისა და ოჯახის განვითარების პროგრამის კლინიკური დირექტორი. მას ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი

ინტერვიუერი მენდი რიჩი, ციფრულიკონტენტის შემქმნელი, UNICEF